ევროსასამართლო: ხოდორკოვსკი პოლიტიკურად არ იდევნებოდა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის  წინააღმდეგ პირველი საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ  ბიზნესმენის დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნისას დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მრავალი მუხლი, თუმცა საქმეში ხელისუფლების პოლიტიკური მოტივაცია ვერ დაინახა. სასამართლომ განაცხადა: “ მართალია, საქმეში არსებული გარკვეული გარემოებები იწვევს ეჭვებს იმის შესახებ, თუ რა იყო ხელისუფლების მიერ ხოდორკოვსკის სამართლებრივი დევნის რეალური მოტივაცია, თუმცა უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის გამო  სასამართლომ ხელისუფლების მხრიდან   პოლიტიკური მოტივებით მისი დევნა ვერ დაადგინა.” ხოდორკოვსკის დაპატიმრებისა და მისი პატიმრობაში ყოფნისას  ადამიანის უფლებათა კონვენციის სხვადასხვა მუხლის დარღვევისთვის ევროსასამართლომ რუსეთს მოსარჩელის  სასარგებლოდ 24, 5 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხოდორკოვსკის ადვოკატებმა  შვიდი წლის წინ შეიტანეს.

ევროსაბჭოს  გენერალური მდივნის,  ტორბიორნ იაგლანდის თქმით,  ევროსასამართლოს ვერდიქტი   ხოდორკოვსკის სასამართლო პროცესისთვის ”მნიშვნელოვანი მოვლენა” იქნება.

რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ კი განაცხადა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც განაჩენი ოფიციალურად შევა ძალაში. თუ მხარეები ვერდიქტს სამი თვის განმავლობაში ევროსასამართლოს დიდ პალატში არ გაასაჩივრებენ, ის ძალაში შესულად ჩაითვლება. 

 „მოსკოვის ჰელსინკის კავშირმა“ კი ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ხოდორკოვსკის საქმეში ხელუფლების პოლიტიკური მოტივაციის მტკიცებულებები ვერ დაინახა. „ჩვენ ვხედავთ ამ საქმეში პოლიტიკურ მოტივს, თუ ისინი ვერ ხედავენ ან სათვალე გაიკეთონ ან გამადიდებლი შუშა მოიშველიონ,“ განაცხადა საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსთან საუბრისას  „ჰელსინკის კავშირის” ხელმძღვანელმა ლუდმილა ალექსეევამ.

თავად ხოდორკოვსკის ადვოკატმა აღნიშნა, რომ სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავს, როდესაც სტრასბურგში ხოდორკოვსკისა და ლებედევის მეორე საქმის განხილვა მოხდება. 

ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ,  Amnesty International-მა  ხოდორკოვსკი და ლებედევი,  მათ წინააღმდეგ აღძღული სისხლის სამართლის მეორე საქმის გამო, სინდისის პატიმრებად აღიარა. 

კომენტარები