მორალს ამოფარებული უზნეობა ანუ რა უნდათ ქართველ ინტელიგენტებს

0 კომენტარი

რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს დაანონსებული რევოლუციის მოსაწყობად შეკრებილი შეიარაღებული ექსტრემისტების უკანონო მიტინგის დაშლას?  ნუთუ მხოლოდ ის, რომ კონკრეტულ დროსა და სივრცეში ამ ადამიანების აგრესიული ერთობა საზოგადოებისთვის ეგზისტენციური საფრთხის შემცველ დინამიკაში არ გადაიზარდოს? ან, ეგებ ასეთი მიტინგის დაშლა გარკვეულ აღმზრდელობით-გამასწორებელ დატვირთვასაც უნდა ატარებდეს – თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვინც მათი ლიდერების პუტინთან ჩახუტების მთელი „სიტფო და სილბო” ვერ გაისიგრძეგანა, ან იმათთვის, ვინც საკუთარი საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად მზადაა, ქვეყანა მტერს ჩააბაროს?

გამოვუტყდეთ ერთმანეთს – ის, რაც მოხდა, მთლიანობაში, კანონზომიერი იყო.  ცხადია, არ ვგულისხმობ რამდენიმე ადამიანის ტრაგიკულ თუ დანაშაულებრივ სიკვდილს, რაც არავისზე ნაკლებად არ განმიცდია და რაც ქართული პოლიტიკური მეინსტრიმიდან მარგინალობისა და ექსტრემიზმის სამუდამო განდევნის დასაწყისი უნდა გახდეს. ვგულისხმობ იმას, რომ როცა თავყრილობის გაცხადებული მიზანი ყველა შესაძლო მეთოდით რევოლუციის მოწყობაა („თუ მშვიდობით წავა, ძალიან კარგი, თუ არადა, მაინც წავა” – ციტატის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ასეთი შინაარსის განცხადებები უხვად იყო აპრილ-მაისში), როცა აქციაზე იმ განწყობით მიდიან ადამიანები, რომ წინა შეკრებებისგან განსხვავებით, ამჯერად „უბრძოლველად” არ გაუშვებენ სახლებში, როდესაც დაუფარავად საუბრობენ, რომ არსებობს ხელისუფლების არჩევნების გარეშე შეცვლის კონკრეტულად გაწერილი გეგმა – მაშინ ბუნებრივია, რომ
მოწინააღმდეგე ამის საშუალებას არ მოგცემს.  მით უფრო, თუ მოწინააღმდეგე მთელი საზოგადოებაა.  
თუ რა მოხდა 26 მაისს, ეს მშვენივრად ახსნა გიგა ზედანიამ ტაბულას ბოლო ნომერში. არანაკლებ საინტერესოა, რა მოხდა 28 მაისს, როცა ძალადობის წინააღმდეგ გამართულმა სოლიდარობის აქციამ სოლიდური რაოდენობის ხალხს მოუყარა თავი.  როგორც ეკა კვესიტაძემ დაწერა „24 საათში”, „ეს ადამიანები გულწრფელად აღშფოთდნენ, როდესაც სასტიკად ნაცემი ადამიანები დაინახეს, გულწრფელად უნდათ ძალადობის არარსებობა და საერთოდ გულწრფელი მიზნები აქვთ. მაგრამ კარგი იქნება, თუ მათ იდეალიზმს ელემენტარული საღი აზროვნება და ლოგიკა არ შეეწირება”. 
რა იყო 28 მაისის აქციის იდეური საყრდენი? ხომ არ დადის ამ აქციის ორგანიზატორთა არგუმენტები სუბიექტურ და, ხშირად, ყალბ სენტიმენტალიზმამდე?  რას ეუბნებიან ისინი სახელმწიფოს? „აღკვეთეთ უკანონობა, მაგრამ ძალიან ნუ ატკენთ”? ან „აცალეთ, რატომ ურტყამთ, მათ ხომ მხოლოდ სისხლისღვრა უნდათ?” საინტერესოა, რომელი მორალი კარნახობს ამ ადამიანებს წყნარად უყურონ, როგორ იქმნება დივერსიული და შეიარაღებული ჯგუფები, როგორ ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების ხელოვნური შეფერხება, როგორ მიმდინარეობს დასავლური ფასეულობების სახელით ანტიდასავლური ვნებების გაღვივება, მაგრამ ვერ შეიკავონ „გულწრფელი” პროტესტი, როცა ექსტრემისტებს იმაზე მეტად ხვდებათ, ვიდრე მათი ფაქიზი ესთეტიკისთვის არის მისაღები? ცხადია, ეს არაა ქართველი ინტელიგენტების პროტესტის რეალური მიზეზი. მაგრამ ამაზე ქვემოთ.
