ნადალი

ნადალი
REUTERS
ნადალი
ფოტო: REUTERS
არიზის ქვიშაზე ბოლო გასაუბრების ერთ-ერთი გათამაშება მიდის. კორტის ერთი მხრიდან რაფაელ ნადალი იღლება და უფრო სხვას, იმ მეორეს ღლის. ის მეორე როჯერ ფედერერია. ფედერერი არ გღლის. გეთამაშება და გასვენებს. ბოლოში, როდესაც ხვდები, რომ წააგე და ბადესთან როჯერს ხელი უნდა ჩამოართვა, გსიამოვნებს, რომ იმ მომენტში შენ აგირჩია. მოგიგო, შეგისრულა, გაგიცინა, დამშვიდობება დაგიმახსოვრა და წავიდა. როჯერი ყველაფერს იმახსოვრებს და გასახსენებელს იხსენებს. ნადალს არაფერი არ ახსოვს. ნადალი სხვას ახსოვს და გახსენება არ უნდა. ნადალი სულ ასე იგებს. დამღლელია. 

ნადალი სპორტით ცხოვრობს და ფედერერი სპორტის სახეა. ნადალი ფედერერს უგებს და ამით, სპორტს სახეს უნარჩუნებს. ნადალმა ფედერერს ფინალი უნდა მოუგოს და ფედერერის ბევრი სპონსორი წაგებული ფინალით სიამოვნებას იღებს. სპონსორებისთვის წაგებული ფინალი თითქმის ჰალუცინატორია. მიიღებ და რეალიზებულ მატჩ პოინტამდე, სადღაც სხვაგან, ზემოთ, ღრუბლების დერეფნებში დადიხარ. იკარგები და დერეფნიდან ნადალის ფორჰენდმა უნდა გამოგიყვანოს. ბოლო დროს ეს პროცესიც დამღლელია. 

ნადალი ფედერერთან აგებს ქარიზმით და იგებს გამძლეობით. ფედერერი ჯერ დგას და უფრო წამსვლელია, ვიდრე მომგები. ნადალი ჯერ დგას და მომენტებში ისვენებს. იქვე, ჰამაკში ჩაგორდება, დაისვენებს, ალუბლის წვენს მიიღებს და ისევ დარბის. ნადალი სულ დარბის. დამღლელია. 
ცხრა წლის წინ უიმბლდონის ფინალს მეგობრებთან ერთად ჩავუჯექი. ფედერერი უკვე პოპულარული იყო, მაგრამ რაღაც დიდი, განსაკუთრებული, წონადი ჰქონდა მოსაგები. მეორე ფინალისტი ოზი რესტლერი, მარკ ფილიპუსისი გახდა. მარკმა აგასის ორმოცზე ბევრი ეისი ჩაუსვა, ერთჯერადი ბიჭებიც მშვიდად მიანგრია და ფედერერზე გავიდა. ფინალი დაწყებამდე მორჩენილი იყო. მარკმა ფინალში გასვლით დასვა ბონუსი და როჯერმა ფინალის მოგებით მოხსნა ჯეკპოტი. ნადალმა ჯეკპოტი და ფედერერი მოხსნა. ფედერერი ფინალით გახდა ყველაზე მაგარი ბიჭი და ნადალს ფინალში ფინალი უნდა მოეგო. მოიგო. ესეც დამღლელია.

როჯერ ფედერერი
ფოტო: REUTERS
 ნადალი როჯერს ოცდამეხუთედ შეხვდა და მეჩვიდმეტედ გაშალა ფლეში. ფედერერი ფსონის გაზრდას ერიდება. ნადალს ერიდება. მასთან თითქმის სულ მორიდებულია და ნადალი ამას ხედავს. თუ ფედერერი ჩოგბურთის პელეა, ნადალი ბილ რასელია. სელტიქსის საყვარელი ბაბუასავით იგებს ბევრს, იგებს ყველგან და იგებს ყველაზე კარგებთან. როლან გაროზე ნადალმა მეექვსედ მოიგო ფინალი და მეათედ დაირტყა მეიჯორის მთავარი პრიზი. 

ფედერერს ნადალთან კარგი სერია ერთხელ ჰქონდა. როჯერმა მოიგო ხუთი წლის წინ უიმბლდონი და ერთწლიანი კრუიზის დროს, ნადალს შვიდიდან ხუთი მოგება წაართვა. როჯერი უგებს ესპანელ მასტიფს გრუნტზე. მასტიფს ძვალი წაართვეს და მასტიფმა ძვალი მალე დაიბრუნა. ნადალი დღესაც მასტიფია და როჯერი, დაღლილი ნიუფაუნდლენდი. ბაჯბაჯებს, ყველას მოსწონს, ყველა ეფერება და მასტიფს რომ ხედავს, მორიდებული ხდება. მასტიფი ნიუფაუნდლენდს პატივს სცემს და ტენტის ქვეშ, კარგ ადგილს მაინც არ უთმობს. 

ფედერერის ჩოგბურთი მაკრატელია. ნადალის ჩოგბურთი აგურია. ჯოკოვიჩის ჩოგბურთი ბადეა. წელს აგური ბადეში ოთხჯერ გაეხვა. აგურმა მაკრატელი ეგრევე მიბლაგვა, დაამტვრია. 

