NATO-მ საცხოვრებელი სახლის შეცდომით დაბომბვა აღიარა

NATO-ს ოფიციალურმა პირებმა ტრიპოლიში საცხოვრებელი სახლის შეცდომით დაბომბვა აღიარეს. ინციდენტი კვირას ღამით მოხდა. კოალიციური ძალების მორიგი საჰაერო იერიშის დროს ერთი ჭურვი ტრიპოლის ღარიბ უბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაიღუპა 9 სამოქალაქო პირი, ხოლო 18 დაიჭრა. კვირას ლიბიის ხელისუფლებამ  გააკეთა განცხადება და მომხდარში NATO-ს შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. ”ბარბაროსულმა და სისხლისმღვრელმა ორგანიზაცია NATO-მ, ცალკეული დანაშაულებრივი ხელისუფლებებისა და პოლიტიკოსების მხარდაჭერით, ეს გაუმართლებელი ავიაიერიში მოაწყო სუკ ალ-ჯუმუაში მდებარე საცხოვრებელ კვარტალზე,” განაცხადა ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლიბიის საგარეო უწყების განცხადებას NATO-ს წარმომადგენელი გამოეხმაურა. ალიანსის განცხადებით, ერთ-ერთი რაკეტა, რომელიც ტრიპოლიში სამხედრო ობიექტისაკენ იყო მიმართული, მიზანს აცდა და საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ”NATO სამოქალაქო მოსახლეობაში დანაკარგის შესახებ წუხს და ყველაფერს აკეთებს ლიბიელი ხალხის დასაცავად. კადაფის რეჟიმს შეუძლია ეს ავიადარტყმები შეწყვიტოს, თუ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს ანგარიშს გაუწევს,” აღნიშნა ლიბიაში ალიანსის სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა შარლ ბუშარმა. 

კომენტარები