ჰაკერების მტკიცებით, Sony-ს ქსელი კიდევ ერთხელ გატეხეს

ჰაკერთა ჯგუფი Lulz Security ამტკიცებს, რომ მათ კომპანია Sony-ს სათამაშო ქსელის გატეხვა და მილიონზე მეტი მომხმარებლის პაროლის, საფოსტო მისამართის და სხვა პირადი მონაცემის მოპოვება შეძლეს. Lulz Security-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფის წევრებმა იმ სერვერებში შეაღწიეს, რომლებზეც ვებ გვერდი SonyPictures.com მუშაობს. გასულ აპრილს ჰაკერებმა Sony PlayStation-ის ქსელი გატეხეს და 77 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების მოპარვა შეძლეს. აპრილში განხორციელებული კიბერ თავდასხმის შემდეგ Sony PlayStation-ის და კომპანიის სხვა სერვისების ქსელი ერთ თვეზე მეტ ხანს დახურული იყო. მაშინ ჰაკერების მიერ მოპარულ მონაცემთა ჩამონათვალში მომხმარებელთა საცხოვრებელი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, ქსელში შესასვლელი პაროლი და საკრედიტო ბარათების მონაცემებიც იყო.

მომხმარებელთა განსაკუთრებული უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ Sony-მ ჰაკერული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლებს რამდენიმე დღის დაგვიანებით მიაწოდა. უკმაყოფილო მომხმარებლების ნაწილმა Sony-ს ოფიციალურ ბლოგზე კრიტიკული შინაარსის კომენტარები დატოვა.

კომპანია Sony აცხადებს, რომ Lulz Security-ს განცხადებასთან დაკავშირებით შიდა გამოძიება უკვე დაწყებულია. 

კომენტარები