რა მოხდა 26 მაისს?

ელიტა და მასა

ქართული საზოგადოება ელიტის მიერ არის მართული. განსხვავებით ევროპული ან ამერიკული საზოგადოებისაგან, რომელსაც აქვს უნარი, გამოიწვიოს საკუთარი ელიტა, ქართული საზოგადოება მას მორჩილად მიჰყვება. 

ამის კარგი, უფრო სწორად კი, ძალიან ცუდი მაგალითი ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც ნინო ბურჯანაძის მიერ გამართულ მიტინგზე მივიდა. ამ ადამიანებმა უარი თქვეს საკუთარ განსჯაზე და ენდნენ ლიდერს, რომელსაც უნდა ჰქონოდა გეგმა, თუმცა მას არ ამხელდა. ეს არაა დასავლურ-დემოკრატიული მიდგომა პოლიტიკისადმი. დასავლეთში ხალხი ქუჩაში გადის, რათა საკუთარი აზრი და ემოცია გამოხატოს. საქართველოში ხალხი გავიდა, რადგან სჯეროდა, რომ ვიღაცამ იცის, როგორ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. ვიღაცამ იცის, ოღონდ არ ამხელს. აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დათანხმდნენ სხვის გეგმაში საზარბაზნე ხორცის როლს. 
 
ასეთი სახის ელიტას – რომელიც, იმის მაგივრად, რომ მას საზოგადოება აკონტროლებდეს, თვითონ აკონტროლებს საზოგადოებას – ხშირად საკუთარი ინტერესი უფრო ამოძრავებს, ვიდრე საზოგადოებრივი. ჰოდა, როდესაც ამ ქვეყანაში ავტონომიური რესურსებით ძალაუფლების (თავიდან) მოპოვების შანსი ქრება, ამ ელიტის ნაწილი თანახმაა, გაურიგდეს უცხო და ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალასაც. მეტიც, პოლიტიკური ელიტის, როგორც მინიმუმ, ერთი ნაწილი ასევე თანახმაა, საზარბაზნე ხორცად გამოიყენოს ის რიგითი ადამიანები, რომლებიც მას ენდობიან. 
ზუსტად ეს იყო, რაც მოხდა 21-25 მაისს. 
 
ა) პოლიტიკური ელიტის ნაწილს მართლაც ჰქონდა გეგმა, ოღონდ ამ გეგმის საჯარო განხილვა არ გამოდიოდა, რადგან მის არსს ძალადობის აქტების საშუალებით საქართველოს საქმეებში რუსული ჯარის ჩარევის პროვოცირება წარმოადგენდა; 
 
ბ) აქციის ლიდერებმა საფრთხის პირველი ნიშნებისთანავე მიატოვეს მომხრეები და გაქცევის სიჩქარეში გადაქელეს ორი ადამიანი. 
 
როგორც დაგეგმვის, ისე მოქმედების დკვროს ამაზე დიდი უფსკრული ლიდერსა და მიმდევრებს, ელიტასა და მასას შორის ძნელი წარმოსადგენია. 
ახლა ხელისუფლების შეცდომებზე გადავიდეთ: 
 
შეცდომა პირველი: ბევრმა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ მიტინგის დაშლისას პოლიციამ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა. მაგრამ დემოკრატიული ქვეყანა ის კი არაა, სადაც პოლიცია უფლებამოსილებას არასოდეს ამეტებს. შეცდომა ხელისუფლებასა და მის ორგანოებს ყველა ქვეყანაში მოსდით, მათ შორის – ყველაზე განვითარებულებშიც. ლიბერალური დემოკრატია იმ ქვეყანაშია, სადაც ძალის გადაჭარბებას იძიებენ და დამნაშავეებს სჯიან. სწორედ იგივე უნდა მოვითხოვოთ ქართული სახელმწიფოსგან, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება საფრთხე ელიტური ჯგუფის ჩამოყალიბებისა, რომელიც უფრო თანასწორია, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები. 
 
შეცდომა მეორე: შსს-მ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ნინო ბურჯანაძე საკუთარ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებზე საუბრობს, მაგრამ ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს იმისათვის, რომ სამართლებრივი პროცედურები დაეწყო მის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. მიზეზი, რატომაც ხელისუფლება პარლამენტის ექსსპიკერის სამართლებრივ დევნას უფრთხის, იმასთან არაა დაკავშირებული, რომ ბურჯანაძის მიმართ მმართველი გუნდის წევრები განსაკუთრებულ სენტიმენტებს განიცდიან. უბრალოდ, რაიმე ნაბიჯი რომ გადადგან ამ მიმართულებით, ეს მათთვის დისკომფორტის წყარო გახდება. თუ მოხდა და ოპოზიციონერი ლიდერი ან მისი ოჯახის წევრები ციხეში აღმოჩნდნენ, მუდმივად იქნება საჭირო თავის მართლება საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, რომლებმაც 25 ივნისის მიტინგი შეაფასეს როგორც „უიარაღო და მშვიდობიანი”. აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები და ორგანიზაციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომლებიც ილაპარაკებენ „პოლიტიკური ნიშნით დაჭერებზე” და „პოლიტიკურ პატიმრებზე”. ამიტომ ქვეყნდება ნებისმიერი პოლიტიკური სისტემისათვის სკანდალური და სკანდალურზე მეტი ჩანაწერები, რომელთაც არ მოსდევს არანაირი სამართლებრივი რეაგირება.
 
