აფხაზეთში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება განახლდა

რადიოსადგურ „ეხო კავკაზას“ ცნობით, აფხაზეთში საეკლესიო პირებს შორის დაწყებულმა დაპირისპირებამ, რომელიც დროებით შეჩერებული იყო, სერგეი ბაღაფშის სიკვდილის შემდეგ ახალი ძალით იფეთქა. ამ კვირას გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც მაიკოპის ეპისკოპოსმა ტიხონმა ორ ახალგაზრდა აფხაზ სასულიეო პირს, მამ ანდრია ამპარს და არქიმანდრიტ დოროთე  დრაბს,  მღვდელთმსახურება აუკრძალა.  ორივე სასულიერო პირი სწორედ მაიკოპის ეპარქიაში იქნა ხელდასხმული.  მამ ანდრია ამპარმა და არქიმადრიტმა დოროთე დრაბმა  ცოტა წინ  ახალი ათონის მონასტერში  ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია შექმნეს. ეპისკოპოს ტიხონისადმი საპასუხო მიმართვაში  სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციიდან გასლვის შესახებ ოფიციალურად განაცხადებენ. „ეხო კავკაზას“ ცნობით, დღეს ახალი ათონის მონასტერში გაიმართა აფხაზეთს ე.წ. წმინდა მიტროპილიის საბჭოს რიგგარეშე სხდომა,  რომელზეც არქიმანდრიტმა დოროთემ და მამა ანდრიამ ოფიციალური თხოვნით მიმართეს რუსეთის ეკლესიას, რომ ტოვებენ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღს და სთხოვეს რუსეთის და მოსკოვის პატრიარქს და რუსეთის ეკლესიი წმინდა სინოდს  მისცენ ამის დამადასტურებელი სიგელი.

რადიოსადგურის ინფორმაციით,  თავიდანვე იყო ცნობილი, რომ  რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ახალ ათონში მოწყობილი შეკრების შემდეგ მათ მღვდელთმსახურებას აუკრძალავდა. აფხაზების აღშფოთება არა აკრძალვამ, არამედ ეპისკოპოს ტიხონის მიერ  საკუთარი გადაწყვეტილების  არგუმენტაციამ გამოიწვია. ეპისკოპოსმა 15 მაისს ახალი ათონის მონასტერში მოწყობილ სახალხო-საეკლესიო საეკლესიო  კრებას „ხალხის არაკანონიკური თავყრილობა“  უწოდა. აფხაზმა პოლიტოლოგმა არდა ინალიფამ განაცხადა, რომ ეპისკოპოსის არგუმენტაციის ტონი, რომლითაც ”ებრძვიან ახალგაზრდა მღვდლებს, მიუღებელია აფხაზი საზოგადოებისთვის.“

„ეხო კავკაზას“ მიმომხილველი, დემის პალანდოვი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო ამძიმებს  წინასაარჩევნო პოლიტიკური დაძაბულობა.

აფხაზეთში 26 აგვისტოს ოკუპირებული რეჟიმის დე ფაქტო მმართველს ირჩევენ. ამ პოსტზე  ყველაზე კანდიდატებად საოკუპაციო რეჟიმის პრემიერ მინისტრი სერგეი შამბა და ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი მოიაზრებიან. სასულიერო პირებს შორის აფხაზეთში დაწყებულ დაპირისპირებაში სერგეი შამბამ ღიად დაუჭირა მხარი მრვდელს აბესალომ აფლიაას, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს მხარდაჭერითაც სარგებლობს. ანქვაბმა რომელიმე მხარის ღია მხარდაჭერისგან თავი შეიკავა,  სასულიერო პირებს შერიგებისკენ მოუწოდა და  მილიციის  მობილიზაცია მოახდინა რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ დაეშვა.

”ეხო კავკაზა” მიიჩნევს, რომ მოსკოვის პატრიარქი ”ძალიან ძლიერი ფიგურაა იმისთვის რომ ნეიტრალურმა ანქვაბმა ახალგაზრდა მღვდლების მხარე დაიკავოს.”  თუმცა ამის გაკეთება შეუძლია რომელიმე ოპოზიციონერს და მაშინ ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ფართო მასა ახალგაზრდა მღვდლებს „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიიდან“.

კომენტარები