ჩერქეზთა გენოციდის 150-წლიანი ისტორია

„მე-19 საუკუნეში, რუსეთ-კავკასიის ომის დროს, რუსეთის იმპერიის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ საგანგებოდ იქნა წინასწარ დაგეგმილი, ხოლო შემდგომ განხორციელებული ჩერქეზული ტერიტორიების ეთნიკური ნიშნით წმენდა. ჩერქეზებისაგან დაცარიელებულ ადგილებში კი სპეციალურად ჩაასახლეს კაზაკები და რუსები, როდესაც მრავალჯერადი სადამსჯელო, სამხედრო ექსპედიციების შედეგად ფიზიკურად იქნა განადგურებული, ან სამშობლოდან განდევნილი მილიონ ნახევრამდე ჩერქეზული მოსახლეობის 90%-ზე მეტი. ირკვევა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული დამპყრობლური ომების პერიოდში ჩერქეზი ხალხის გენოფონდის საერთო დანაკარგმა, მოკლულის სახით შეადგინა ამ ხალხის მთლიანი მოსახლეობის 20%-ზე ბევრად მეტი. ამიტომაც, ამ ქმედებებს ჩვენი მხრიდან ეძლევა აშკარად გამოკვეთილი გენოციდის კვალიფიკაცია, ვინაიდან კვალიფიკაციის და განმარტების ყველა სახეობით, როდესაც იღუპება მოსახლეობის 20%-ზე მეტი, ის გახლავთ აშკარად გამოხატული გენოციდი”, – ეს იმ სამეცნიერო ნაშრომის დასკვნაა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ, მეფის რუსეთის მხრიდან ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას უძღოდა წინ. 

20 მაისს პარლამენტმა დაადგინა, რომ ჩერქეზები მასობრივად გაანადგურეს და  ისტორიული სამშობლოდან გააძევეს. ეს ფაქტი გენოციდად ჰააგის – სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების დაცვის შესახებ – კონვენციისა და გაეროს –  გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ – კონვენციის თანახმად ცნო. გარდა ამისა, პარლამენტმა რუსეთ-კავკასიის ომის დროს და მის შემდეგ სამშობლოდან განდევნილი ჩერქეზები ლტოლვილებად აღიარა – ეს უკანასკნელი გაეროს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციის შესაბამისად. 

ამით საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა. ჩერქეზთა დიასპორამ, ქვეყნის პარლამენტს თხოვნით ერთი წლის წინ ოფიციალურად მიმართა და მას შემდეგ ამ საკითხზე მუშაობდნენ. რეზოლუციის მიღების მოტივად, პარლამენტში ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯის გადადგმა და კავკასიელი ხალხის მხარდაჭერა გამოცხადდა. 

პარლამენტში ამ აღიარების სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან პირდაპირ კავშირს უარყოფენ. თუმცა, ფაქტია, რომ ქართველთა და ჩერქეზთა ინტერესები აქ ერთმანეთს ემთხვევა – ოლიმპიური ქარტია კრძალავს თამაშების იმ ადგილას ჩატარებას, სადაც გენოციდი განხორციელდა. ისტორიული წყაროები კი გვამცნობენ, რომ სწორედ თანამედროვე სოჭია ის ადგილი, სადაც ჩერქეზებსა და მეფის რუსეთის არმიას შორის უკანასკნელი ბრძოლა გაიმართა. 2014 წელს ამ ბრძოლიდან 150 წელი შესრულდება. უამრავი ჩერქეზი აქტიურად ეწინააღმდეგება ამ მიწაზე ოლიმპიადის  გამართვას. რაც შეეხება საქართველოს, მისთვის ეს აფხაზეთის ოკუპაციის საკითხს უკავშირდება. პუტინის პირად პროექტად მონათლული ოლიმპიადის გამო, აფხაზეთიდან ხრეში, ქვიშა, ხე-ტყე და სხვა მასალა უკანონოდ გააქვთ. ეს აფხაზეთის ბუნებას დიდ ზიანს აყენებს და შესაძლოა, ეკოლოგიურ კატასტროფამდეც მიიყვანოს. თუ საქართველოსთან ერთად გენოციდს სხვებიც აღიარებენ, არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიადის სოჭში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ჩერქეზთა გენოციდის აღიარება აფხაზეთის საკითხს კიდევ ერთი რამით უკავშირდება. აფხაზები ჩერქეზებს მოძმე ხალხად მიიჩნევენ – ჩერქეზთა ნაწილი ქართულ-აფხაზური ომისას აფხაზების მხარესაც იბრძოდა და შემდეგაც მათ მისწრაფებებს უჭერდა მხარს. ჩერქეზებთან ურთიერთობების დათბობამ, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, მომავალში პოზიტიური როლი შეიძლება შეასრულოს. 

 ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარება, საქართველოს ახალწამოწყებული, ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის ფარგლებში თავსდება. ქვეყნის მთავრობა, ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის იდეაზე, ბოლო პერიოდია, აქტიურად  საუბრობს. 2010 წელს ხელისუფლებამ ჩრდილოკავკასიელთათვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმიც დააწესა. ამის შემდეგ, საქართველოს საზღვარს, მხოლოდ ლარსზე, დღეში 700-მდე ადამიანი კვეთს. გენოციდის აღიარებით კი ის ჩრდილოკავკასიელი ხალხის მიმართ განხორციელებულ უსამართლობაზე მიუთითებს. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი, ჩეჩნების გენოციდის შესაძლო აღიარების საკითხსაც იხილავს. 

რამდენად აღიარებენ ჩერქეზების გენოციდს სხვები რეგიონში, სადაც რუსეთია დომინანტი, რთული სათქმელია. ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქართველოს მაგალითს, უახლოეს მომავალში მაინც, ვინმემ მიბაძოს. იმის წინასწარმეტყველებაც რთულია, საერთაშორისო ასპარეზზე ჩერქეზებს რა მხარდაჭერა ექნებათ. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ქართველებს ახლო მომავალში ბალტიისპირეთის სახელმწიფოები შეუერთდნენ.

საქართველო პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ჩერქეზთა გენოციდი აღიარა. თუმცა, აქამდე ამ ფაქტზე არაერთი მკვლევარი და მეცნიერი საუბრობდა. მიუხედავად ამისა, ჩერქეზების ისტორია მსოფლიოში ცოტამ თუ იცის. თანამედროვე ევროპის პირველ გენოციდად შეფასებული ფაქტი ახლოსაც ვერ მივა, მაგალითად, ჰოლოკოსტის ცნობადობასთან და კითხვაც – ვინ არიან ჩერქეზები? – მათი ისტორიის მოსმენისას ხშირად ისმის.

დასაწყისისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში 700 ათასამდე ჩერქეზი, იგივე ადიღეელი, ცხოვრობს. ეს, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გაფანტული დანარჩენი ჩერქეზების დაახლოებით 10%-ია. ყველაზე მეტი მათგანი – 2 მილიონამდე – თურქეთში ცხოვრობს. სხვები ძირითადად – იორდანიაში, ისრაელში, ეგვიპტეში, სირიაში, ლიბანში, ლიბიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში – არიან განაწილებულნი. მათი ნაწილი თავს ადგილობრივად თვლის, ზოგში კი ჩერქეზული იდენტიფიკაცია კვლავ შემორჩენილია.

თანამედროვე რუკაზე ჩერქეზეთს ვერ იპოვით. სახელწოდებით მასთან ყველაზე ახლო მყოფი, ყარაჩაი-ჩერქეზეთია, რომელიც ჩერქეზთა ისტორიულ საცხოვრებელს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება. აქ, თავის დროზე გასახლებული ჩერქეზების შთამომავლები, დღესდღეობით, მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს თუ შეადგენენ.

 სამაგიეროდ, ძველ რუკებზე, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისის რუსეთს გვიჩვენებს, ჩერქეზეთი მკვეთრადაა მოხაზული – ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მათზე ძველ – ფრანგი, ინგლისელი, ამერიკელი და ჰოლანდიელი მოგზაურების – წიგნებშიც ამოიკითხავთ. სანამ მეფის რუსეთი დაიპყრობდა, ისტორიულ ჩერქეზეთს 55 663 კვადრატული კილომეტრი ეკავა და მისი მკვიდრი მოსახლეობა დაახლოებით 1,5 მილიონი იყო. პოლიტიკურად ერთიანი არასოდეს ყოფილა, თუმცა მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ.

