ფეხბურთი და ერთგულება

რაც უფრო დიდი და სახელოვანია გუნდი, მით მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ქომაგი თავისი დანაზოგით, უხეშად რომ ვთქვათ, კლუბს ფინანსურად აძლიერებს, გუნდი კი ყველანაირად ცდილობს, ადამიანს, რომელიც ბილეთის გარდა, სტადიონზე უამრავ რამეში ხარჯავს ფულს, მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნას და შინ ნასიამოვნები გაუშვას.

ბევრი გულშემატკივარი ესწრება მატჩებს? თუ კი, შემოსავალიც დიდია და ასეთ შემთხვევაში კლუბი ფინანსური წარმატებისთვისაა “განწირული”.

მაგრამ მხოლოდ ფული რომ არაფერს ნიშნავს, ამ წერილითაც მიხვდებით: არაერთი კლუბი, რომელიც მუდმივად სავსე ტრიბუნების წინ თამაშობს, ჩემპიონობისთვის ვერ იბრძვის. ეგ კი არა, რამდენიმეს მთავარი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა.

საინტერესოა, რომელი კლუბების საშინაო მატჩებს ესწრებოდა ყველაზე მეტი მაყურებელი? სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ტაბულა ევროპის 15 საუკეთესო სტადიონის ჩამონათვალს გთავაზობთ.

1.კამპ ნოუ 
(ბარსელონა)
საშუალო დასწრება 79.458

ბარსელონა ბოლო წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, 2008-09 წლების სეზონიდან დაწყებული, უკვე 9 ტიტულს მოუყარა თავი და სულაც არაა გასაკვირი, რომ კამპ ნოუ თითქმის ყოველთვის სავსეა.

2008 წელს ბარსელონას ხელმძღვანელობამ დაამტკიცა კამპ ნოუს რეკონსტრუქციის პროექტი: ტევადობა 106 ათასამდე გაიზრდება, დამონტაჟდება მოძრავი სახურავი, ტრიბუნებზე ასასვლელად გაკეთდება ლიფტები და ესკალატორები, სტადიონის პრეს-ლოჟა კი თითქმის ორჯერ გაიზრდება.

2.სიგნალ იდუნა პარკი
(დორტმუნდის ბორუსია) – 78.802

მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატისთვის დორტმუნდში აგებული ვესტფალენშტადიონი 90-იანი წლების მიწურულამდე პირვანდელ სახეს ინარჩუნებდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში ბორუსიას ტრიუმფის შემდეგ – 1997 წელს – კლუბის მესვეურებმა არენას სახე შესამჩნევად უცვალეს.

დღეს გერმანიის ჩემპიონის საშინაო სარბიელი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, ჟურნალისტები კი მას გერმანული ფეხბურთის ოპერას უწოდებენ.

3.ოლდ ტრაფორდი
(მანჩესტერ იუნაიტედი) – 74.978

მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მფლობელი გლეიზერების ოჯახი ყოველი სეზონის წინ აძვირებს აბონემენტის ფასს, ოლდ ტრაფორდი კვლავაც ბრიტანეთის ლიდერია გულშემატკივართა დასწრების მხრივ.

წლის დასაწყისში გავრცელდა ხმები, რომ კლუბი სამხრეთ ტრიბუნის ტევადობის გაზრდას გეგმავს და საამისოდ 100 მილიონ გირვანქამდე თანხის დახარჯვას აპირებს, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

4.სანტიაგო ბერნაბეუ
(რეალი) – 71.533

რეალის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 2000-2005 წლებში სანტიაგო ბერნაბეუს 127 მილიონი ევრო დაახარჯა: გადიდდა აღმოსავლეთი ტრიბუნა, საკონფერენციო დარბაზმა და ვიპ-ლოჟებმა ულტრათანამედროვე სახე მიიღო, დამონტაჟდა ლიფტები და ესკალატორები, მთლიანად შეიცვალა აუდიოსისტემა და გაიხსნა საკლუბო რესტორანი.

პერესი მოძრავი სახურავის დამატებასაც აპირებდა, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ამ პროექტზე დროებით უარი თქვა.

5.ალიანს არენა
(ბაიერნი) – 69.000

გაისად ალიანს არენა ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს.

ის ფეხბურთის ისტორიაში პირველი სტადიონი-ქამელეონია: როცა ბაიერნი თამაშობს, არენა წითლადაა შეფერილი, მიუნხენ 1860-ის მატჩების დღეს ლურჯად ანათებს, ბუნდესნაკრების სტუმრობისას კი მთლიანად თეთრია.

2007 წელს მიუნხენ 1860-მა თავისი წილი 11 მილიონ ევროდ დაუთმო ბაიერნს. სხვათა შორის, პირველთა თითქმის მთლიანი ხელმძღვანელობა ქრთამის აღების გამო დააკავეს: პრეზიდენტ კარლ-ჰაინც ვილდმოზერს, მის ვაჟს და ორ თანაშემწეს ავსტრიული სამშენებლო ფირმისგან, საერთო ჯამში, 2.8 მილიონი ევროს მიღება დაუმტკიცდათ.

