ეკლებიდან ვარსკვლავებისკენ

REUTERS

ფოტო: REUTERS
 პაკისტანში ოსამა ბინ ლადენის განადგურების ოპერაციამ, ამერიკულ სპეციალურ ძალებს საკუთარი სახე დაუბრუნა. წარმატებულ სპეცოპერაციებს, ჩაფლავებული ცდებისგან განსხვავებით, მედია იშვიათად თუ უთმობს შესაბამის ყურადღებას. თუმცა, ბინ ლადენის განადგურების ოპერაცია მსოფლიო ყურადღების გარეშე ვერ დარჩებოდა. ამერიკულმა სპეციალურმა ძალებმაც შანსი ხელიდან არ გაუშვეს – შესრულებული მისია, არც ერთი დაღუპული ამერიკელი სამხედრო და ეს ყველაფერი სულ რაღაც 40 წუთში. ამას ამერიკული ელიტური ქვედანაყოფები 31 წლის განმავლობაში ელოდნენ. 1980 წლის ოპერაცია არწივის კლანჭი, რომელიც მიზნად ისახავდა თეირანში, ამერიკის საელჩოში მძევლად აყვანილი 53 ამერიკელის გამოხსნას, კრახით დასრულდა. ამერიკელებმა ახლო აღმოსავლეთში 8 ვერტმფრენი გაგზავნეს. ერთი მათგანი უდაბნოში ქვიშის ქარიშხლის გამო მწყობრიდან გამოვიდა. მალე კიდევ ერთ ვერტმფრენს ეწია იგივე ბედი. ოპერაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც მესამე ვერტმფრენი იმ ამერიკულ თვითმფრინავს შეეჯახა, რომელსაც ოპერაციაში დამხმარე როლი უნდა შეესრულებინა. ინციდენტს არა მარტო 8 ამერიკელი სამხედრო და სპეციალური ქვედანაყოფების პრესტიჟი, არამედ პრეზიდენტ ჯიმი კარტერის კარიერაც შეეწირა. ის 1982 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში რონალდ რეიგანთან დამარცხდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ არწივის კლანჭის ჩაფლავება მიიჩნევა.

ჩავარდნილი ოპერაციიდან ამერიკელებმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანეს. იმავე წელს შექმნეს სპეციალური ოპერაციების ერთიანი შტაბი (Joint Special Operations Command – JSOC). ამ უწყებას სპეციალური ოპერაციების დაგეგმვა (რომელსაც ძირითადად ქვედანაყოფი დელტა ფორსი ახორციელებდა) და სარდლობა დაეკისრა. წარუმატებლობის თავიდან ასაცილებლად, მათ ყველა დეტალი უნდა გაეთვალისწინებინათ. დროთა განმავლობაში JSOC-მ საკუთარი პროფილი მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლითა და სხვადასხვა ავტორიტარული ქვეყნების ბირთვული ამბიციების ნეიტრალიზებით განავრცო. 1987 წელს შეიქმნა ამერიკის სპეციალური ოპერაციების შტაბი (US Special Operations Command – SOCOM) – JSOC-ზე იერარქიულად უფრო მაღალი უწყება (JSOC იმ დროისათვის ორვარსკვლავიანი უწყება იყო, SOCOM კი – ოთხიანი. JSOC სამვარსკვლავიანი სტრუქტურა 2006 წელს გახდა). SOCOM-ს, სამხედრო საკითხების გარდა, გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც დაეკისრა.

JSOC-ის ერთ-ერთი პირველი წარმატება, 1989 წელს, პანამის მოდელოს საპყრობილიდან ამერიკის მოქალაქე კურტ მიუზის გათავისუფლება იყო. თუმცა ამას ოთხი წლის შემდეგ, კიდევ ერთ ჩაგდებული ოპერაცია მოჰყვა – სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ამერიკელებს ჰაბრ გადირის კლანის ლიდერების ხელში ჩაგდება სურდათ. ოპერაციის დროს ქალაქში ამერიკელთა ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მალე ყველაფერი სრულმასშტაბიან ბრძოლაში გადაიზარდა. დაიღუპა ასეულობით სომალელი მილიციური არმიის წარმომადგენელი, ამერიკელთა მხრიდან კი 19 სამხედრო მოკლეს. 

გენერალი სტენლი მაკკრისტალი
ფოტო: REUTERS
 მიუხედავად მოგადიშოს ჩავარდნილი ოპერაციისა, JSOC-ის ქმედუნარიან უწყებად ჩამოყალიბება მისი ხელმძღვანელის, ბილ გარისონის სახელს უკავშირდება. ყოფილი და ახლანდელი სპეცრაზმელები იხსენებენ, რომ ბილმა სტრუქტურა გარდაქმნა – ყველა ადამიანი თავს ერთი გუნდის წევრად გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებიდან მოდიოდნენ. 

JSOC-ის, როგორც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სამხედრო უწყების სახე, გენერალ მაიორ სტენლი მაკკრისტალის სახელთანაა დაკავშირებული. ის JSOC-ს სათავეში 2003 წელს ჩაუდგა. მაკკრისტალმა, რომელმაც კარიერის ნაწილი არმიის 75-ე რეინჯერთა ქვედანაყოფში გაატარა, ორგანიზაციაში დისციპლინა დანერგა. მან თავდაცვის სამინისტროსთან, სხვა სამთავრობო სააგენტოებსა და უსაფრთხოების სამსახურებთან მუშაობის მეთოდები რადიკალურად შეცვალა.

მაკკრისტალმა ერაყში სპეცოპერაციების ქსელი გაშალა. მისი მიზანი მეამბოხეებისა და ქვეყანაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების განეიტრალება იყო. მაკკრისტალის ერაყული კამპანიის წარმატების პიკი 2006 წელს დადგა, როდესაც ამერიკელებმა მოახერხეს ალ-ყაიდას ერაყული ფრთის ლიდერის, აბუ მუსაბ ალ-ზარქავის ქსელისა და თავად ალ-ზარქავის განადგურება.

მაკკრისტალმა JSOC 2008 წელს დატოვა. ის უილიამ მაკრავენმა შეცვალა, რომელმაც წინამორბედის პოლიტიკა გააგრძელა. მისი ხელმძღვანელობით, JSOC-მ საკუთარი ოპერაციები ერაყიდან ავღანეთშიც განავრცო. ამჟამად უპირველესი ამოცანა ჰაქანის ქსელის განადგურებაა, რომელიც ავღანურ ამბოხებულთა ჯგუფებიდან ყველაზე სახიფათოდ ითვლება. 2008 წლიდან მოყოლებული, JSOC-მ მრავალი წარმატებული სპეცოპერაცია დაგეგმა, თუმცა ის მაინც მაკკრისტალის ორგანიზაციად მიიჩნევა.

ბინ ლადენის ოპერაციაში სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ, თუმცა მთავარი როლი ამერიკის საზღვაო ფლოტის SEAL (ინგლისურად ზღვის, ჰაერისა და ხმელეთის აბრევიატურა) ჯგუფებმა (უფრო კონკრეტულად SEAL Team 6-მა) შეასრულეს. დროთა განმავლობაში ფლოტის SEAL-სა და დელტა ფორსს შორის განსაკუთრებული კონკურენცია ჩამოყალიბდა. ზოგიერთი მიმომხილველი საპასუხისმგებლო ოპერაციისთვის SEAL-ის არჩევას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ JSOC-სა და SOCOM-ის ახლანდელი ხელმძღვანელები (შესაბამისად, უილიამ მაკრავენი და ერიკ ოლსონი) სწორედ SEAL ჯგუფებიდან მოდიან. თუმცა უფრო დამაჯერებელი ის არგუმენტია, რომ დელტა ძირითადად ერაყშია დაკავებული, SEAL კი ავღანეთში მოქმედებს. თავად დელტა ფორსის წევრებიც აღიარებენ, რომ ბინ ლადენის განადგურების ოპერაციამ პრაქტიკულად უშეცდომოდ ჩაიარა. 31 წლის წინ ჩაგდებული ოპერაციის რეაბილიტაციის საშუალება მათ ამ შემთხვევაში არ მიეცათ. 

გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა კი გრძელდება. ამერიკის ყველაზე სახიფათო ძებნილთა სია, ოსამა ბინ ლადენის გარეშეც „მიმზიდველად’’ გამოიყურება.

კომენტარები