„არა – ძალადობას!”, „ნებისმიერი ძალადობა უნდა დაიგმოს!” – ამბობდნენ აქციაზე შეკრებილი „ჰუმანისტები”. წაუგებელი ლოზუნგებია. ვინ შეედავებათ? ვინ იტყვის ასევე ლაკონურად და უკონტექსტოდ, რომ გარკვეულ სიტუაციებში ძალადობა გარდაუვალი შეიძლება იყოს? ლეგიტიმურია თუ არა ძალადობა, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის? შეიძლება თუ არა, ძალადობა არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ მორალურადაც გამართლებული იყოს? თუ დავფიქრდებით და ჩვენი პასუხების თეორიულ შედეგებს ოდნავი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით უფრო არაერთგვაროვანია, ვიდრე ეს „არა – ძალადობის” თვითკმაყოფილ მქადაგებლებს სჯერათ. 
„უბრალო ადამიანებს რაღას ერჩოდნენ?” – იყო აღშფოთების კიდევ ერთი ტიპური საფუძველი. მაგრამ განა ბოროტებასა და ღალატში შეიძლება იყვნენ „უბრალო” ადამიანები? თავისუფალი ადამიანი, რომელიც გაცნობიერებულად აკეთებს თავის არჩევანს, არასოდეს შეიძლება იყოს „მსხვერპლი”. ასეთი ადამიანი, დიდი-დიდი, საკუთარი უგნურების ან არაკეთილსინდისიერების მსხვერპლი შეიძლება გახდეს.  არ იცოდნენ, უკანონობას რა შედეგი მოჰყვებოდა? თუ ასეა, ეს გამართლება არაა, რადგან არცოდნა ცოდვაა! მეორეა, რომ იცოდნენ. უბრალოდ, მათი პოლიტიკური მიზნის მიღწევის ერთადერთი – ვიმეორებ, ერთადერთი! – გზა, სწორედ სისხლისღვრის პროვოცირება იყო. სისხლისღვრისა, რომელსაც ქართველი ინტელიგენტისა და ობივატელის აღშფოთება და გააქტიურება უნდა მოჰყოლოდა. 
„ნუ წაგვიღეთ ტვინი რუსეთით!” – ესეც 28 მაისის ტალღაზე გაკეთებული კრებსითი ქართველი ინტელიგენტის იქედნური ამოძახილია. ამბობენ, კარგად დაცულ ცხვარს უფლება აქვს ამტკიცოს, რომ მგელი ვეგეტარიანელიაო... საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა უშვებს ისეთი ფაქტების არსებობას, რომლებიც არ საჭიროებს დამატებით მტკიცებას. ასეთებს განეკუთვნება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები. თუ ვინმე რუსეთს სათანადოდ არ იცნობს, ან მისგან მომავალ საფრთხეს ვერ აცნობიერებს, კეთილი – ასეთი ადამიანების განათლებაზე და კრიტიკული აზროვნების უნარზე ზრუნვა საზოგადოების დანარჩენი წევრების მოვალეობა არაა – მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ფაქტებისა და მტკიცებულებების ასეთი ცოდნით, ისინი ყოველთვის წააგებენ. სწორედ ეს უნდა იყოს საბაზისო ჭეშმარიტებების ირგვლივ კონსოლიდირებული საზოგადოების მესიჯი.
28 მაისის აქციის ორგანიზატორებმა გვახარეს: ისე დასრულდა ეს აქცია, „პოლიტიკოსებს” სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცათო. დასაფასებელია. თუმცა, როცა აქციაში მონაწილეობენ ისეთი ოდიოზური ექსტრემისტები, როგორებიცაა, მაგალითად, გაჩეჩილაძე, ბესელია და ნათელაშვილი, აქციის მონაწილეები – მით უფრო, მათი მორალური აღმატებულების გათვალისწინებით – მოვალენი იყვნენ ეს აქტიურად გაეპროტესტებინათ, ვინაიდან ასეთი მავნებლების ჩართულობა ნებისმიერი იდეის დისკრედიტაციას იწვევს. ამ გადმოსახედიდან, „პოლიტიკოსებისთვის” სიტყვის არმიცემა უკვე არცთუ ისე დიდ მიღწევად ჩანს.