სწორედ აქ იკვეთება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ელიტის პასუხისმგებლობის კიდევ ერთი საკითხი. თუ არ მოხდა ბურჯანაძის ოჯახის სამართლებრივი დევნა, გამოვა, რომ ელიტას საქართველოში სრული კარტ-ბლანში აქვს. რიგით ადამიანს შეიძლება თავზე გადაუარონ, მაგრამ მთავარი დამნაშავე ყოველთვის მშრალი ამოვა წყლიდან, გინდა იყოს ხელისუფლებაში და გინდა – არა. ეს კი ძალიან ბევრი არსებითი პრობლემის წყარო ხდება: პოლიტიკურ სისტემაში მუდმივად რჩებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, არაკანონიერი მეთოდებით იბრძოლონ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად; სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ მოტივაცია, იმავე უკანონო და ძალადობრივი ბრძოლის გზას დაადგნენ; გარდა ხელისუფლებისა, ამით სერიოზული პრობლემები ექმნებათ ისეთ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა უფრო ზომიერი და კონსტრუქციული ნაბიჯები რადიკალური ოპოზიციის ფონზე „გარიგებად” და „გაყიდვად” ინათლება; ხდება მოქალაქეთა ნაწილის რადიკალიზაცია მათთვის სწრაფი წარმატების იმედის ჩასახვით; საფრთხე ექმნება დემოკრატიულსა და ლიბერალურ პროცესს, რომელიც აუცილებლად გულისხმობს „დიდ მსვლელობას ინსტიტუტების გავლით”; და ძლიერდება უნდობლობა სამართლებრივი სახელმწიფოს შესაძლებლობის მიმართ, რომელიც ისედაც ძალზე მყარია ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში. ხოლო ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ, დაუსჯელობის ეს განცდა მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს უფსკრულს ელიტასა და მასას შორის. 
 
გარედან და გარეთ
 
ცალკე მინდა გავამახვილო ყურადღება „უიარაღო და მშვიდობიან” მიტინგზე. „უიარაღო და მშვიდობიანი მიტინგი” – ეს ერთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებიდანაა. იმავე ორგანიზაციამ ოსამა ბინ ლადენის მკვლელობაც კრიტიკულად შეაფასა ამ ცოტა ხნის წინ. მე ამ ორ შემთხვევას არანაირად არ ვადარებ ერთმანეთს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ადგილი გვაქვს მორალური შეფასებისა და ინტელექტუალური ანალიზის სერიოზულ პრობლემასთან, რომელსაც ხშირად ვხვდებით პოლიტიკურ აქტივისტებთან, რომლებიც ზნეობრივი განსჯის პრეროგატივას ითვისებენ. მათგან განსხვავებით, საქართველოში მოქმედმა ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო დამკვირვებელმა – დაწყებული აშშ-ის ელჩით და დამთავრებული ევროკავშირის ელჩით – ერთხმად აღნიშნა, რომ მიტინგის მონაწილეთა, როგორც მინიმუმ, ერთი ნაწილის ზრახვები შორს იყო იმისგან, რასაც დემოკრატიული პროცესი მოითხოვს და გაამართლა დემონსტრაციის დაშლა (თუმცა არა ყოველთვის ამ დაშლის მეთოდი). 
 
  სამაგიეროდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აქციის დარბევა და დემოკრატიის არარსებობა საქართველოში. ამ განცხადებებს, თითქმის უნისონში, ანტიამერიკული და ანტიევროპული რიტორიკის ტალღა მოჰყვა ჩვენი ქვეყნის შიგნით. აქაც სახეზე გვაქვს ელიტის პრობლემა, რომლის ნაწილიც ბოლო პერიოდში სრულიად ცნობიერად აღვივებს ანტიდასავლურ სენტიმენტებს, რადგან ჰგონია, რომ რუსეთთან მიერთებულ საქართველოში ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, ვიდრე აშშ-ის მოკავშირე საქართველოში გრძნობს. ეს ყოველივე არის მცდელობის ნაწილი, საქართველოს დემოკრატიული მომავალი და საქართველოს დასავლური ორიენტაცია ერთმანეთს დააშორონ. არგუმენტაცია ასეთია: მთავარია ქვეყანა დემოკრატიული იყოს და მერე რა გზას აირჩევს, უკვე მისი საქმეაო. მაგრამ ეს „დემოკრატიული” გზა ვიღაცებმა უკვე დღეს აირჩიეს და  აქციებს აწყობენ აშშ-ის საელჩოს წინ. 
 