6.ველტინს არენა
(შალკე 04) – 61.364

გელზენკირხენის მთავარმა კლუბმა ახალი სტადიონი ძველის, პარკშტადიონის გვერდით ააგო. შარშან ველტინს არენას სახურავი დიდთოვლობის გამო დაზიანდა: თითქმის 150 კვადრატული მეტრი შესაცვლელი გახდა.

დასწრების ზრდა კლუბზეც სათანადოდ აისახა: სეზონის წინ გუნდმა ლიგის თასი მოიგო, ახლახან გერმანიის თასი, ამავდროულად კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც იასპარეზა.

2010 წელს აქვე გაიმართა ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი გერმანიის და ამერიკის ნაკრებებს შორის. თამაშს 77.803 მაყურებელი დაესწრო, ეს კი ჰოკეისთვის მსოფლიო რეკორდია!

7.ემირეითსი
(ლონდონის არსენალი) – 60.018

90-იანი წლების დასაწყისში არსენალის სარბიელი ჰაიბერი ვეღარ აკმაყოფილებდა დროის მოთხოვნებს – მხოლოდ 38 ათას გულშემატკივარს იტევდა. და რადგან სტადიონის გარშემო სახლები და რკინიგზა იყო, შენობა არც რეკონსტრუქციას ექვემდებარებოდა.

თავდაპირველად არსენალს უემბლიზე დამკვიდრება სურდა, მაგრამ საბოლოოდ მშობლიურ რაიონს ისლინგტონს უერთგულა – ახალი სტადიონი, რომლის ასაგებად კლუბმა 470 მილიონი გირვანქა დახარჯა, ჰაიბერიდან რამდენიმე ასეულ მეტრშია.

სახელი? ემირეითს ეარლაინმა სამი წლის წინ 100 მილიონი ევრო გადაიხადა, კლუბთან 15-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაშიც შევიდა.

8.ჯუზეპე მეაცა
(მილანის ინტერი) – 59.018

ჯუზეპე მეაცა და სან სირო ერთი და იმავე სტადიონის სახელებია. თუ ინტერი თამაშობს, სტადიონი ჯუზეპე მეაცად მოიხსენიება, მილანის ასპარეზობისას კი ოქმებში სან სირო იწერება.

ინტერი ამ სარბიელზე იტალიის 7-გზის ჩემპიონის რანგში გადავიდა. ახლა შავ-ლურჯების აქტივში 18 სკუდეტოა!

სან სირო იტალიის საუკეთესო სტადიონად ითვლება, სადაც ხშირად თამაშობს სკუადრა აძურა. მიუხედავად ამისა, დასწრების ასეთი მაჩვენებელი მაინც უკეთესის სურვილს ტოვებს.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ეს სტადიონი ერთადერთია იტალიიდან, რომელიც ჩვენს სიაში მოხვდა. ჩანს, აპენინის ნახევარკუნძულზე ინფრასტრუქტურის მხრივ დიდი პრობლემები აქვთ.

9.იმტექს არენა
(ჰამბურგი) – 54.185

სტადიონი ვოლკსპარკის ადგილზე 1998 წელს ააგეს: ძველი სარბიელი მთლიანად დაანგრიეს, ახალი კი 90 გრადუსით შეატრიალეს, რათა დღის სინათლე მაქსიმალურად გამოეყენებინათ.

თავდაპირველად სტადიონს აოლ არენა ეწოდა – კომპანიამ საამისოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადა, მომდევნო სამი წელი მას ნორდბანკი ერქვა, შარშან კი იმტექს არენა დაერქვა.

სტადიონი უეფამ 5 ვარსკვლავით შეაფასა, შარშან კი ევროპის ლიგის პირველი ფინალიც ანდო. ჰამბურგს საშინაო ევროფინალამდე სულ ცოტა დააკლდა – ნახევარფინალში ფულემთან დამარცხდა.

2008 წლის შემოდგომით სტადიონთან გულშემატკივართა სასაფლაო გაიხსნა, რომელიც 500 ადამიანზეა გათვლილი. ჯერჯერობით ის სანახევროდაც არაა ათვისებული, მისი შესასვლელი კი, თავადაც ხვდებით, საფეხბურთო კარია.

10.ველოდრომი
(მარსელი) – 51.254

ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის წინ, მორიგი რეკონსტრუქციის შემდეგ, საფეხბურთო მინდვრის გარშემო ველოტრეკი მოშალეს, მაგრამ სტადიონს სახელი მაინც შერჩა.

ველოდრომი მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონატის წინ ააგეს, მეორე მსოფლიო ომის დროს კი იქ ჯერ საფრანგეთის, შემდეგ გერმანიის, ბოლოს კი ამერიკის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკა ინახებოდა.

2016 წელს საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და გადაწყვეტილია, რომ ტევადობა 60 ათასამდე გაიზრდება. რეკონსტრუქციის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონი ევროა.

