ტექნოლოგიური მზაობა მსოფლიოსა და საქართველოში

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, გლობალური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უახლესი 2010-2011 წლის საიუბილეო (10 წელი) ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ტექნოლოგიურ მზაობას სამი ძირითადი პრინციპის მიხედვით აფასებს: რამდენად მომწიფებულია ქვეყნის ზოგადი გარემო ინოვაციისა და ინტერნეტტექნოლოგიებისთვის, ტექნოლოგიური მზაობის მიღწევის პროცესში რამდენად ჩართულია მთავრობა, ბიზნესსექტორი და საზოგადოება და რამდენად იყენებს ქვეყანა ინტერნეტტექნოლოგიებს ყოველდღიური საქმიანობისას. 
საქართველო ამ ანგარიშში 138 ქვეყანას შორის 98-ე ადგილზე მოხვდა. ქვეყნის ძლიერი მხარეებია: ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დრო (მე-3 ადგილი) და პროცედურების რაოდენობა (მე-7 ადგილი), საგადასახადო წნეხი (მე-8 ადგილი), წერა-კითხვის ცოდნა (მე-3 ადგილი), სახელმწიფო რეგულირების ტვირთი (მე-3 ადგილი) და კონტრაქტის აღსრულების მოკლე პერიოდი (მე-11 ადგილი) საქართველო ინტერნეტ და სატელეფონო კომუნიკაციის მიხედვით მაღალი კონკურენციის მქონე ქვეყნების (მათ შორის, მსოფლიოს ტოპ ცხრა ქვეყანა, ევროპის უმეტესი ქვეყნები, იაპონია) ჯგუფში შედის. ამ კომპონენტების მიხედვით საქართველო, საშუალოდ, ყველა თავის მოსაზღვრე მეზობელს – სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი – სჯობნის. 

ყველა დაბალი შემოსავლების მქონე ეკონომიკა 97-ე ადგილის მიღმაა. გამოჩნდა მხოლოდ ორი გამონაკლისი: გამბია (76-ე ადგილი) და კენია (81-ე ადგილი). მდიდარი ქვეყნების შემთხვევაში კორელაცია ასეთი ნათელი არ არის. მაგალითად, შვედეთს და ქუვეითს მშპ ერთ სულზე თანაბარი აქვთ, თუმცა ტექნოლოგიების ათვისების და დანერგვის კუთხით მათ შორის მთელი 2-პუნქტიანი სხვაობაა. 

გლობალური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ანგარიში აჩვენებს, რომ მდიდარ ქვეყნებში, ღარიბ ქვეყნებთან შედარებით, ტექნოლოგიური ევოლუცია სწრაფად და წარმატებით მიმდინარეობს. ტოპ ოცეულში ექსკლუზიურად მხოლოდ მაღალშემოსავლიანი, კარგად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები მოხვდნენ. თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც: მალაიზია (28-ე ადგილი) ერთადერთი დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა, რომელიც ოცდაათ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის მოხვდა. მეორე მხრივ, ქუვეითი (75-ე ადგილი) მაღალი შემოსავლების ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ორმოცდაათეულშიც კი ვერ შევიდა. 

მსოფლიოში გლობალური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებული 5 სახელმწიფოა: შვედეთი, სინგაპური, ფინეთი, შვეიცარია და აშშ. ყველა ამ ქვეყანას მისთვის დამახასიათებელი უნიკალური მახასიათებელი გააჩნია: შვედეთში საუკეთესო კლიმატია შექმნილი ტექნოლოგიების ათვისების მხრივ. სინგაპურში საუკეთესოდ არის განვითარებული პოლიტიკური და მარეგულირებელი გარემო, ეფექტიანი და გამჭვირვალე ადმინისტრირებით და ბიზნესზე მორგებული კანონმდებლობით. ფინეთს  საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის აუცილებელი კარგად გამართული ინფრასტრუქტურა და მაღალი დონის პროგრამული უზრუნველყოფა აქვს. შვეიცარია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ძლიერი ნოვატორია. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი კვლევაზე ორიენტირებული გარემო გამოარჩევს: ბიზნესსა და სამეცნიერო წრეებს შორის მჭიდრო კავშირია და, ზოგადად, როგორც მთავრობა, ისე საზოგადოება, საინფორმაციო ტექნოლოგიებს აქტიურად მოიხმარს. 

 განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი განსხვავება გლობალური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდივიდუალური მოხმარების მხრივაა. განვითარებად ქვეყნებში მობილური ტელეფონების ათვისების მზარდი ტემპი შეინიშნება, თუმცა კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტხელმისაწვდომობის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზე რჩება და ამდენად, გლობალური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ანგარიშში ამ ქვეყნების ქულას ამცირებს. განსხვავდება ციფრული ტექნოლოგიების ათვისების და ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპიც. 

როგორც კვლევა აჩვენებს, ასეთი განსხვავებები ქვეყნის ზომაზე დამოკიდებული არ არის. კვლევა არ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ, რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო ადვილი უნდა იყოს მთელი ტერიტორიის ტექნოლოგიურად უზრუნველყოფა. ანგარიშის მიხედვით, დიდი ბაზარი დამატებითი უპირატესობების მატარებელია: მეტი ეკონომიკური აქტივობა და ნოვატორული მიდგომების კვლევისა და დანერგვის უფრო მეტი საშუალება.

ფაქტია, რომ დღეს ინტერნეტის გარეშე მსოფლიოს წარმოდგენა, უბრალოდ შეუძლებელია. გლობალურმა საკომუნიკაციო საშუალებებმა და განსაკუთრებით, ინტერნეტმა უკვე შეცვალეს მსოფლიო. ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენი ცხოვრების ტრანსფორმაცია გაცილებით სწრაფად და გლობალურად გაგრძელდეს. 

კომენტარები