როჯერმა ერთ-ერთი გეიმის მოგების შემდეგ, გზა რაფაელს დაუთმო, გაატარა, დაისვენა. ფედერერი ძლივს სუნთქავდა. ნადალს აკრეფილი ჰქონდა და დასვენება დაეზარა. დასვენება ფედერერისთვის აუცილებელი და ნადალისთვის დამღლელი იყო. როჯერმა შემდეგი გეიმი ას წამში წააგო. 
ფედერერის ჩოგბურთი ინდიანა ჯოუნსია. ბევრს მოგზაურობს, სიბრძნეს აგროვებს და ყველას ეხმარება, დაკარგულს უბრუნებს. ფედერერისგან სიბრძნეს სესხულობენ და როჯერი ბედნიერია, რომ სხვაც ბრძენი და მცოდნეა. 

ნადალი კი ტერმინატორია. ის, სულ პირველი, ოდნავ პრიმიტიული, უბრალო, კლასიკური ტერმინატორი. ჯეიმს ქემერონის მანქანას ერთი მიზანი ჰქონდა, უნდა მოეკლა სარა კონორი. ტერმინატორი არ უნდა გაჩერებულიყო და ავსტრიული აქცენტით „ალ ბი ბექ” დაეტოვებინა. რაფაელი ATP-ს კიბორგია. იგებს, არ აგებს, ვერ აგებს და სულ ბრუნდება. რაფაელი ტილოზე უფრო ღრმა და მოკრძალებულია, ვიდრე ბოსხი და რაფაელის სოლოში უფრო დიდი დოზით არის იმპროვიზაცია, ვიდრე ზაკ უაილდის ბაროკოში.  

ნადალს ფედერერზე 6 მეიჯორით ცოტა აქვს მოგებული. ნადალი ჯერ 25 წლის არის. 25 წლის ფედერერს დიდი სლემის რვა ფინალი ჰქონდა მოგებული. ნადალი ბოსია გრუნტზე, ისწავლა სწრაფ კორტებზე მოგება და ფედერერს უფრო აქვს მისი კომპლექსი, ვიდრე ნადალს როჯერის რიდი. დამღლელია, რომ ნადალი არ იღლება. 

ნადალი იგებს დიდ ფინალს პარიზის ქვიშაზე. ნადალი იგებს დიდ ფინალს კოალების სოლარიუმში. ნადალი იგებს დიდ ფინალს და პრიზს სერ ბობი ჩარლტონისგან იღებს. ნადალი იგებს დიდ ფინალს ნიუ იორკში და ჯეკ ნიკოლსონთან ერთად ოუშენის ერთ-ერთი ძმაკაცის ნიშნობაზე მიდის. ნადალი სულ იგებს. ესეც დამღლელია. 

ნოვაკ ჯოკოვიჩი და ხუან მარტინ დელ პოტრო
ფოტო: REUTERS
 პრო ტურზე წელს სერბულ-პოლიგლოტურ ლექსიკონებს არიგებდნენ. ჯოკოვოჩმა ყველას მოუგო, ოთხჯერ ნადალს ატკინა და პარიზშიც უფრო სერბი იყო ჯოკერი, ვიდრე ნადალი. ნადალი ძველი, ბევრ მაგიდაზე წამოწოლილი ყვავის ტუზი იყო. ის ტუზი უნდა გადაეჯოკრათ და ჯოკერი გამოცდილი კრუპიეს თითებმა გატეხეს. კრუპიე ფედერერი იყო. 

დასვენებული და დამღლელი ნადალის, მშვიდი და სექსუალური როჯერის და სერბი ძველი ბიჭის გარდა, როლან გაროზე სხვა საინტერესო, სამთავარსათაურო ამბებიც იყო. 

ხუან მარტინ დელ პოტრომ და ჯოკოვიჩმა მესამე წრეში გაარჩიეს ყველაფერი და (წვიმის გამო) ორდღიანი გარჩევის დროს, მსაჯი არ შეუწუხებიათ. სერბმა ოთხჯერ ანიშნა არგენტინელს, აუტი იყო თუ ჩავარდაო და დელ პოტროს პასუხი ნოვაკისთვის ყველა „ჰოქ აიზე” სანდო იყო. დელ პოტრომ რამდენჯერმე შეაწუხა სერბი და სერბს ბოლომდე ენდო. ლამაზი, დასამახსოვრებელი, კაცური წუთები იყო. 

მანდილოსნებში ყველაზე მომთმენი და სტაბილური ჩინელი ნა ლია. გოგონა კარგ ჩოგბურთს თამაშობს, რეიტინგში უკვე მეოთხეა და გაცვეთილ, ულიდერო და უუილიამსო ტურზე, შეიძლება პირველი გახდეს. 

ჯონ მაკინროიმ როლან გაროს პარკში თავისი ნახატები გამოფინა. ჯონ მაკინროის გამოფენაზე რუსმა ჟურნალისტმა მურტალი კითხვა დაუსვა, რაფაელ ნადალის შემოტკეცილი მაისურები არ გაღიზიანებთო? ჯონ მაკინროიმ რუს ჟურნალისტს მურტალი პასუხი დაუბრუნა, ნადალის ტანი რომ მქონდეს, შემოტკეცილ მაისურს დედაჩემის პანაშვიდზე ვატარებდიო. ჯონიც მურტალია. ესეც დამღლელია. 

კომენტარები