ბურჯანაძე: მე პროქართული პოლიტიკოსი ვარ

”სახალხო კრების” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ უკრაინის დედაქალაქში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის პრორუსული პოლიტიკოსი არ არის. ”მე პროქართული პოლიტიკოსი ვარ, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სტრატეგიული და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა დასავლეთის ქვეყნებთან და რაც შეიძლება სერიოზულად ინტეგრირება დასავლურ სტრუქტურებში,” აღნიშნა ბურჯანაძემ კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას ”თუმცა საქართველოსთვის პრინციპულად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის ქონა,” ციტირებს ბურჯანაძეს საინფორმაციო სააგენტო ახალი ამბები-საქართველო.   ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ სტუმრობს ის მოსკოვს ასე ხშირად, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ გასული წლის მანძილზე ის მოსკოვში მხოლოდ სამჯერ იყო, რაც ”არც ისე ბევრია.” ”ერთს გეტყვით - მოსკოვში იმდენჯერ ჩავალ, რამდენჯერაც საჭიროდ ჩავთვლი, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა დედაქალაქში,” აღნიშნა ბურჯანაძემ. მან აქვე დასძინა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ”გაურკვეველი ვადით გადაიდო.” ”სანამ თბილისიდან 20 წუთის სავალზე რუსული ტანკები დგანან და სანამ კონფლიქტი არ მოგვარდება, საქართველო NATO-ში ვერ გაწევრიანდება,” განაცხადა ბურჯანაძემ. 

”სახალხო კრების” ლიდერი საქართველოში 7 ივნისს დაბრუნდება. 



კომენტარები