უშედეგო ოპტიმიზმი ქართულ-სომხურ რელიგიურ დიპლომატიაში

წინა კვირას, საქართველოში ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორეს ექვსდღიანი ვიზიტი დასრულდა. ქვეყანაში ყოფნის დროს, მისი უწმინდესობა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. უმაღლესი პატრიარქი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონსაც ეწვია. იქ სომეხთა პატრიარქი უკანასკნელად 1894 წელს იმყოფებოდა. გარეგინ მეორემ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებისა და სომეხთა ისტორიული ქონების რესტიტუციის საკითხი კიდევ ერთხელ დასვა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში, დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ილია მეორემ განაცხადა, რომ: „ორივე მხარეს აქვს საბუთი, რომ ქართული ეკლესია არსებობს სომხეთში და სომხური ეკლესია – საქართველოში. მოვიწვევთ მეცნიერებით დაკომპლექტებულ კომისიას, რომელიც ორივე საკითხზე იმსჯელებს. პრობლემები არის როგორც სომხების, ისე ქართველების მხარეს. იმედია, სომხური მხარე ხელს შეგვიწყობს ეკლესიების დაბრუნების საკითხში. ჩვენი ურთიერთობა, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს, არა ცალმხრივ, არამედ ორმხრივ მოძრაობას ითვალისწინებს”.

იმავე შეხვედრაზე სომხეთის პატრიარქი ილია მეორეს შეთავაზებას დათანხმდა: „დღევანდელმა და გუშინდელმა შეხვედრებმა, ნამდვილად  ოპტიმისტური განწყობა ჩამისახა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ხალხსა და ეკლესიას აწუხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რა სტატუსიც სომხურ ეკლესიას ექნება საქართველოში, იგივე სტატუსი მიენიჭება ქართულ ეკლესიას სომხეთში”. 

გარეგინ მეორემ განაცხადა, რომ სომხური მხარე მზად არის, მონაწილეობა მიიღოს სპეციალური კომისიის შექმნაში, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სომხეთში არსებული ეკლესიების გადაცემის საკითხს განიხილავს. პირველიერარქმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემების საბოლოო მოგვარებამდე სომხურ საეკლესიო და კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს საქართველოში საკადრისად მოუვლიან.

სომხური სამოციქულო ეკლესია, წლებია, ექვსი ტაძრის გადაცემას ითხოვს. მათგან ხუთი თბილისში, ხოლო ერთი ახალციხეში დგას. აღნიშნული საეკლესიო ქონება დღეს სახელმწიფოს მფლობელობაშია. უპატრონობის გამო, თბილისში ორი მათგანი თითქმის დაინგრა, ხოლო დანარჩენებს, უყურადღებობის შემთხვევაში, იგივე ბედი ელის. 

წარსულში, როცა წმინდა ეჩმიაძინის საყდარი რესტიტუციის საკითხზე იწყებდა საუბარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მას ინტერკონფესიური, ისტორიული კუთვნილების დამდგენი კომისიის შექმნას სთავაზობდა – იმის გასარკვევად, იყო თუ არა აღნიშნული ტაძრები ნამდვილად სომხური. ერევანი კომისიის ჩამოყალიბებას არ თანხმდებოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ აქ „სადავო” და „გასარკვევი” არც არაფერი იყო. ხსენებული ტაძრების სომხურობა ყველა მიუკერძოებელი პირისთვის ისედაც თვალნათელია. ამას სომხური წარწერები და ისტორიული წყაროები მოწმობენ. 

პარალელურად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სომხეთის ჩრდილოეთში მდგარ ხუთ ტაძარზე აცხადებს პრეტენზიას. სომეხ ისტორიკოსთა განცხადებით, აღნიშნული ძეგლები ქალკედონელი (მართლმადიდებელი) სომხების აშენებულია. მათივე თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ ქონებას წარმოადგენენ. საპატრიარქო საკუთარი მოთხოვნის ლეგიტიმურობას იმით ასაბუთებს, რომ არსებულ ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ტაძარი მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში შეიძლება ყოფილიყო.  მათი თქმით, ამ რეგიონში სხვა ეკლესიის იურისდიქცია ისტორიულად არ ვრცელდებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქო მიღწეულ შეთანხმებებს პარიტეტად მიიჩნევს, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ბოლომდე, მოლაპარაკებებისაც არ ყოფილა დაცული. სომხური ეპარქიის პრობლემები საქართველოში, მრევლის რაოდენობის გამო, უფრო მწვავედ დგას, ვიდრე სომხეთში – ქართული თემის. სომხეთის ეკლესიის მრევლი საქართველოში 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერისას 3.9%-ს (171139) შეადგენდა, ხოლო მართლმადიდებელთა რაოდენობა სომხეთში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2006 წლის მონაცემებით, სულ 1200 კაცია. ამათგან ყველა ქართველი და, მით უმეტეს, პატრიარქ ილია მეორეს მრევლი როდია. სომხეთის ტერიტორიაზე საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები არ ცნობენ. მაგალითად, მოსკოვის საპატრიარქო, რომელიც მეზობელ ქვეყანაში რამდენიმე ტაძარს ფლობს, ხოლო ერთს აშენებს კიდეც.

საქართველოს საპატრიარქო, მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, მიიჩნევს, რომ „სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები” მის დაქვემდებარებაში შედიან. 2006 წლის სინოდალური დადგენილებით, საპატრიარქომ ჩრდილოეთ სომხეთში ეპარქია შექმნა და დმანელ ეპისკოპოს ზენონ იარაჯულს დაუქვემდებარა. 

ზემოთქმულის გათვალისწინებით, სომხეთის პატრიარქი სამშობლოში გაუგებარი „ოპტიმიზმით” დაბრუნდა. სომხურ პრესაში მის ვიზიტს „ფიასკოც” კი უწოდეს. თუმცა თავად გარეგინ მეორე აცხადებს, რომ „ჩვენ იმედებით ვართ აღვსილი, რომ პროცესი, რომელიც თქვენთან (ილია მეორე) და საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივი საუბრის შედეგი იყო, იქამდე მიგვიყვანს, რომ პრობლემათა გადაწყვეტის გზას მოვძებნით. ასევე შევძლებთ, ჩვენი ერებისა და სახელმწიფოების ურთიერთობაზე, აღმატებულად ვისაუბროთ. იგივე ეხება ორ ეკლესიასაც”. მიღწეულ შეთანხმებებს სომეხთა ქართულ ეპარქიაშიც მაღალ შეფასებას აძლევენ. ადგილობრივი ეკლესიის პრესცენტრის განცხადებით: „ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელმაც მომავალში პრობლემების გადაწყვეტის იმედი ჩაგვისახა. ორმა მამამთავარმა ძმური სიყვარულით მიიღო ერთმანეთი, რაც ქართულ-სომხურ ურთიერთობებში ყოველთვის არსებობდა”. 

მიუხედავად აშკარად დიპლომატიური განცხადებებისა, თუ ეკლესიებს შორის წარსულ ურთიერთობებს გადავავლებთ თვალს, სომხური სამოციქულო ეკლესია, ფაქტობრივად, იმ პირობებს დათანხმდა, რასაც წლების მანძილზე თავად ეწინააღმდეგებოდა. საქართველოს სახელმწიფოს უმოქმედობამ, როგორც ჩანს, მას სხვა გზა არ დაუტოვა. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას საკუთარი კომისია შეექმნა და პრობლემები ეფექტიანად გადაეჭრა – წლებია, განზე დგომას არჩევს. საქართველოს საპატრიარქოს მაღალი რეიტინგის გამო, სახელმწიფო მის კონიუნქტურაზეა დამოკიდებული. ამის გამო, საკუთარი ქვეყნის რელიგიური უმცირესობების უფლებათა დროული უზრუნველყოფა ვერ ხერხდება. აღნიშნული კომისიის შექმნა, სავარაუდოდ, პროცესს გაყინავს. საქართველოს საპატრიარქომ ერთობლივი კომისია ქართველ კათოლიკეთა იდენტური პრობლემის გადასაჭრელადაც ჩამოაყალიბა, მაგრამ ამ დრომდე მას პოზიტიური შედეგი არ მოუტანია. ხსენებული მაგალითი ცხადყოფს, რომ ორმხრივი კომისიები, რომელიც ყურით მოთრეული „სადავოობის” გადასაწყვეტად იქმნება, საპატრიარქოსთვის საკითხის არა მოგვარების, არამედ გაჭიანურების ინსტრუმენტს წარმოადგენს.  

კომენტარები