ახალგაზრდობა შემობრუნდა ბუმერანგივით

 კანონი უმაღლესი განათლების შესახებ გვამცნობს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ ვალდებულება: უნდა ჰყავდეთ სტუდენტური თვითმმართველობა – შემდგარი ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე. 
უკანასკნელ ხანებში ყურადღების ცენტრში, არცთუ დადებით კონტექსტში, თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა მოექცა. პრეტენზიები „თვითების” მიმართ ახალი არ არის. სტუდენტთა ნაწილი, ამ, პირდაპირი მნიშვნელობით, შეხლა-შემოხლისგან, საერთოდ დისტანცირებულია. თუმცა, თვითმმართველობას განსაკუთრებული ნდობითა და პატივისცემით არასდროს უსარგებლია. გარდა ამისა, Tempus-ის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში მყოფ სტუდენტთა დიდ უმრავლესობას (70%) წარმოდგენა არ აქვს სტუდენტური გაერთიანების უფლება-მოვალეობებზე. ეს მაშინ, როცა თვითმმართველობა, რომელსაც თავად აფინანსებენ, მათ ინტერესებს უნდა იცავდეს. 76%-ს ამ ორგანოსთვის საერთოდ არ მიუმართავს. 
თუმცა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში პრეტენზიები საკმარისად დაგროვდა. შესაბამისად, უკანასკნელ პერიოდში, ამ უნივერსიტეტის თვითმმართველობა ბევრად ხშირად ხდება მედიის ინტერესის ობიექტი. 

ერთი შეხედვით, ლოგიკურია, რომ ვნებათაღელვა ყველაზე მეტად თსუ-ში იგრძნობა. სტუდენტური თვითმმართველობის არსებობის ვალდებულება ავტომატურად გულისხმობს მისი დაფინანსების ვალდებულებასაც. თვითმმართველობების დაფინანსების ძირითადი წყარო სწორედ უნივერსიტეტების ბიუჯეტია. სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის კი თსუ-ს ბიუჯეტი ყველაზე დიდია. საკმაოდ სოლიდურია ის თანხებიც, რომელიც თვითმმართველობისთვისაა გამოყოფილი. მაგალითად, წელს თსუ-ში სტუდენტური ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა 700 ათას ლარამდეა. შედარებისთვის, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხარჯი, 2010 წელს უფრო მოკრძალებული იყო და 100 ათასსაც არ აღწევდა. 

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტების მიერ 2 წლის ვადით არჩეული 110 დელეგატისაგან შედგება. დელეგატების არჩევა ფაკულტეტების მიხედვით ხდება. კანონით, სასწავლებლის ადმინისტრაციას სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს. უფლებების დაცვა, საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში მონაწილეობის უზრუნველყოფა, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება – თვითმმართველობის დეკლარირებულ მიზნებსა და მოვალეობებს, ეს და სხვა მსგავსი კეთილშობილური საქმეები წარმოადგენს. 

თუ დებულებას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა ცენტრალიზებული ორგანოა, ცენტრალიზებულივე მმართველობით. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს უმაღლესი თანამდებობის მფლობელი – პრეზიდენტი – ფაქტობრივად ერთპიროვნულად განაგებს. სწორედ ის შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტს, განიხილავს პროექტებს, ცალკეულ სტუდენტთა წინადადებებს და ამ ყველაფრის დაფინანსების საკითხებს. მასზეა დამოკიდებული საკადრო გადაწყვეტილებებიც. უფლებამოსილებების გრძელი სიის საპირისპიროდ, პრეზიდენტის ვალდებულებების ჩამონათვალი, მხოლოდ ორი პუნქტით შემოიფარგლება. 
რაც შეეხება მართვის სხვა ორგანოებს, მათი უფლებამოვალეობები რუტინული პროცესებითა და გადაწყვეტილებებით ამოიწურება. მაგალითად, ეს შეიძლება ითქვას საფაკულტეტო საბჭოებსა და დეპარტამენტებზე. ასეთი დეპარტამენტი სულ ხუთია და მათ თავმჯდომარეს, მოადგილეებსა და დელეგატებს ასევე თვითმმართველობის პრეზიდენტი ნიშნავს. 

თვითმმართველობისადმი წაყენებული პრეტენზიების ნუსხა გრძელია. როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, ეს ორგანოც ვერ ახერხებს ყველა სტუდენტის ინტერესის დაკმაყოფილებას. გასაკვირი არ არის, რომ უნივერსიტეტში არიან ისეთებიც, ვისაც თანხის უმეტესობის ექსკურსიებზე, სპორტულ შეჯიბრებებზე ან სასულიერო პირებთან შეხვედრების ორგანიზებაზე დახარჯვა სურთ. მაშინ, როცა მრავალი სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ნაკლებობას უჩივის. 
მთავარი პრეტენზია სწორედ თვითმმართველობის პრიორიტეტებს უკავშირდება. მართალია, მის ფუნქციაში სწავლის ხარისხის გაუმჯობესება შედის, მაგრამ გასული წლების ანგარიში ცხადყოფს, რომ ამ მიმართულებით „თვითების” წვლილი არცთუ შთამბეჭდავია. ამჟამინდელი პრეზიდენტი, ერთიანი სტუდენტური მოძრაობის წევრი, დაჩი გუბაძე ირწმუნება, რომ ეს დამოკიდებულება წინა მოწვევის დელეგატების მიდგომამ გამოიწვია, დღევანდელი თვითმმართველობის პრიორიტეტი კი საგანმანათლებლო ღონისძიებებია. კულტურული და გასართობი ღონისძიებები, ექსკურსიები ამას მხოლოდ ფონს უქმნის. 

