საქართველოს საკითხი ევროკავშირ-რუსეთის მოლაპარაკებებზე კვლავ აქტუალურია

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

 9 ივნისს, ევროპარლამენტარების საგანგებო რეზოლუციამ და 10 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდში გამართულმა რუსეთ-ევროკავშირის სამიტმა დაადასტურა, რომ საქართველოს თემა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში აქტუალურია. 

ნიჟნი ნოვგოროდის სამიტი ორმხრივი სამიტების სერიიდანაა. მსგავსი შეხვედრები, რუსეთის პრეზიდენტისა და ევროკავშირის პირველი პირების მონაწილეობით, დაახლოებით, წელიწადში ორჯერ იმართება. სამიტზე ევროკავშირ-რუსეთის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების მომავალი განიხილება. ამჯერად, არატრადიცული იყო ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გამკაცრებული ტონი – მათ შორის საქართველოს საკითხთან დაკავშირებითაც. 
ევროპარლამენტარებმა საგანგებოდ გაუსვეს ხაზი რუსეთში პოლიტიკური ზეწოლის და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს არსებობას, ადამიანის უფლებების დარღვევებს; შეშფოთება გამოთქვეს მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო. რეზოლუციაში საქართველოს თემას დიდი ადგილი უჭირავს. კერძოდ: რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, „პატივი სცეს იმ შეთანხმებებს, რომელთაც ხელი მოაწერა, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ყველა ვალდებულება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა ამ ტერიტორიებზე”. აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანთა უფლებები ირღვევა. 
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონსა და ევროკომისიას, „დაარწმუნოს რუსეთი, შეწყვიტოს რუსული პასპორტების გაცემა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებზე”. 
მსგავსი რეზოლუციები ძირითადად დეკლარაციული ხასიათისაა და დაუყოვნებლივ ნაბიჯებს არავინ ელის. თუმცა ეს დოკუმენტები ევროპულ ფრონტზე, ქართული დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. საკმაოდ ბევრი დრო და ძალისხმევა დასჭირდა იმას, რომ ტერმინი „ოკუპაცია” ევროპარლამენტის რეზოლუციებში გამოჩენილიყო. ჯერ კიდევ 2010 წლის გაზაფხულზე, ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ „სტრატეგიაში სამხრეთ კავკასიის მიმართ”, რუსეთმა წარმატებით მოახერხა ტერმინ „ოკუპირებულის” „სეპარატისტულით” ჩანაცვლება. ევროპარლამენტის პირველი დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ამ ტერმინით იყო მოხსენიებული, 2011 წლის 20 იანვარს მიღებული სტრატეგიაა „შავი ზღვის ქვეყნებთან დაკავშირებით”. 
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს საკითხზე საგანგებოდ შეაჩერა ყურადღება. ნიჟნი ნოვგოროდის სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა: „ნება მომეცით, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ევროკავშირის პოზიცია საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უწყვეტი მხარდაჭერისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა და მისი თანმხლები ღონისძიებების სრული განხორციელების შესახებ”. 
სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა, რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხი გახლდათ. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას მობეზრდა 17-წლიანი უშედეგო მოლაპარაკებები. მან ევროკავშირელ პარტნიორებს პროცესის ერთ თვეში დასრულებისკენ მოუწოდა. 
ამ ფონზე განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ევროკავშირის მიერ საქართველოს საკითხის წამოწევა. თბილისის პოზიცია რუსეთის მსო-სკენ სავალ გზაზე კვლავ ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები, რომელიც ივნისის დასაწყისში უნდა გამართულიყო, წინასწარი ინფორმაციით – ივნისის ბოლოსთვის გადაიდო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები