ერთშვილიანობის პოლიტიკის კრახი

 2011 წელს ჩინეთში მოსახლეობის აღწერა დასრულდა. მონაცემების თანახმად, ქვეყანაში  ხანდაზმულთა რაოდენობამ იმატა, ხოლო მოსახლეობის ზრდის ტემპმა – იკლო. აღწერის შედეგებით ჩინეთის ხელისუფლება კმაყოფილი უნდა იყოს. 70-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში შობადობამ პიკს მიაღწია. სწორედ ამიტომ, 1980 წელს, ხელისუფლებამ  დემოგრაფიული ექსპერიმენტი – ერთშვილიანობის პოლიტიკა („one-child policy”) შემოიღო. ჩათვალეს, რომ მოსახლეობის ზრდა, სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი იყო – რესურსები ყველას დაკმაყოფილებას არ ეყოფოდა. დემოგრაფიულ მატებაში ეკოლოგიურ საფრთხესაც ხედავდნენ. გაზრდილი მოსახლეობისთვის საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების დიდი ოდენობა იქნებოდა საჭირო. ამით გარემოს გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა. რაც უფრო ცოტა ადამიანზე განაწილდებოდა სიმდიდრე, თითოეული მოქალაქე მით უფრო უკეთ და ჯანსაღ გარემოში იცხოვრებდა. ამ ცდას შედეგი 30 წლის შემდეგ უნდა მოეტანა.

ჩინეთმა მიზანს მიაღწია. 28 აპრილს გამოქვეყნებულმა აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობა 2000 წელს 1.27 მილიარდი იყო, ახლა 1.34 მილიარდს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდა 0.57%-ია, მაშინ როცა 1990-2000 წლებში თითქმის ორჯერ მეტი – 1.07% – იყო. დემოგრაფიული ზრდის თვალსაზრისით, ჩინეთი უკვე ჩამორჩა ინდოეთს, სადაც მოსახლეობა გაცილებით ახალგაზრდაა და სამჯერ სწრაფად იზრდება.

აღწერამ ერთი საგანგაშო ტენდენცია გამოავლინა – ჩინეთი ბევრად უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე მდიდრდება. 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა 13.3%-ია, მაშინ როცა 2000 წელს 10.3%-ს შეადგენდა, ხოლო 14 წელზე უმცროსი თაობა 16.6%-ია, ათი წლის წინ 23% იყო.

მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად,  სიცოცხლის ხანგრძლივობაც მატულობს. შესაბამისად, შრომისუუნარო მოხუცების ხვედრითი წილი იზრდება. ეს ახალგაზრდებს მძიმე ტვირთად აწვებათ. რადგანაც ამ უკანასკნელთა ხვედრითი წილიც იკლებს, გამოდის, რომ შრომისუნარიან მოსახლეობაზე ტვირთი ორმაგად მძიმდება. 
შემდეგი 15 წლის განმავლობაში, ჩინეთს მუშახელის დეფიციტი არ ემუქრება. თუმცა თუ მსგავსი დემოგრაფიული ტენდენციები გაგრძელდება, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას საფრთხე შეექმნება. აქამდე ჩინური ეკონომიკური სასწაულის საფუძველი, იაფი მუშახელი და მისი დიდი რაოდენობა იყო. დაბერებული მოსახლეობის უზრუნველყოფის მზარდი სოციალური და სამედიცინო ხარჯები, ეკონომიკური ზრდის ტემპზე უარყოფითად აისახება.

აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ერთშვილიანობის პოლიტიკის გადახედვის საკითხი დადგა. პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს ინიციატივით, ახალი დემოგრაფიული ექსპერიმენტი განხორციელდება – 5-6 პროვინციაში, სოფელში მცხოვრებთ, რომელთაც ერთი ქალიშვილი ჰყავთ და, ასევე, წყვილს, სადაც ორივე დედისერთაა, მეორე შვილის ყოლის უფლებას მისცემენ. ასეთივე შეღავათები გავრცელდება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებზეც. 
 

კომენტარები