ბიზანტიელების გავლენით ჩერქეზები დაახლოებით V-VI საუკუნეებში გაქრისტიანდნენ. ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ისლამი ძლიერდებოდა, კარგა ხანს დარჩნენ მუსლიმური და არაბული გავლენისგან თავისუფალი. ისლამზე მხოლოდ XVIII საუკუნეში მოექცნენ, იმ მოტივით, რომ მუსლიმებთან ალიანსი ჩამოეყალიბებინათ და რუსეთისგან თავი დაეცვათ. 

ჩერქეზები ერთი საუკუნის მანძილზე ებრძოდნენ რუსებს – 1763 წლიდან 1864 წლამდე – უფრო მეტხანს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ჩრდილოკავკასიელი, მათ შორის, ჩეჩნები. XVIII საუკუნის სამოციან წლებში, რუსეთის მთავრობამ ტერიტორიის ჩერქეზებისგან დაცლა და მათი სხვადასხვა ადგილებში გადასახლება (ძირითადად, თურქეთში) გადაწყვიტა. რუსებმა სოფლების გადაწვა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს. ხალხს გემების მეშვეობით ასახლებდნენ – ზოგზე იმდენ მგზავრს სვამდნენ, რომ სიმძიმისგან იძირებოდა. თუმცა, არც გადარჩენილებს ელოდათ ნაკლები უბედურება – თურქეთში შიმშილობა და უამრავი ეპიდემია დახვდათ. 

რუსეთის მოტივაცია, ყირიმის ომის შემდგომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება იყო. ამით მომავალში რაიმე მსგავსი საგარეო ინტერვენციის თავიდან აცილებას ცდილობდა. თვითონ რუსეთის შიგნით კი ეს ადამიანები ისე გაანაწილეს, როგორც კუნძულებზე და ყველგან უმცირესობაში ამყოფეს. ნაყოფიერ მიწებზე, მათ ნაცვლად, სხვები ჩაასახლეს. ჩერქეზები გაფანტეს, რომ საერთო ჩერქეზული ეთნიკური იდენტობა შესუსტებულიყო, ან სრულად გამქრალიყო.

ნაციონალისტური გამოღვიძების პერიოდი, უკვე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ დაიწყო. უფრო სწორად, პერესტროიკის დროს გაძლიერდა და პიკს ბორის ელცინის პრეზიდენტობისას მიაღწია. ამ დროს და შემდეგაც რუსეთმა გენოციდის აღიარებაზე უარი თქვა. 2006 წელს დიასპორის წარმომადგენელმა აქტივისტებმა, გენოციდის აღიარების თხოვნით ევროპარლამენტსაც მიმართეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. 

დღესდღეობით, ნაციონალური იდენტობის გაძლიერებაში დიდ როლს ინტერნეტი თამაშობს – სწორედ ისაა ხიდი სხვადასხვა ქვეყნებსა და დასახლებებში გაფანტული ჩერქეზებისთვის. ახალი თაობის აქტივისტები მას განსაკუთრებით ინტენსიურად იყენებენ. ჩერქეზულ ფორუმებზე,

ქართველებისადმი, გენოციდის აღიარების გამო, უამრავ სამადლობელ სიტყვას წაიკითხავთ. მაშინ, როდესაც ჩერქეზები ზეიმობენ, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთში ბრაზობენ. კონსტანტინ კოსაჩევმა – რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ ქართველებს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ და ამ ხალხის ტრაგიკული ბედი მათ არ ანაღვლებთ. კოსაჩევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართული მხარის მიზანი, რუსეთის ანტაგონიზება და მისი იმ ხალხის უბედურების წყაროდ წარმოჩენაა, რომლებიც იქ საბჭოთა კავშირამდე და მის დროს ცხოვრობდნენ. სხვებმა რუსეთში ეს ფაქტი „იდეოლოგიურ დივერსიადაც” შეაფასეს.

იმავე ფორუმებზე, ჩერქეზები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მაგალითს სხვებიც მიბაძავენ. დიასპორის წარმომადგენლებს ახლა სოჭის ოლიმპიადა აერთიანებთ, რადგან მიაჩნიათ, რომ მათი წინაპრების გაჟლეტის ადგილას ზამთრის თამაშების გამართვა დაუშვებელია. რამდენად თანაუგრძნობს მათ თანამედროვე მსოფლიო, მომავალი გვიჩვენებს. 
 

კომენტარები