ხურციძის ელვისებური დარტყმა და გამარჯვება

პროფესიონალმა ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ კიევის სპორტის სასახლეში მორიგი ბრძოლა გამართა. მისი მეტოქე ამჯერად კოლუმბიელი დიონისიო მირანდა იყო. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ადგილობრივი გულშემატკივარი ბოლომდე კმაყოფილი მაინც ვერ დარჩა. ყველაფრის მიზეზი კი ქართველი ტორნადოს სწრაფი გამარჯვება გახდა. ხურციძემ მოწინააღმდეგე დიდხანს არ აწვალა და საქმე პირველივე რაუნდში დაამთავრა. ორ წუთზე ცოტა მეტი იყო გასული, როდესაც ტორნადომ მეტოქეს ისე დაარტა მიაყენა, ამ უკანაკსნლემა კარგა ხანს წამოდგომაც ვეღარ მოახერხა. არადა კოლუმბიელი ქართველზე 22 სანტიმეტრით მაღალია და ბრძოლის წინ გამარჯვებაზე ფიქრობდა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ ავთანდილ ხურციძის სტატისტიკური მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ამჯერად მის ანგარიშზე 29 ჩატარებული შეხვედრიდან 25 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება ირიცხება. აქედან 15-ჯერ მოწინააღმდეგეს საქმე ვადაზე ადრე, ნოკაუტით მოუმთავრა.

ეს ყველაფერი კი იქითკენ მიდის, რომ ხურციძემ კიდევ უნდა იბრძოლოს უმაღლესი დონის მოწინააღმდეგეებთან. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ელიტარული ვერსიის საჩემპიონო ქამრებზე პრეტენზიას ტყუილად არ აცხადებს.

ამ შეხვედრის ჩანაწერის ნახვა მაყურებელს ამ მისამართზე შეუძლია: http://www.youtube.com/watch?v=NvAHB-re7Ho

კომენტარები