შსს: ყინწვისში დაკავებული ჯგუფის მიზანი პროვოკაციების მოწყობა იყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს ყინწვისში დაკავებულ დაჯგუფებასთან დაკავშირებით  დღეს ოფიციალური განცხდება გააკეთა. სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე  დეტექტივმა  გოგა ბუხრაშვილმა განაცხადა, რომ  ყინწვისში შსს-ს თანამშრომლებმა 24-კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება დააკავეს.

შს სამინიტროს ცნობით, ყინწვისში დაკავებულ ”გასამხედროებულ ჯგუფს”   საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და გასამხედროებული დაჯგუფება  „მხედრიონის“ ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი ხელმძღვანელობდა.  „ყინწვისში დაკავებული ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა,” იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ხაჩიშვილი ამჟამად რუსეთში იმყოფება.  გამოძიება აცხადებს, რომ სამართალდამცველებს აქვთ მტკიცებულებები, რომლის მიხედვით იკვეთება, რომ  ამ ჯგუფს ”შეიარაღებული მხარდაჭერა” უნდა აღმოეჩინა 26 მაისს რუსთაველზე ”სახალხო კრების” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის დაშლისას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა ვიდეომასალა, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და სხვა მტკიცებულებები, რომელიც სამინისტროს განცხადებით, ადასტურებს დაკავებულების ბრალეულობას.

დეტექტივ გოგა ბუხრაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებამდე გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებისას ამ ჯგუფმა პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის 5 სამღვდელო პირიც იყო, რომლებიც მალევე გაათავისუფლეს. ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავების ოპერაცია, მონასტერთან ახლოს, ტყეში ჩატარდა.

ბმული ვიდეოს სანახავად

http://www.police.ge/index.php?m=8&newsid=2517  

კომენტარები