ეგვიპტე ღაზის ბლოკადას აუქმებს

ისრაელის პროტესტის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ ეგვიპტემ ღაზის სექტორთან თავისი საზღვარი გახსნა. დროებითი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს რეგიონში მშვიდობიანი პროცესების დაჩქარებას შეუწყობს ხელს და, ამასთანავე, ეგვიპტელი ხალხის სურვილს შეასრულებს.

საზღვრის გახსნა ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებების მიზეზი გახდება.  ებრაელების წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფება ჰამასისთვის კი, ეს გაძლიერებისა და გააქტიურების ახალი ფაზაა. ღაზის ბლოკადის გაუქმება პოსტმუბარაქულ ეგვიპტეში ისლამისტური და პანარაბისტული ტენდენციების გაძლიერებაზე მიუთითებს. ჰამასი ეგვიპტის ყველაზე ძლიერი პარტიის – ძმები მუსლიმების – პალესტინური ფილიალია.

საზღვარი, პარასკევის გარდა, ყოველდღე დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე გაიხსნება. 18-40 წლამდე მამაკაცებს, საზღვრის გადაკვეთა ვიზის გარეშე არ შეეძლებათ. დანარჩენი მოსახლეობა კი  ყველანაირი შეზღუდვის გარეშე ისარგებლებს.

ისრაელმა ღაზის სექტორზე ბლოკადა 2007 წელს დააწესა, როცა ტერიტორიაზე ჰამასმა თავისი კონტროლის გაფართოება მოახერხა. ამ დროისათვის ეგვიპტის მთავრობამ, ჰოსნი მუბარაქის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა რაფაჰსა და ღაზას შორის საზღვარი დაეკეტა. ბლოკადის პირობებში, ამ სექტორში თავისუფალი ტვირთბრუნვა შეზღუდული იყო. რეგიონში ტვირთი მკაცრი შემოწმების შემდეგ შედიოდა. ამ პროცესებს ისრაელი თავად ხელმძღვანელობდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ნაბიჯი ჰამასისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების აღმოფხვრას ისახავდა მიზნად. ეს ამ ორგანიზაციისთვის საზღვრის გასწვრივ თავისუფალი ქმედებებისთვის ხელის შეშლასაც ითვალისწინებდა.  

დღეს ისრაელის ხელისუფლება ეგვიპტის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია. მათი განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰამასი ბლოკადის რეჟიმშიც კი ახერხებდა რეგიონში კონტრაბანდისა და უკანონო შეიარაღების შეტანას, დღეს საფრთხე მატულობს. 

ეგვიპტელთა გადაწყვეტილება საბოლოოა. საგარეო საქმეთა მინისტრის, ნაბილ ელ-არაბის განცხადებით, საზღვრის ბლოკადა არაჰუმანური და სამარცხვინო მოვლენა იყო. მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო მოლაპარაკებები ჰამასთან, ბლოკადაში ეგვიპტის მონაწილეობის შეწყვეტის თაობაზე. მათ განიხილეს ჰამასისა და ფათჰის შერიგების საკითხიც, რომელიც ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებს.

თავის დროზე ბლოკადის დაწესებას, ეგვიპტელი ხალხის მხრიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი მუბარაქისა და მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ყოველთვის აპროტესტებდნენ. ამ მიზნით, კაიროს ქუჩებში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ასობით ეგვიპტელი არაერთხელ გამოვიდა. მათი უკანასკნელი მიტინგი ისრაელის საელჩოს წინ, დაცვის თანამშრომლებთან შეტაკებით დასრულდა. რამდენიმე ადამიანი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოებში მოათავსეს, დაახლოებით 200-მდე აქტივისტი კი დააკავეს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა სახის შეზღუდვები იარსებებს პროდუქციაზე. უნდა აღინიშნოს, რომ რაფაჰის გარდა, ყველა სხვა ტერიტორიული კვეთა, ღაზის სექტორს ისრაელთან აქვს, რომელიც მკაცრად კონტროლდება.  
 

კომენტარები