ერთი ნაბიჯით წინ, ევრიმაჟისაკენ (Eurimages)

 საქართველო ევროპის საბჭოს, ევროპული კინოს მხარდაჭერის ფონდის „ევრიმაჟის“  (Eurimages) 36-ე  წევრი ქვეყანა გახდა. კულტურის სამინისტროში 13 ივნისს საზეიმო ვითარებაში საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა თამარ ტატიშვილმა  ქართული კინოსა და ზოგადად, კულტურული პოლიტიკისათვის, „ევრიმაჟის“ მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.     

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საქართველომ რამდენიმე რთული და საპასუხისმგებლო ეტაპი გადალახა, რის შემდეგაც ის ერთხმად, კენჭისყრის გარეშე აირჩიეს „ევრიმაჟის“  წევრ ქვეყნად. შედეგად, ერთ-ერთი მსხვილი ფონდის  (Eurimages) მიერ  ჩვენთვის გახსნილი  ევროპის კინობაზარი და  სამომავლო პერსპექტივებია, რაც ფინანსურ თუ საერთაშორისო ფესტივალებსა და კინოფორუმებეზე მხარდაჭერას უკავშირდება.
 ფონდი, რომელიც 1988 წელს დაფუძნდა, დღესდღეობით 36 ევროპულ სახელმწიფოს მოიცავს და თანმიმდევრულად კინემატოგრაფის ოთხ სტრატეგიულ მიმართულებას ლობირებს: ეს არის კო-პროდუქციის მხარდაჭერა, რაც სხვა ქვეყნებთან თანაავტორობასა  და ფილმწარმოებას გულისხმობს; დისტრიბუციის მხარდაჭერა, რაც ქართული კინოს საერთაშორი  ბაზარზე  გატანას უზრუნველყოფს; კინოთეატრების მხარდაჭერა, მათი განვითარებისა და ქსელის გაფართოებაა, რომლის მიზანიც  კინოთეატრების ეკრანებზე,  გარდა ე.წ. მეინსტრიმისა, საავტორო და ევროპული კინოს პოპულარიზაციაა.  და ბოლოს, ეს ყველაფერი კინოთეატრების ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვას გულისხმობს.   

The Kid with the Bike (კო-პროდუქცია: ბელგია, საფრანგეთი და იტალია),  Once Upon a Time in Anatolia  (კო-პროდუქცია: ბოსნია და ჰერცოგოვინა და თურქეთი), The Minister (საფრანგეთი, ბელგია) – ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო ჩვენებებში იყო წარმოდგენილი და რომლებმაც ფესტივალის სხვადასხვა პრიზი დაიმსახურა.  აღნიშნული ფილმები სწორედ ფონდ „ევრიმაჟის“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, თამარ ტატიშვილის თქმით, ახლა, როდესაც საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი გახდა, ყველაფერი  ჩვენზე,  პროდიუსერებსა და ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტების სიძლიერეზეა დამოკიდებული. და, რა თქმა უნდა, თანხის ის ოდენობა, რომლის ინვესტირებასაც ყოველ წელს „ევრიმაჟი“ ახდენს, საქართველოს ძალიან გამოადგება: „თუ ამბიციებს უკან გადავდებთ და მუშაობას საქმიანად  შევუდგებით, სავსებით შესაძლებელია, თითქმის ყველა მიმართულება გავაძლიეროთ, რომელიც დღეს ქართული  კინოსექტორის განვითარებას ესაჭიროება. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, აღსანიშნავია ფონდის კულტურული მიმართება მის წევრ ქვეყნებთან:  „ევრიმაჟი“  ხომ პირველ რიგში ქვეყნების კულტურულ იდენტობას უწყობს ხელს“,  - აღნიშნა ტატიშვილმა.

 კინოცენტრი სამომავლოდ ქართველი პროდიუსერების დატრენინგებას გეგმავს, რათა კინოსექტორი მზად იყოს „ევრიმაჟის“ ყველა საკონკურსო შემოთავაზებისა და  პროექტისათვის. 2011 წლის ბოლოს ქართველ პროდიუსერებსა და კინემატოგრაფისტებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, დაფინანსების მოსაპოვებლად კო-პროდუქციის პროექტებისთვის საქართველოდან განაცხადები წარადგინონ.

 

კომენტარები