მოლდოვა: მოლაპარაკებები განახლდა

გერმანიის კანცლერი მერკელი და მოლდოვის პრემიერი ვლად ფილატი
REUTERS
ივნისს 5+2 ფორმატში (რუსეთი, უკრაინა, ეუთო, კიშინიოვი, ტირასპოლი, ევროკავშირი და აშშ) დნესტრისპირეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განახლდება. მხარეებს შორის განსახილველი საკითხებია: დნესტრისპირეთის სტატუსი, რუსეთის სამხედრო ძალები რეგიონში და, ზოგადად, მოლაპარაკებების სახელმძღვანელო პრინციპები. ანალიტიკოსთა ნაწილი ეჭვობს, რომ რუსეთი შეხვედრისას აქცენტს მხოლოდ კონფლიქტური რეგიონის სტატუსზე გააკეთებს. ამის მისაღწევად, კრემლს, შესაძლოა, გერმანიასთან გაფორმებული მეზერბერგის მემორანდუმი დაეხმაროს.  ბერლინი საკუთარ ქმედებებს რუსეთის კომპრომისებზე დაყოლიების სურვილით ხსნის. 

მოლდოვის სეპარატისტულმა რეგიონმა – დნესტრისპირეთმა – 1990 წელს თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. ამას ომი მოჰყვა. სეპარატისტებს რუსეთის XIV არმიის შენაერთები და რუსი კაზაკები ეხმარებოდნენ. შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის ხელშეკრულებამ დაასრულა. 1994 წლის შეთანხმებით, მოსკოვმა ჯარების გამოყვანის პასუხისმგებლობა აიღო, რასაც დღემდე არ ასრულებს (რეგიონში 1200 რუსი სამხედროა). დნესტრისპირეთი მოლდოვის მთლიანი ინდუსტრიული პროდუქტის 80%-ს აწარმოებს. თუმცა, მის ენერგოსექტორს დიდწილად რუსული კომპანიები აკონტროლებენ. 

5+2 ფორმატის მოლაპარაკებები 2005-06 წლებშიც (5 თვის განმავლობაში) ტარდებოდა, თუმცა ტირასპოლმა მოლაპარაკებები ჩაშალა. მხარეებს შორის კავშირების აღდგენის მხრივ, მცირე მიღწევები მაინც შეინიშნება: დაინიშნა რეგულარული სამგზავრო მატარებელი და 2003 წელს გაწყვეტილი ტელეკომუნიკაცია აღდგა.

საგულისხმოა მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების პოზიციებიც: ევროკავშირი, ეუთო, აშშ, უკრაინა ერთხმად თანხდებიან მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე. ოფიციალურად არც რუსეთს უღიარებია დნესტრისპირეთი. თუმცა, ბოლო დროს კრემლი  მოლდოვის ერთიანობას სულ უფრო ნაკლებად უსვამს ხაზს. მანამდე მოსკოვი მოლდოვის ფედერაციად გარდაქმნის იდეას ემხრობოდა. თანაც, იგი დნესტრისპირეთის მოკავშირედ და დონორად ითვლება – 2006 წლიდან რეგიონს 62 მილიონი დოლარი გამოუყო.

კიშინიოვისთვის ევროინტეგრაციის პროცესში კონფლიქტის გადაჭრას საკვანძო ადგილი უჭირავს. იგი თანახმაა რეგიონისთვის ავტონომიის მინიჭებაზე, სანაცვლოდ კი მის დემილიტარიზაციას და იქ საერთაშორისო მშვიდობისმყოფელების დაყენებას ითხოვს. პარალელურად, ქვეყანა, ევროინტეგრაციას პრიორიტეტად განიხილავს.

ტირასპოლი კი ტერმინ „საერთო სახელმწიფოს” დამკვიდრებას ემხრობა, რაც ფედერაციის იდეას ეხმიანება, დნესტრისპირეთის სტატუსის განხილვისას ხაზს უსვამს 2006 წელს რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის მნიშვნელობას – მოსახლეობამ მხარი დაუჭირა (97%) რეგიონის  დამოუკიდებლობასა და რუსეთთან ეტაპობრივ ინტეგრაციას.

კიდევ ერთი მხარე აშშ-ია, მას ევროკავშირის მსგავსად დამკვირვებლის სტატუსი აქვს. ვაშინგტონი მხარს უჭერს მოლდოვის ერთიანობას. ამის მაგალითად 12 ივნისს სენატორ მაკკეინის მოლდოვაში ვიზიტს მიიჩნევენ. აღსანიშნავია სენატორ დიკ ლუგარის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც რუსული სამხედრო ნაწილების ნაცვლად ევროკავშირის, ეუთოს ან NATO-რუსეთის ზედამხედველობით, რეგიონში საერთაშორისო საპოლიციო ან სამოქალაქო მისიების განლაგებას მოითხოვს. 

გერმანია მოლაპარაკებებში ცალკე მხარედ არ არის წარმოდგენილი. თუმცა ბოლო დროს ბერლინი, ევროკავშირის გვერდის ავლით, საკუთარი ინიციატივებით გამოდის. 2010 წლის ივნისში გერმანიამ რუსეთთან მემორანდუმი გააფორმა. იგი ევროკავშირ-რუსეთს შორის სამინისტროების დონეზე კომიტეტის შექმნას ითვალისწინებს. სამოქალაქო/სამხედრო კრიზისების დასარეგულირებული ოპერაციებისთვის საერთო მექანიზმები უნდა შემოიღონ. ეს წესები პირველად დნესტრისპირეთის კონფლიქტის დასარეგულირებლად უნდა გამოსცადონ. ბევრმა აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის შიგნით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში რუსეთისთვის ბერკეტის გადაცემად მიიჩნია. თუმცა, მემორანდუმით გათვალისწინებული დებულებების აღსრულება დღემდე ვერ მოხერხდა. მიზეზი მხარეებს შორის განსხვავებული მიდგომებია.

ბერლინმა მაისში გამოაქვეყნა ე.წ. non-paper. მართალია, დოკუმენტი ხაზს უსვამს მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ იგი დუმს რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე. პარალელურად, გერმანელი დიპლომატები მოლდოვის ფედერაციის იდეას სთავაზობენ. ქვეყნის ამგვარი მოწყობის წარმატებულ ნიმუშად საკუთარ ქვეყანას ასახელებენ. მოლდოვის პოზიცია კი განსხვავებულია –  ეს ინიციატივა ფედერაციაში ორმაგ მმართველობას წარმოქმნის და საბოლოოდ ქვეყნის თვითმყოფადობას დაემუქრება. 

მოლდოვაში დასავლური ორიენტაცია თანდათან იკიდებს ფეხს – დღეს მოსახლეობის 2/3 ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა, რუსეთს კი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი კვლავაც სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს – ბუნებრივ გაზს კიშინიოვი გაზპრომიდან იღებს. კონფლიქტის დარეგულირებაში დასავლეთის სუსტმა პოზიციამ კი, შესაძლოა, მსგავსი დამოკიდებულება შეცვალოს. ეს, ქვეყანაში დაწყებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარყოფითად იმოქმედებს

კომენტარები