მარსელის მუნიციპალიტეტს არაერთმა კომპანიამ შესთავაზა სტადიონის სახელის გაყიდვა, თუმცა ქალაქის მესვეურებმა ყველა წინადადება უარყვეს.

11.სან სირო
(მილანი) – 50.644

ჩვენ სიაში ეს სტადიონი უკვე მეორედაა, თუმცა ამჯერად ქალაქის მეორე კლუბის, მილანის გულშემატკივართა წყალობით. რიგით მე-18 საჩემპიონო სეზონში სან სიროს საშუალოდ 50.644 ტიფოზი სტუმრობდა.

ინტერი მილანს ამ სტადიონზე 1947 წელს შეუერთდა, 1980 წლის გაზაფხულზე კი, ლეგენდარული ჯუზეპე მეაცას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, სარბიელის სახელიც გაუყო.

მსოფლიოს 1934 და 1938 წლების ჩემპიონმა, ჯუზეპე მეაცამ ინტერში 14 სეზონი გაატარა, მილანში კი მხოლოდ 2.

12.სელტიკ პარკი
(სელტიკი) – 48.500

2002 წელს BBC-ს რადიომ ბრიტანეთის ხუთი საუკეთესო სტადიონის გამოსავლენად გულშემატკივრები გამოჰკითხა. სელტიკ პარკმა ხმათა 59,9% მიიღო!

კლუბმა ახალ სარბიელზე გადასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წინა არენის ქირის თანხა თითქმის ცხრაჯერ გაუძვირეს. სელტიკ პარკი აგურის ქარხნის ადგილზე ააგეს და ამიტომაა, რომ სამხრეთ ტრიბუნის ფასადი წითელი აგურითაა აშენებული.

ამბობენ, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც სელტიკის ახალ სტადიონზე გადასვლას გამოეხმაურა, მომხდარი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადასვლას შეადარა. ამიტომაც, ფანები სელტიკ პარკს სამოთხესაც უწოდებენ.

13.სენტ ჯეიმს პარკი
(ნიუკასლ იუნაიტედი) – 47.408

მანჩესტერ იუნაიტედის და არსენალის შემდეგ ნიუკასლ იუნაიტედს ინგლისში ყველაზე ერთგული ქომაგები ჰყავს – საშინაო მატჩებზე ტრიბუნების 91% შევსებულია!

გაისად ლონდონი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სენტ ჯეიმს პარკი კი საფეხბურთო ტურნირის რამდენიმე მატჩს მიიღებს.

ნაგებობა ქალაქის ცენტრშია, კერძო სახლებითაა გარშემორტყმული, ხოლო რკინიგზის სადგურს ნახევარი კილომეტრი აშორებს – ამის გამო სენტ ჯეიმს პარკის რეკონსტრუქცია არ განიხილება. თუ ნიუკასლ იუნაიტედი სტადიონის გამოცვლას გადაწყვეტს, მას ახალ სარბიელზე გადასვლა მოუწევს.

14.რეინ ენერგი

(კიოლნი) – 47.329

მიუხედავად იმისა, რომ კიოლნმა ბუნდესლიგა ბოლოს 1978 წელს მოიგო და ათწლეულებია, რაც ტიტულებისთვის ვეღარ იბრძვის, გულშემატკივრები გუნდს არ ღალატობენ და ტრიბუნებსაც 94,5%-ით ავსებენ.

კიოლნის სტადიონი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანია გერმანიის ნაკრებისთვის: რეინ ენერგიზე და მის წინამორბედ მიუნგერსდორფერზე ჩატარებული 20 მატჩიდან ბუნდესგუნდმა მხოლოდ ერთი წააგო.

სარბიელმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. იქვე იგეგმებოდა 1974 წლის მუნდიალის რამდენიმე შეხვედრის ჩატარება, მაგრამ რეკონსტრუქცია გაიწელა და მხოლოდ 1975 წელს დასრულდა.


15.კომერცბანკ არენა
(ფრანკფურტის აინტრახტი) – 46.807

ფრანკფურტთან ახლოს, ტყეში აგებული ბრწყინვალე სპორტული ნაგებობა მხოლოდ საფეხბურთო მატჩებს არ მასპინძლობს: აქვე იმართება კრივი, მძლეოსნობის ტურნირები, ველორბოლები, ასევე საჩოგბურთო შეჯიბრებები და ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩები.

2006 წელს კომერცბანკმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა და 10 წლით შეიძინა სტადიონის სახელწოდება.

აინტრახტის გარდა კომერცბანკზე ამერიკული ფეხბურთის გუნდი, ფრანკფურტ გელექსი თამაშობს.

მიუხედავად იმისა, რომ აინტრახტი ბუნდესლიგიდან გავარდა, დასწრების მხრივ კლუბმა იტალიის სერია ა-ს და ესპანეთის პრიმერადივიზიონის 18-18 კლუბი ჩამოიტოვა!

კომენტარები