კადაფი: ლიბიელების ხმა აფეთქებებზე ძლიერია

რამდენიმე საათის შემდეგ, რაც NATO-ს კოალიციურმა ძალებმა ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის რეზიდენციაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ავიადარტყმები განახორციელა, ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიამ კადაფის აუდიო მიმართვა გაავრცელა. პოლკოვნიკი თავის მიმართვაში ამბობს, რომ ლიბიაში დარჩება ”მკვდარი ან ცოცხალი.” ”ჩვენ მხოლოდ ერთი არჩევანი გვაქვს - ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ აქ ბოლომდე დავრჩებით - მკვდრები ან ცოცხლები, მაგრამ დაუმარცხებლები,” განაცხადა პოლკოვნიკმა, რომლის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. კადაფიმ თავის მომხრეებს მოუწოდა არ შეუშინდნენ NATO-ს საჰაერო იერიშებს და ტრიპოლიში მის რეზიდენციასთან შეიკრიბონ. ”ჩვენ თქვენს რაკეტებზე უფრო ძლიერები ვართ, თქვენს თვითმფრინავებზე ძლიერები ვართ. ლიბიელი ხალხის ხმა აფეთქებებზე უფრო ძლიერია,” მიმართა NATO-ს კადაფიმ, რომელიც ქვეყანას 40 წელზე მეტია მართავს.

პოლკოვნიკის მკვეთრი განცხადებების მიუხედავად, მსოფლიო ლიდერები მიიჩნევენ, რომ კადაფის გადადგომა მხოლოდ დროის საკითხია. ”მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეჟიმისადმი ლოიალური სამხედრო ნაწილები უკან იხევენ და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას კარგავენ,” განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ”ვფიქრობ, რომ კადაფის წასვლა მხოლოდ დროის საკითხია.” 

კომენტარები