დიმიტრი ერმაკოვი – გზაჯვარედინზე

0 კომენტარი

 საქართველო თანამედროვეობის გზაჯვარედინზე მე-19 საუკუნე – საქართველოს ეროვნული მუზეუმი – ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმი, ახლად გარემონტებულ დარბაზებს, ამ სათაურის ქვეშ გაერთიანებულ ფოტოგამოფენას უთმობს. ვერცხლით ბეჭდვის მეთოდით შესრულებული 80 ფოტო დიმიტრი ერმაკოვის სახელობის მე-19 ს-ის ფოტოკოლექციის მცირედი ნაწილია. კოლექცია, რომელიც არა მხოლოდ ფოტოხელოვნების, არამედ ზოგადად ქართული კულტურის მნიშვნელოვან მატიანეს წარმოადგენს, 9 ათასი ფოტოს, 15 ათასამდე მინის ნეგატივის, 3 ათასამდე სტერეოფოტოსა და 128 ალბომისაგან შედგება. დიმიტრი ერმაკოვის გარდაცვალების შემდეგ 1918 წელს არქივი საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოებამ და თბილისის უნივერსიტეტმა შეიძინა, 1930 წლიდან კი მუზეუმს გადაეცა. 2000-2010 წლებში, ჰოლანდიური ფონდის Horizon Foundation-ისა და როტერდამის ფოტომუზეუმის დახმარებით, ფოტოკოლექციის რესტავრაცია მიმდინარეობდა. დღეს კი, 80 ფოტოსაგან შემდგარი საინტერესო ექსპოზიცია, მნახველს 21 ივნისამდე ელოდება.

 ფოტოგრაფია შექმნისთანავე, მე-19 ს-ის მეორე ნახევრიდან, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. სასურათხატო – ასე უწოდებენ იმ დროს ფოტოატელიეებს, 1850-1900 წლებში კი ფოტო რეალისტური ფერწერის შემცვლელ შუქწერად გვევლინება. ამავე პერიოდს დაემთხვა სწრაფი ინდუსტრიალიზაცია და მიმოსვლის განვითარება. ამან, თავის მხრივ, სხვადასხვა მეცნიერების, განსაკუთრებით კი ეთნოგრაფიისადმი ინტერესი გაზარდა და პრაქტიკული საქმიანობაც გაადვილდა. ერთ-ერთ პირველ ფოტოხელოვანს და დიდ საზოგადო მოღვაწეს, ალექსანდრე როინაშვილს უკავშირდება კავკასიაში პირველი სამუზეუმო პრაქტიკა. მის მიერ შესრულებული ფოტოები სხვა ავტორებთან ერთად დიმიტრი ერმაკოვის სახელობის კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია. სამწუხაროა, რომ ატრიბუცია ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, რაც გამოფენაზეც ნათლად ჩანს. ფოტოები ავტორების გარეშე, მხოლოდ სახელწოდებებითაა გამოფენილი.

 ექსპოზიციის პირველი მცირე დარბაზი საქართველოს გზებს და რკინიგზას ეთმობა: თბომავალი, რკინიგზის პროვინციული სადგური, თეთრ ფონზე თითქმის აბსტრაქტული სახენიშნები-გზის დასუფთავება. გაგიკვირდებათ და ფოტოები კონცეპტუალურ ნამუშევრებს უფრო ჰგავს, ვიდრე 110 წლის წინ გათამაშებულ სცენებს. მეორე, დიდ დარბაზში ფოტოები სხვადასხვა თემების მიხედვითაა დაჯგუფებული: ქალაქები, პეიზაჟები, სხვადასხვა საქმიანობა, ეთნიკური ჯგუფები და ტიპაჟები. უცნაური სისადავით და, ამავე დროს, სიდარბაისლით სავსეა არა მხოლოდ ხალხი, არამედ სივრცეებიც – ქალაქ ტფილისის ქუჩები. ადამიანი ამ ფოტოებზე თითქოსდა გულჩვილი და ბრძენია. სად ემიჯნება ირონია მძიმე ყოფას, რთული გასაგებია: ქართველი ტუსაღები ბორკილებით ჩიბუხს ეწევიან, გასაოცარი სილამაზის ზუბალაშვილის სახელობის უპოვართა სახლში კი მოხუცი ვიოლინოთი ირთობს თავს.

საქართველო, არა როგორც იმპერიის ნაწილი, არამედ როგორც კოსმოპოლიტური სივრცე, ისე წარმოგვიდგება. რასაც ახლა ვიმეორებთ და ვამტკიცებთ, თითქოს უკვე იყო: მულტიკულტურული თბილისი და ბათუმი, განუმეორებელი არქიტექტურა და დაცული ტერიტორიები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები