რეფორმები – როდემდე გვეყოფა ინერცია

 2 ივნისს 7 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერმა ჟვანიამ, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, რუსეთიდან არცთუ დიდი ხნის დაბრუნებული ცნობილი მეწარმე, კახა ბენდუქიძე დანიშნეს. შემდეგი 4 წლისა და 8 თვის მანძილზე, ის სათავეში ედგა იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც სხვა სფეროებში მომხდარ გარდაქმნებთან ერთად, ახალი საქართველოს ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. 

ამ პერიოდში საქართველოში ერთდროულად 70-მდე რეფორმა გატარდა. დროის ასე მცირე მონაკვეთში, ერთდროულად ამდენი გარდაქმნა, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად აღიარა. 

ამ ცვლილებების დაწყების იუბილე საშუალებას გვაძლევს, ხელახლა გავიაზროთ არა მხოლოდ გზა, რომელიც ქვეყანამ აქამდე განვლო, არამედ პირველ რიგში ის, თუ საით ვაპირებთ სვლას და რა დაბრკოლებების გადალახვა მოგვიწევს მომავალში. 

არსებული ხელისუფლების ყველაზე რადიკალური ოპონენტებიც კი, იძულებულნი არიან აღიარონ, რომ საქართველო კორუფციის გარეშე – ვარდების რევოლუციის ლოზუნგიდან ყოველდღიურ რეალობად იქცა. განახლებულ პოლიციასთან, ძველ ოლიგარქიულ პლუტოკრატიასა და მასთან შეზრდილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, ამ საქმეში გადამწყვეტი როლი, სწორედ ბენდუქიძის ლიბერალურმა რეფორმებმა ითამაშა. 

კორუფციულ ჰიდრას, მოკვეთილის ნაცვლად ახალი თავები რომ არ ამოსვლოდა, აუცილებელი იყო მისი მასაზრდოებელი გარემოს გაჯანსაღება. სამართალდაცვითი ზომები ამ მიზნის მიღწევისათვის აუცილებელ, მაგრამ არასაკმარის წინაპირობას წარმოადგენდა. 

კორუფციული რისკების შემცირებისთვის, ბიზნესისა და სახელმწიფოს გადაკვეთის წერტილების კლება იყო აუცილებელი. ეს, თავის მხრივ, სახელმწიფო აპარატის რადიკალურ შეკვეცას, ხოლო დარჩენილი ჩინოვნიკების ხელში არსებული ძალაუფლებისა და მატერიალური რესურსების მკვეთრ შემცირებას მოითხოვდა. 

ამისათვის ეკონომიკის ლიბერალიზება, დერეგულირება, პრივატიზება და დებიუროკრატიზება იყო საჭირო. ეკონომიკაში კი – მთავრობის როლის შესუსტება და ინდივიდუალური თავისუფლების გაფართოება. 

ახალ მთავრობას დიდი  ენერგია და ბევრი კარგი იდეა ჰქონდა, მაგრამ ძალიან ზოგად ხასიათთან ერთად, ისინი ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ, ზოგჯერ კი აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულნი იყვნენ. იმ პერიოდის განწყობების საილუსტრაციოდ, ფუფუნების გადასახადის შემოღების მკვდრადშობილი ინიციატივა გამოდგება. 

ამ წამოწყებით „ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაცია” უნდა მომხდარიყო და „სოციალური სამართლიანობა” აღედგინათ. მთავრობა ხალხის გულის მოგებას აპირებდა. იმავდროულად, ყოფილი ნომენკლატურის მიერ დაცარიელებული ხაზინა შეივსებოდა და ისევ ხალხის კეთილდღეობას მოხმარდებოდა. 

საქართველო და მისი ხელისუფლება ფილოსოფიური არჩევანის წინაშე იდგა. მას უნდა გადაეწყვიტა, როგორ აპირებდა სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევას – სახელმწიფოსა თუ ბაზრის მეშვეობით. ვინ უნდა ყოფილიყო ქვეყნის მოდერნიზაციის მამოძრავებელი ძრავა – საჯარო მოხელე თუ კერძო მეწარმე. 

ბენდუქიძის დანიშვნით ხელისუფლებამ მკაფიო არჩევანი გააკეთა. ამ არჩევანმა ქვეყანას 2004-2007 წლებში, ყოველწლიურად, საშუალოდ 9.3% ეკონომიკური ზრდა და თითქმის გაოთხმაგებული უცხოური ინვესტიციები მოუტანა. ცალკეული კომპრომისებისა თუ შეცდომების მიუხედავად, მთავრობამ შეძლო 4-ჯერ შეემცირებინა გადასახადების, 90%-ით – ლიცენზიების რაოდენობა და შრომის ბაზრის ლიბერალიზება მოეხდინა. 
რეფორმებს, ცხადია, თავისი სოციალური ფასი ჰქონდა. ამან, ყველაზე თვალსაჩინოდ 2007 წლის 7 ნოემბერს იჩინა თავი. მაგრამ სწორედ რომ ლიბერალურმა ნაბიჯებმა წარმოშვა მანამდე პრაქტიკულად არარსებული საშუალო კლასი. ამ უკანასკნელის სახით, რეფორმების შეუქცევადობას სოციალური დასაყრდენი გაუჩნდა. რეგიონების მოსახლეობასთან ერთად, პოლიტიკური კურსის შენარჩუნებასა და მემკვიდრეობითობის დაცვაზე, სწორედ ეს ფენა იძლევა დაკვეთას.

რადიკალურმა გარდაქმნებმა ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას მყარი საძირკველი ჩაუყარა. საქართველო ერთდროულად თავს დამტყდარ 2008 წლის აგვისტოს ომსა და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს, შედარებით იოლად გაუმკლავდა და უკვე 2010 წელს მშპ-ს 6.4%-იანი ზრდა აჩვენა.
პირველი ტალღის უდავო წარმატების მიუხედავად, ბოლო წლებში სულ უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, რომ რეფორმების ტემპი მნიშვნელოვნად ეცემა. რიგ შემთხვევებში კი აშკარა კონტრრეფორმებთან გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი, კვლავინდებურად აჩენს კითხვებს ხელისუფლების პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ფილოსოფიასთან დაკავშირებით. 

მართალია, აპოკალიპტური დასკვნების გაკეთება ჯერ საკმაოდ ნაადრევია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მთავრობიდან ბენდუქიძის წასვლის შედეგად, პოლიტიკური ვაკუუმი წარმოიშვა. წარსული რეფორმების ინერცია ქვეყანას დიდხანს არ ეყოფა – ადრე თუ გვიან მათი რესურსი ამოიწურება. 
მნიშვნელობა არ აქვს როდის ან როგორი სახელმწიფო გადის მოდერნიზაციას – ხდება ეს XIX, XVIII თუ  XX საუკუნეში, პრუსიაში, თურქეთში, რუსეთში თუ – საქართველოში. მიზეზი ყოველთვის მარტივია: სხვანაირად ქვეყანა ვერ გადარჩება. 

ზუსტად ასეთი საფრთხე ემუქრება დღეს საქართველოს. ქვეყანა გეოგრაფიულ რეალობას ვერაფრით შეცვლის – ყველაზე დიდი მეზობელი მისი მტერია. მცირერიცხოვანი და მარგინალური ოპოზიცია კი – იმის სიმპტომი, რომ მოსკოვი საქართველოზე ზეწოლის არც ერთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. 

გამოსავალი ერთადერთია – საქართველომ თანამედროვე, ძლიერი და ინოვაციური სახელმწიფო უნდა ააშენოს. სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ გაისრისება. 

კომენტარები