ალ-ყაიდას ახალი ლიდერი ჰყავს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/assdadddddddddddddddddddddd.png##fbimage#
 ტერორისტულმა ორგანიზაცია ალ-ყაიდამ ახალი ლიდერი ოფიციალურად დაასახელა. უსამა ბინ ლადენს აიმან ალ-ზავაჰირი შეცვლის. ალ-ყაიდამ განცხადება ამის შესახებ დღეს გამოაქვეყნა. ალ-ზავაჰირი განათლებით ექიმია. ბინ ლადენის სიცოცხლეში ის ალ-ყაიდას ნომერ მეორე ლიდერად ითვლებოდა. მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაციის შემდეგ მას ისედაც  განიხილავდნენ ალ-ყაიდას ახალ მეთაურად.  გასულ კვირას მან გაავრცელა ვიდომიმართვა, სადაც იმუქრებოდა, რომ უსამა ბინ ლადენი აშშ-სთვის  ”თავზარის დაცემას” საიქიოდანაც  გააგრძელებს.

აიმან ალ-ზავაჰირი ალ-ყაიდას იდეოლოგად ითვლება. ის ხშირად ავრცელებდა ვიდეო მიმართვებს მუსლიმებისადმი მათი რადიკალიზაციისა და გადაბირების მიზნით.  2003 წლიდან  მისი 40-მდე ასეთი ვიდეო მიმართვა გამოვიდა.  ერთ-ერთი მსგავსი განცხადება უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციამდე ერთი თვით ადრე გავრცელდა.

აშშ-ს სპეცსამსახურების ვარაუდით, ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრზე 2001 წლის 11  სექტემბრის თავდასხმა სწორედ ალ-ზავაჰირის ჩაფიქრებული და დაგეგმილია. ამის გარდა მას ბრალად ედება 1998 წელს კენიასა და ტანზანიაში აშშ-ს საელჩოებთან აფეთქებები.  2001 წელს ალ-ზავაჰირი ვაშინგტონმა „ყველაზე მეტად ძებნილ“ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. ამ სიაში ის მეორე ნომერი იყო უსამა ბინ ლადენის შემდეგ.

ვარაუდობენ, რომ ალ-ყაიდას ახალი ლიდერი  პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე მთებში იმალება სადაც, სავარაუდოდ, ადგილობრივი ტომების მხარდაჭერით სარგებლობს.  მისი  ცოლი და შვილები 2001 წლის მიწურულს ამერიკული ავიადაბომბვების შედეგდ დაიღუპნენ.

ალ-ზავაჰირი 1990 წელს შექმნილი  გასამხედროებული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამის გამო ეგვიპტეში მას დაუსწრებლად გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი.

არსებობს ინფორმაცია, რომ 1996 წელს,  პირველი ჩეჩნური ომიდან ძალიან მალე რუსმა სამხედროებმა ალ-ზავაჰირი ჩეჩნეთში უვიზობის გამო დააკავეს. მისივე მონაყოლის მიხედვით,  ექვსი თვე მან რუსეთის ერთ-ერთ ციხეში  გაატარა, თუმცა იმის გამო, რომ სპეცსამსახურებმა ვერ შეძლეს მის კომპიუტერში ნაპოვნი არაბული ტექსტების თარგმნა, გაათავისუფლეს. 

კომენტარები