ნამდვილი ზღაპარი

 იყო და არა იყო რა, ბარსელონაზე უკეთესი ვინ იქნებოდა?! წლევანდელი ბარსა მართლაც ზღაპრულია: დიდებულ თამაშს ბრწყინვალე გამარჯვებებით აგვირგვინებს, ფეხბურთში კი ჩემპიონს სხვა არაფერი მოეთხოვება.

28 მაისს, გასაოცარ უემბლიზე ბარსელონამ 3:1 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი და მეოთხედ აღმართა ჩემპიონთა თასი. სერ ალექსის გუნდი უდავოდ ძლიერი იყო, მაგრამ გვარდიოლას ბიჭების წინააღმდეგ ოლდტრაფორდელთა ძალა, ჟინი, შემართება, გამოცდილება და ოსტატობა უკვალოდ გაქრა. თუმცა არა, არსად გამქრალა: როგორც სერ ალექსმა თქვა, მისი გუნდი ბარსელონას ჰიპნოზის ქვეშ მოექცა.

ისტორიას რამდენიმე დიდი გუნდი ახსოვს, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ფეხბურთში: ჰერბერტ ჩეპმენის ლონდონის არსენალი, 30-იანი წლების ავსტრიის გუნდი-საოცრება, 50-იანი წლების დიდი უნგრელები, მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი ბრაზილია, 70-იანი წლების ამსტერდამის აიაქსი და ჰოლანდიის ნაკრები, არიგო საკის მილანი 90-იან წლებში...

ბარსელონა მათზე მაღლა დგას და ამ აზრს ისინიც დაგიდასტურებენ, მწვანე მონდორზე რომ უხილავთ უნგრელები, პელეს ბრაზილია თუ კრუიფის ჰოლანდია. თუნდაც ალფრედო დი სტეფანო, ჩემპიონთა თასის ზედიზედ ხუთჯერ მომგები ადამიანი-ორკესტრი, ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი, ლეგენდა, კაცი-მადრიდის რეალი: „ეს საუკეთესო გუნდია, რაც კი მინახავს! დამიჯერეთ, ეს ბარსელონა ჩემს რეალს სჯობს!”.

ევროპის სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი იოჰან კრუიფი ამჯერად მაყურებლის სტატუსით დაესწრო ფინალს. 1992 წელს ბარსელონამ ისტორიაში პირველად სწორედ უემბლიზე მოიგო ჩემპიონთა თასი, კრუიფი კი კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი იყო. ტრადიციულ საგაზეთო სვეტში ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა თქვა: „ბარსელონა რომ ღირსეული გამარჯვებულია – ეს სასიხარულოა, მაგრამ ფეხბურთი, რომლითაც გუნდმა ფინალის მოგება შეძლო, მხოლოდ და მხოლოდ საამაყოა!”.

  ზღაპრული ფეხბურთი რომ წამით დავივიწყოთ, საამაყოდ ბარსელონას მწვრთნელი და კაპიტანი იკმარებს: ტრავმირებული პუიოლი გვარდიოლამ მაინც ჩართო თამაშში, კარლესმა კი, თავის მხრივ, ჩემპიონთა თასის აღმართვის პატივი ერიკ აბიდალს დაუთმო. სულ რაღაც ორი თვის წინ ბარსას ფრანგ მცველს ღვიძლზე სიმსივნე აღმოუჩინეს და არავინ იცოდა, გადარჩებოდა თუ არა...

ზედიზედ მესამედ მოგებული პრიმერადივიზიონი, სამ წელიწადში მეორედ აღმართული ჩემპიონთა თასი, უამრავი გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იდეალური ფეხბურთი!

ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ ბარსელონას თანამედროვენი ვართ. ისინი კი, ვინც ფეხბურთის სიყვარულს ამ გუნდით სწავლობს, უბრალოდ ბედნიერი!

ეს ბარსელონა ზღაპრულია.

* * *
…ბარსელონა 4 ჩემპიონთა თასით ამსტერდამის აიაქსს და მიუნხენის ბაიერნს გაუთანაბრდა. წინ მხოლოდ მადრიდის რეალი (9), მილანი (7) და ლივერპულია (5).

...ბარსელონა კვლავაც ევროპის ერთადერთი კლუბია, რომელიც 1955 წლიდან მუდმივად ასპარეზობს კონტინენტის საკლუბო ტურნირებში. ამ ხნის მანძილზე გუნდმა 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი/ლიგა (1992, 2006, 2009, 2011) და აწ უკვე გაუქმებული თასების მფლობელთა თასი (1979, 1982, 1989, 1997), 3-ჯერ კი უეფას/ბაზრობათა თასი (1958, 1960, 1966).