თითქოს ყველაფერი ნათელზე ნათელი უნდა იყოს: საქართველოს დასავლური არჩევანი და საქართველოს დემოკრატიული არჩევანი ერთი და იგივეა. დასავლური არჩევნის გარეშე არ არსებობს არც უსაფრთხოების, არც ეკონომიკური განვითარების, არც პოლიტიკური ბალანსის, არც სამეცნიერო-ტექნიკური დახმარების წყაროები. მაგრამ სწორედ ამ სინათლეს უტრიალებს ირგვლივ ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის ერთი ნაწილი და ცდილობს, რაღაც უცნაური კონსტრუქტი ჩაუნერგოს თავში მასებს – თითქოს შესაძლებელია იყო დემოკრატიული, ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული და არალიბერალური სახელმწიფოს ძალაუფლების ქვეშ. ზოგი ამას აკეთებს ღიად, ზოგიც – ჯერ კიდევ შეფარვით. უკანასკნელი დღეების მოვლენების ფონზე ამ ანტიდასავლურმა ფრონტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჩამოყალიბების პროცესში. 
 
რევოლუცია და კონსტიტუცია
 
რევოლუციური ციკლი ჩვენს ქვეყანაში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასრულდა. მიუხედავად სერიოზული დარღვევებისა არჩევნების პროცესში, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ოპოზიციამ კატასტროფულად წააგო. ამის შემდეგ პოლიტიკური პროცესი შეიძლება სხვა, უფრო კონსტრუქციული მიმართულებით წასულიყო, რომ არა ომი. ომის შემდეგ რევოლუციონერებს კიდევ ერთი იმედი გაუჩნდათ, რომელმაც ახლა უკვე 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე გაძლო. ამ არჩევნების კიდევ არანაკლებ კატასტროფულმა შედეგებმა ოპოზიციის რევოლუციური გეგმები ისევ რევოლუციური ოცნებებით შეცვალა.  
 
თანაც ამ რევოლუციური პროცესის დასრულების პარალელურად დაიწყო სხვა პროცესი – კონსტიტუციის შეცვლისა. ნელ-ნელა გასაგები გახდა, რომ ახალი კონსტიტუცია იქნებოდა ის ჩარჩო, რომლის შიგნითაც განვითარდებოდა მოვლენები უახლოეს წლებში. 
 
 2011 წლის მაისის გამოსვლები ხელოვნური მცდელობაა რევოლუციური სულისკვეთების რეანიმაციისა. ამჯერად საბაბს არაბულ-აფრიკული რევოლუციები წარმოადგენდა, რომელთა ალის გადმოდებასაც ვიღაცები იმედის თვალით უყურებდნენ. ამიტომაც სულაც არ გამკვირვებია, ნინო ბურჯანაძის ფარულ ჩანაწერებში რამდენჯერმე ეგვიპტურმა პარალელმა რომ წამოყო თავი. მაგრამ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ ტუნისი-ეგვიპტე-ლიბია არაა ადეკვატური მოდელები დღევანდელი საქართველოსთვის. ამიტომ არც მათი მიბაძვა გამოვიდა. პროცესი, რომელსაც დასაწყისში ცოტა აკლდა ტრაგედიამდე (2007 წელი) და რომელიც დასრულდა როგორც ფარსი (2009 წელი), 2011 წელს უკვე იქცა სულის მიღმური სამყაროდან გამოხმობის, ერთსა და იმავე დროს, ბოროტ და კარიკატურულ მცდელობად. 
 
ახლა რევოლუციური ციკლის დასრულების ან, სულ ცოტა, შეჩერების პირობებში ვართ. გზა, რომელიც ჩვენ წინაშეა, მდგომარეობს იმის გაგებაში, ექნება თუ არა შედეგი არარევოლუციურ პოლიტიკურ პროცესს. ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში დემონსტრაციები და მიტინგები არ უნდა გაიმართოს. სულ პირიქით. მაგრამ ეს გულისხმობს იმას, რომ გადამწყვეტი არჩევნის გაკეთება არჩევნებზე უნდა მოხდეს და არა – ქუჩაში. ხოლო მთავარი, რასაც საზოგადოება ამ პროცესიდან ელის, შემდეგია: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. აქცენტი ორივე სიტყვაზეა: „მშვიდობიანი” და „გადაცემა”. 
 
მაინც რომ დავაზუსტოთ: „მშვიდობიანი” გამორიცხავს სისხლისღვრას, ხოლო „გადაცემა” არამც და არამც არ გულისხმობს ხელისუფლების სხვა ქვეყნისთვის გადაბარებას. 

კომენტარები