ვნახოთ, რა იქნება 2011 წელს. 2010 წელს კი, სწორედ ამ დელეგატებისა და პრეზიდენტის პირობებში, ხარჯთაღრიცხვა ამგვარ სურათს იძლევა: თსუ-ს თვითმმართველობის ბიუჯეტი 493 529 ლარს შეადგენდა. სტუდენტურ მივლინებებზე დახარჯულია საერთო თანხის დაახლოებით 32%. რაც შეეხება დანარჩენ თანხას, მისი უმეტესი ნაწილი საგანმანათლებლო ღონისძიებებზე ნამდვილად არ მოდის. დიდი ნაწილი – 33%-მდე, ექსკურსიებზე, ლაშქრობებსა და სპორტულ ღონისძიებებზეა დახარჯული, თითქმის 20% კი – კონცერტებზე,
საღამოებზე, სხვადასხვა შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებზე. დანარჩენი თანხის დიდი წილი „ინტელექტ კლუბს”, „მხიარულთა
და საზრიანთა კლუბს” თუ საზღვარგარეთელი სტუმრების რესტორანში გამასპინძლებას ეთმობა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეტენზია, ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის შეხმატკბილებულ ურთიერთობას უკავშირდება. ამ უკანასკნელის წევრებს ადანაშაულებენ იმაშიც, რომ გაერთიანებაში ყოფნა არა სტუდენტების ინტერესის დასაცავად, არამედ პირადი, კარიერული წინსვლისთვის სჭირდებათ. თუ გავიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტის გავლით სახელმწიფო თანამდებობებზე მოხვდნენ, ვნახავთ, რომ ეს ბრალდება საფუძველს მოკლებული არ არის.

ის, რომ სტუდენტური გაერთიანება პოლიტიზებულობის მაღალი დონით გამოირჩევა, მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა არ არის. არც ისაა უცხო ამბავი, რომ მსგავსი გაერთიანების წევრობა, ხშირად ხდება ტრამპლინი მომავალი პოლიტიკური საქმიანობისთვის. ევროპის ქვეყნებშიც ითვლება, რომ სტუდენტური გაერთიანებები, რიგ შემთხვევებში, ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამტარებლები არიან. მაგალითად, საფრანგეთში, სადაც განათლების სისტემა ცენტრალიზებულია, უნივერსიტეტების ლოკალურ ორგანოებს გადაწყვეტილების მიღების შეზღუდული ძალაუფლება აქვთ. როგორც წესი, ასეთი  გაერთიანებები ნაციონალურ დონეზე არსებული სტუდენტური გაერთიანებების წარმომადგენლობებია. დიდი, ნაციონალური სტუდენტური გაერთიანებები კი, უმეტესწილად, ძლიერი პოლიტიკური მიკუთვნებულობით გამოირჩევიან. ხშირად მათი ქმედებები, უმაღლესი განათლების შესახებ საკუთარი ხედვის დაცვას უფრო ემსახურება, ვიდრე კონკრეტულ უნივერსიტეტში ლოკალური წარმომადგენლობის სპეციფიკურ ინტერესებს. შესაბამისად, გაერთიანების წევრობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჰგავს. მსგავსი სტუდენტური გაერთიანებების გავლენაც სხვადასხვა საპროტესტო მოძრაობებში აქტივობით უფრო იზომება, ვიდრე რაიმე სხვა მაჩვენებლით.

ზოგადად, დასავლეთის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს, სტუდენტური გაერთიანებების ქონის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ევროპაში მსგავსი ტრადიცია  შუა საუკუნეებიდან არსებობს. სტუდენტური გაერთიანებები ძლიერია აშშ-შიც. აქ მათი უმრავლესობა „ოფიციალური, კამპუსზე არსებული ორგანიზაციებია” – უნივერსიტეტის მიერ აღიარებული სტუდენტთა ნებაყოფლობითი გაერთიანებები. როგორც წესი, ეს ორგანიზაციები სტუდენტური ცხოვრებისთვის არსებულ ფონდებს აკონტროლებენ, რომლებშიც სტუდენტები სემესტრულად გარკვეულ თანხას იხდიან. 

ხსენებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში, ჯერჯერობით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს კამპუსები არ აქვს. კამპუსი საუნივერსიტეტო ქალაქია, ტერიტორია, სადაც განლაგებულია უნივერსიტეტის კორპუსები, ბიბლიოთეკები, სალექციო თუ სპორტული დარბაზები, პარკები, სტუდენტთა საცხოვრებელი და სხვა ათობით ან ასობით შენობა. ამ ყველაფრის გარეშე ბიუჯეტზე მიმაგრებული თვითმმართველობები უფუნქციო, ფორმალურ ორგანოებად რჩება. როდესაც სტუდენტური ცხოვრება არ არსებობს, საგანმანათლებლო პროექტებიც ისეთივე ფრაგმენტულია, როგორც თვითმმართველობის საჭის მპყრობელი სტუდენტური გაერთიანების ალტერნატიული გაერთიანებები. გარდა ამისა, არც ერთი მოწვევის თვითმმართველობა არ არის დაზღვეული პოლიტიკურად ანგაჟირებული დელეგატების მოხვედრისგან. თანაც, სტუდენტების მრავალფეროვანი ინტერესების დაკმაყოფილება ცენტრალიზებულ სტრუქტურას ყოველთვის გაუჭირდება. ამ ყველაფრის ერთობლიობა, ეჭვქვეშ აყენებს ისეთი ორგანოს არსებობის საჭიროებას, რომელიც არა სტუდენტთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, არამედ, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში, უნივერსიტეტის რიგითი მმართველი რგოლია. 

კომენტარები