...ბარსელონა ევროპის ერთადერთი კლუბია, რომელმაც ოთხჯერ მოახერხა ერთსა და იმავე სეზონში ქვეყნის ჩემპიონატის და ჩემპიონთა თასის მოგება: 1992, 2006, 2009 და 2011 წლებში.

...ბარსელონამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ზედიზედ 28 შეხვედრა ჩაატარა დაუმარცხებლად. ეს საკლუბო რეკორდია.

...ბარსელონამ 2008-09 წლების სეზონის საკლუბო რეკორდი გაიმეორა: სხვადასხვა ტურნირებზე 62 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ამჯერად უფრო მეტი, 45 თამაში მოიგო. ეს, თავის მხრივ, 2009-10 წლების სეზონში დამყარებული რეკორდის გამეორებაა. ყველა შემთხვევაში კლუბის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა იყო.

...ხოსეპ გვარდიოლამ ვისენტე დელ ბოსკეს და ჟოზე მოურინიოს რეკორდი გაიმეორა: ჩემპიონთა ლიგაში ორიდან ორი ფინალი მოიგო.

...ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდის რეალის ესპანელი მწვრთნელის მიგელ მუნიოსის და მილანის იტალიელი თავკაცის კარლო ანჩელოტის რეკორდი გაიმეორა: ერთსა და იმავე კლუბში ჩემპიონთა თასი ფეხბურთელის რანგშიც მოიგო, მწვრთნელის ამპლუაში კი ორჯერ.

 ...ხოსეპ გვარდიოლამ ბარსელონას მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მეათე ტიტული მოიგო: ლა ლიგა – 2009, 2010, 2011; ჩემპიონთა ლიგა – 2009, 2011; ესპანეთის სუპერთასი – 2009, 2010; ესპანეთის თასი – 2009; ევროპის სუპერთასი – 2009; მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 2009. წინ მხოლოდ ჰოლანდიელი იოჰან კრუიფია, რომელმაც 1988-96 წლებში 11 ჯილდო მოიპოვა. აგვისტოში გვარდიოლას პირველ ადგილზე გასვლის შანსი ექნება: ესპანეთის სუპერთასზე ბარსელონა რეალს დაუპირისპირდება, ევროპის სუპერთასზე კი პორტუს.

...ლეო მესი 12 გოლით ლიგის ბომბარდირი გახდა. მან ეს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო და გერმანელი გერდ მიულერის (1973, 1974, 1975) და ფრანგი ჟან-პიერ პაპენის (1990, 1991, 1992) რეკორდი გაიმეორა. გათამაშების საუკეთესო გოლეადორის ტიტული ყველაზე მეტჯერ – 4-ჯერ – გერდ მიულერს მოუგია.

...ლეო მესიმ 12 გოლით ჩემპიონთა ლიგის რეკორდი გაიმეორა. პირველად ამ ნიშნულს მანჩესტერ იუნაიტედის ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რუუდ ვან ნისტელროიმ მიაღწია 2002-03 წლების სეზონში.

...ლეო მესი ჩემპიონთა ლიგაში გატანილი 12 გოლით ბარსელონას ყველა დროის ბომბარდირი გახდა საერთაშორისო ტურნირებში. დღეისათვის მის ანგარიშზე 39 გოლია – 37 ლიგაში და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში. მესიმ ბრაზილიელ რივალდოს (31 გოლი) გადაასწრო.

...ლეო მესიმ ამ სეზონში 53 გოლი გაიტანა: 31 პრიმერადივიზიონში, 12 – ჩემპიონთა ლიგაში, 7 – თასის გათამაშებაში და 3 – ესპანეთის სუპერთასზე. ეს საკლუბო რეკორდია. სეზონში 53 გოლი ესპანეთის რეკორდიცაა, თუმცა მესისთან ერთად ამ მიღწევის თანაავტორი რეალის პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუცაა.

...ბარსელონამ უკანასკნელად ითამაშა მაისურის სპონსორის გარეშე. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ ყატარის საქველმოქმედო არაკომერციულ ფონდთან 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წლევანდელი ზაფხულიდან კლუბის მაისურს ამ ორგანიზაციის სახელწოდება დაამშვენებს: Qatar Foundation.

კომენტარები