იმავე დღეს, ერთმა ინტელიგენტმა სოციალურ ქსელზე თავისი პროფილის სურათად ირაკლი ბათიაშვილის(!) ფოტო დადო. მეორე არ ცხრებოდა – თუ ფარული ჩანაწერები ჰქონდათ, მანამდე გამოექვეყნებინათ და დაეჭირათ დამნაშავეები, სანამ არეულობა მოხდებოდაო. ამას ამბობენ ადამიანები, ვისთვისაც ყველა ფარული ჩანაწერი იმთავითვე გაყალბებულია. ადვილი წარმოსადგენია ასეთი ჩანაწერების საფუძველზე დაჭერილი „პოლიტპატიმრების” მხარდასაჭერად გამართული აქციების სიმძაფრე, არასამთავრობოებიდან ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში დაგზავნილი „დანოსების” არტისტულობა, დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში წამოწყებული  გრაფიტის კამპანია („თავისუფლება სოზარის!”), მანქანებზე და მობილურებზე მიწებებული სტიკერები – „ნუ მისმენ!”, „უმძიმესი პოლიტიკური ვითარებით” შეწუხებული ინტელიგენტების საგაზეთო დიდაქტიკა და ა.შ. 
რა უნდათ ქართველ ინტელიგენტებს?  ამ სიტყვას ბრჭყალებში არ ვსვამ, ვინაიდან არ არსებობენ „ნამდვილი” და „თვითმარქვია” ინტელიგენტები. ინტელიგენტობა მხოლოდ სტატუსია, ხშირად ბანალური ორმაგი სტანდარტების სამჭედლო,  ფასადური მორალური იმპერატივებით დემაგოგია, მანკიერი ფასეულობებისა და კასტურ-კლანური გაგების სათბური... ქართველი ინტელიგენტების უკმაყოფილების მიზეზი სინამდვილეში სულ სხვაგანაა და ძირშივე არადემოკრატიულია. რა უნდა ამ ხალხს? მათ უნდათ ვეგეტარიანელის სახელი ჰქონდეთ, მაგრამ ყოველ საღამოს ვახშამზე სტეიკს მიირთმევდნენ. მათ უნდათ ბეწვის ქურქები ეცვათ, მაგრამ ცხოველთა დაცვის საზოგადოებებს თავმჯდომარეობდნენ. მათ უნდათ პროლეტარის იმიჯით ამაყობდნენ, მაგრამ არისტოკრატის ცხოვრებით ტკბებოდნენ. მათ უნდათ მშვიდობა, მაგრამ არ უნდათ იარაღი, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს. მათ უნდათ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს „ერთმორწმუნე-ევრაზიული”. მაგრამ ყველაზე მეტად მათ უნდათ „ღვაწლის” აღიარებაზე დაფუძნებული იმუნიტეტი, პრივილეგიები და მონოპოლია კეთილისა და ბოროტის განსაზღვრაზე...
საქართველოს მთავარი შიდა პრობლემა არა კიტოვანები, ხაჩიშვილები და მსგავსი ლექი, არამედ მარადიული ქართული ინტელიგენციაა, რომელიც უკვე მერამდენე ათწლეულია, სტაბილურად მრუდე მორალურ არჩევანს აკეთებს. კიტოვანები უბრალო ყაჩაღები იქნებოდნენ, მათ რომ ინტელიგენციის მადლი და შარავანდი არ ასხივოსნებდეს. გავა დრო და არც 7 ნოემბერი ემახსოვრება ვინმეს და არც 26 მაისები, თავისი სტადიონზე შესრიალებული კლოუნებითა თუ რუსთაველზე გაყეყეჩებული „შეფიცულებით”. დაილექება მხოლოდ ის, რომ XXI საუკუნის დასაწყისში, ერთი უნიათო, დარდიმანდული, კრიმინალური მენტალიტეტის, მოღალატე ფეოდალებითა და ვაზელინმომარჯვებული ინტელიგენტებით დაავადებული ქვეყანა თანამედროვე, განათლებულმა და მერიტოკრატიულმა ქართულმა საზოგადოებამ ჩაანაცვლა. მაგრამ ვიდრე ეს პროცესი მიმდინარეობს, ამ ხელისუფლების შეცდომებისა თუ შეგნებული გადაცდომების ყველაზე დიდი ხელშემწყობი სწორედ ექსტრემიზმი და ექსტრემიზმის არაღიარებული მოკავშირე ინტელიგენციაა, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ ხელს უშლის ნამდვილ, ორგანიზებულ, ინტელექტუალურად მობილიზებულ და პოლიტიკურად სასარგებლო ოპონირებას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ საზოგადოებას.
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დეპუტატები აფასებენ

კომენტარები