აწმყოდ ქცეული მომავლის მედია

ტელევიზორთან მიჯაჭვულობის სინდრომი გასული საუკუნის კუთვნილება ხდება. დღეს მას, უკვე ღირსეული კონკურენტი ჰყავს: მსოფლიო გლობალური ქსელი, უფრო კონკრეტულად კი, სოციალური მედია. თუმცა, აუცილებელი არ არის, თქვენი ფსიქოპორტრეტი მედიკოსებმა რაიმე „სინდრომით” აღწერონ. ინფორმაციასთან წვდომისა და კომუნიკაციის სურვილი, ალბათ, გამრავლების ინსტინქტზე ნაკლებად ბუნებრივი არაა. ამიტომ, თუ ინტერნეტის გარეშე თავს, ცოტა არ იყოს, უსუსურად გრძნობთ, ეს ავადმყოფობას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. შესაძლოა, ტელევიზიის გავლენის რადიკალურ შემცირებაზე საუბარი ამ ეტაპზე ადრეა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ტრადიციული მედია რთული გამოწვევების წინაშე დგას. ეს, პირველ რიგში, სოციალური მედიის დამსახურებაა. 

ინტერნეტის მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებით, 1995 წლისთვის ინტერნეტის მომხმარებელთა საერთო რაოდენობა, მსოფლიოს მოსახლეობის 0.4%-ს შეადგენდა, 2011 წელს კი – უკვე 30%-ია. ამრიგად, სულ რამდენიმე წელიწადში, ინტერნეტი მილიონობით ადამიანისთვის ინფორმაციასთან წვდომის უნივერსალურ წყაროდ იქცა – ყველგან და ყოველთვის. შესაბამისად, შეიცვალა ბიზნესის კეთების თუ კომუნიკაციის გზებიც. 

რა თქმა უნდა, ინტერნეტი Facebook-ით არ ამოიწურება, მაგრამ ბევრის აზრით, „დრო Facebook-ის მხარესაა”. მედიააუდიტორიის კვლევითი კომპანიის, Neilsen-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, Facebook-ზე დარეგისტრირებული ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ ამ საიტზე, ვიდრე სხვა ნებისმიერი ვებგვერდის მომხმარებლები. გასულ წელს ამ სოციალურ ქსელში ადამიანის მიერ გატარებული დრო, საშუალოდ, ექვს საათ-ნახევარს შეადგენდა. ოფიციალური სტატისტიკით, დღეს Facebook-ს 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, აქედან 70%-მდე აშშ-ის გარეთ მყოფი ადამიანია.

სოციალური მედიის სვლა მწვერვალისკენ ზოგს მოსწონს, თუმცა ზოგი – ეჭვიანობს კიდეც. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გასულ კვირას, საფრანგეთის მთავრობამ ტრადიციულ მედიასაშუალებებს Twitter-ისა და Facebook-ის ხსენება აუკრძალა: „რატომ მაინცდამაინც Facebook-ი, მის გარდა კიდევ ბევრი სოციალური ქსელია, რომელსაც კონკურენციის გაწევა სურს”, – მიიჩნევენ ფრანგი ჩინოვნიკები. დანარჩენები ჩივიან, რომ მთავრობა წარსული დროის კატეგორიებით აზროვნებს და ვერ აცნობიერებს ინტერნეტის მზარდ ძალას. შესაბამისად, ის ბრმად ახვევს საზოგადოებას და მედიას თავის ბიუროკრატიულ ხედვებს.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ სოციალური ქსელები, საქართველოშიც სულ უფრო მეტ გავლენას იძენს. სხვა თუ არაფერი, ტელეეთერიდან ხშირად გაიგონებთ Facebook-ის გვერდებიდან მოხმობილ ინფორმაციას. ეს ყველაფერი ციფრებზეც აისახება. 
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2000 წელს საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით, სულ რაღაც, 0.5% იყო. ACT-ის ინფორმაციით, 2010 წლისთვის კი ეს ციფრი უკვე 58%-ს აღწევს. ამათგან 74% ქსელს ყოველდღიურად სტუმრობს. 2009-დან 2010 წლამდე, ეს მაჩვენებელი ერთბაშად 12%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტი მომხმარებელი თბილისს ჰყავს, თუმცა დიდად არც ბათუმი და ქუთაისი ჩამორჩებიან. საქართველოს სხვა ქალაქებში ინტერნეტი ნაკლებადაა გავრცელებული.

ACT-ს მონაცემები ცხადყოფს, რომ ინტერნეტის მოხმარების სიხშირესთან ერთად, საქართველოში სულ უფრო იზრდება ჩართულობა სოციალურ ქსელებში. მაგალითისთვის, თუ 2009 წელს ინტერნეტის ქართველ მომხმარებელთა 43% მინიმუმ ერთ სოციალურ ქსელში იყო გაერთიანებული, 2010 წლისთვის ციფრმა 68%-ს მიაღწია. იზრდება Facebook-ის როლიც – ორი წლის წინ სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებულთა დიდი უმრავლესობა (91%), რუსულ ქსელ Odnoklassniki-ს მომხმარებელი გახლდათ, Facebook-ის – მხოლოდ 6%. გასულ წელს სოციალურ ქსელებში ჩართულმა უმრავლესობამ (31%) არჩევანი Facebook-ზე გააკეთა. 

ტრადიციულ მედიასთან შედარებით, მსოფლიო ქსელს მრავალი მომხიბვლელი თვისება აქვს. ინტერნეტი ნებისმიერი სახის ბიზნესს დიდ
ბაზარზე გასვლის საშუალებას აძლევს. აქ განთავსებული რეკლამა ეფექტურია და უპირატესობაც აქვს: ბევრად იაფია, ვიდრე სატელევიზიო რეკლამა. გარდა ამისა, განსხვავებით საგაზეთო და სატელევიზიო რეკლამებისა, შესაძლებელია იმის ზუსტად დადგენა, თუ რამდენმა ადამიანმა ნახა ის. ასევე, ადვილი დასადგენია, თუ რამდენი ვიზიტორი ჰყავს ამა თუ იმ ბიზნეს-საიტს კონკრეტული რეკლამების წყალობით. რაც მთავარია, ეს სფერო გლობალურია და ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონზე მიბმული არ არის. შესაძლოა, საქართველოში ინტერნეტი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა მარკეტინგული კომუნიკაციის სრულფასოვან საშუალებად, მაგრამ ამ მიმართულებით წინსვლა საგრძნობია. თანაც, FINANCIAL-ის ცნობით, ქართველი მაყურებელი სულ უფრო ნაკლებად უყურებს სატელევიზიო რეკლამებს. მათი 55% რეკლამის დროს ხმას დაბლა უწევს, ან სხვა არხზე რთავს.

Facebook-ის ინფორმაციული ძალის ზრდას ისიც ცხადყოფს, რომ უკანასკნელ ხანებში, სახელმწიფო ორგანიზაციების თუ ცალკეული პოლიტიკოსების გააქტიურება შეინიშნება. ამის კარგი მაგალითია გასულ კვირას გამართული ვიდეოკონფერენცია: თბილისის მერმა გიგი უგულავამ Facebook-ის მეშეობით, მოქალაქეების კითხვებს ონლაინ რეჟიმში უპასუხა. შესაძლოა, უგულავას Facebook-გვერდი მასშტაბებით შორსაა ობამას წინასაარჩევნო Facebook-კამპანიისგან, მაგრამ ქართული ინტერნეტსივრცე გარკვეული დოზით, ვებზე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აქტივობის განვითარებული მსოფლიოს გამოცდილებასაც იმეორებს.

განსაკუთრებით საინტერესოა ტელეაუდიტორიისა და ინტერნეტმომხმარებლის თანხვედრის არეალები. AGB Nielsen Media Research-ის საქართველოში ლიცენზირებული წარმომადგენლის, TV MR GE-ს უკანასკნელი მონაცემებით, დაახლოებით 400 ათასამდე ქართველი, ყოველდღიურად საშუალოდ 6 საათსა და 30 წუთს ატარებს ტელევიზორის წინ. Facebook-ის მონაცემებით, საქართველო პოპულარულ სოციალურ ქსელში 500 ათასი მომხმარებლითაა წარმოდგენილი. ამრიგად, აქტიური ტელეაუდიტორიის რაოდენობა Facebook-ზე დარეგისტრირებულ ქართველ მომხმარებელთა რაოდენობას უტოლდება.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტელევიზიის გავლენის ბერკეტები სუსტდება? დასავლეთში ამ საკითხის გარშემო ჯერ კიდევ კამათობენ. ცოტა
ხნის წინ Economist-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ირწმუნება, რომ ტრადიციული მედიის მომხმარებელი განუხრელად ბერდება. ევროპელი და ამერიკელი ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა ინფორმაციის პირველწყაროდ ინტერნეტს ასახელებს, მაშინ როცა ასაკოვანი ხალხისთვის მსგავსი პირველწყარო კვლავ ტელევიზია და ბეჭდური მედიაა. ეს ტენდენცია საქართველოზეც აისახება: ACT-ს მონაცემებით, 16-24 წლის ქართველ ახალგაზრდებში (71%), ტელევიზიის შემდეგ, ყველაზე პოპულარული ინტერნეტია, მაშინ როდესაც 45 წელზე უფროსი ასაკის თაობა უპირატესობას ბეჭდვით მედიას ანიჭებს. სულ უფრო მზარდია სოციალური ქსელების მცირეწლოვანი მომხმარებლების რიცხვიც, მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ი კრძალავს საიტზე 13 წელზე უმცროსი ბავშვების დარეგისტრირებას. 
საიდუმლო არ არის, რომ მედიის გავლენა საზოგადოებაზე, კულტურასა თუ ეკონომიკაზე, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტია. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, კანადელი კომუნიკაციების თეორეტიკოსი, მარშალ მაკლუჰენი, ამბობდა, რომ ახალი ტექნოლოგიები დიდწილად განსაზღვრავენ ინდივიდების მიერ გარემოს აღქმას და, შესაბამისად, საზოგადოების ორგანიზების ფორმასაც. სწორედ მედია აყალიბებს გარემოს, ახდენს სამყაროს კლასიფიცირებას, თანმიმდევრობის განსაზღვრას, შემცირებასა თუ გაზრდას. ამ თეორიის მიხედვით, კომუნიკაციის ტექნოლოგიები მედიუმია, რომელიც თავად არის მთავარი მესიჯი. იგულისხმება, რომ განმსაზღვრელი ტექნოლოგიის ტიპია და არა ის შინაარსი, რომელსაც ეს ტექნოლოგიები გადმოგვცემენ.

ლოგიკურია, რომ სოციალური მედიის როლის ზრდა ტრადიციული ტელევიზიის გავლენაზე უკუპროპორციულად აისახება. მართალია, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (95%), სხვადასხვა სიხშირით, თვალყურს ადევნებს ტელეეთერს. მაგრამ ინტერნეტში ჩართულობა ინფორმაციის მიღებისა და ცენზურის გარეშე გავრცელების ალტერნატიული წყაროს ქონას გულისხმობს. ინტერნეტი მასმედიის სახეობათა შორის ყველაზე დემოკრატიულია: ვისაც კი ხელი მიუწვდება ქსელთან და  წერა-კითხვა იცის – საკუთარი ვებგვერდის გახსნა შეუძლია. ინტერნეტის თავისუფალი წვდომის პირობებში, ტრადიციული მასმედიის „მავნებლობის” პოტენციალი მნიშვნელოვნად მცირდება. 

კომენტარები