იტალია და გერმანია ატომურ ენერგიაზე უარს ამბობენ

 იაპონიაში ფუკუშიმას ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, ევროპის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ უარს ატომურ ენერგიაზე. ამ გადაწყვეტილებით, ისინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ზრდიან და რეგიონის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ინტერესებს უგულებელყოფენ.

სულ ახლახან ატომურ ენერგიაზე უარი იტალიამ  თქვა. იტალიის მთავრობა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. თუმცა ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული ძალის მოთხოვნის შედეგად, საკითხი რეფერენდუმზე გავიდა და მოქალაქეების 95%-მა ატომური ენერგიის ბლოკირებას ხმა მისცა. 
სპეციალისტების შეფასებით, იტალიას ატომური ენერგიის გარეშე თავისი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გაუჭირდება. ატომური ენერგიის გაზით ან ნახშირით ჩანაცვლება ენერგეტიკულ ხარჯებს მუდმივად გაზრდის, განახლებადი ენერგიის სათანადო რაოდენობით გამოყენება კი – შორეული პერსპექტივაა.

მანამდე 7 ყველაზე ძველი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა გერმანიამ შეაჩერა. იტალიისგან განსხვავებით, გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2022 წლისთვის ქვეყანაში მოქმედი 17-ივე ელექტროსადგური გაუქმდება. 

ფუკუშიმას ტრაგედიის შემდეგ გერმანიის მოსახლეობას ბირთვულ ენერგიაზე აზრი შეეცვალა. მერკელი, რომელიც ადრე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოტივით, ატომური ენერგიის აქტიურ დამცველად გამოდიოდა, დღეს თავის მეტოქე, მწვანეთა პარტიას მიემხრო. ამ უკანასკნელმა კი პოპულარობა სწორედ ანტიბირთვული პოლიტიკით მოიპოვა. 

მერკელის პრიორიტეტების ცვლილება 2013 წელს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. მერკელი მზადაა, ქვეყნის ენერგოპოლიტიკა საზოგადოებრივ აზრს მოარგოს. გერმანია ენერგიის 23%-ს ბირთვული სადგურებიდან იღებდა. ქვეყანა ამ დანაკლისის შევსებას, როგორც ჩანს, რუსული გაზის იმპორტის გაზრდით შეეცდება. 2009 წელს, გერმანია თავისი მოხმარებული გაზის 37.8%-ს სწორედ ამ ქვეყნიდან იღებდა. 

ატომური ენერგიის დანაკლისის შესავსებად გერმანიას  34 მილიარდი კუბური მეტრი გაზი სჭირდება. რუსეთმა უკვე დაასრულა ჩრდილოეთის ნაკადის ერთი ნაწილის მშენებლობა, რომელიც 25 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გადაიტანს (მომავალი წლისთვის დასრულდება მეორე ნაწილი – 20 მილიარდი კუბური მეტრი). ამ გაზსადენით რუსული გაზი პირდაპირ გერმანიაში მოხვდება. სავარაუდოდ, ტრანზიტი სამხრეთის ნაკადითაც განხორციელდება.  

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი ექნება. იმის გამო, რომ გერმანია ატომურ ენერგიას ჩაანაცვლებს უფრო ძვირადღირებული ენერგიით,  ელექტროენერგიაც გაძვირდება. თუ დღეს გერმანელი მომხმარებელი ერთ კილოვატ-საათში იხდის 1-დან 1.5 ევრო ცენტამდე, მას დაახლოებით 5%-ით გაზრდილი თანხის გადახდა მოუწევს. ამ გათვლებს უკვე მოჰყვა გერმანული ინდუსტრიული ჯგუფების პროტესტი: ზოგმა მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

 რუსულ გაზზე დამოკიდებულობის შესამცირებლად გერმანიას რეალური ალტერნატივა არ აქვს. განახლებადი ენერგიის მოხმარების გაორმაგება ილუზიაა, რადგან ყველა გათვლით, ამის 2020 წლამდე მიღწევა შეუძლებელია.

ატომურ ენერგიაზე უარის თქმის მიუხედავად, მერკელი არჩევნებს უპრობლემოდ ვერ მოიგებს. ეს ნაბიჯი კი მთელი რეგიონის მასშტაბით ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას საგრძნობლად გაართულებს. 

კრემლი მსგავსი სიტუაციების თავის სასარგებლოდ გამოყენების დიდოსტატია. იმ პირობებში, როცა ევროკავშირი 50%-ით, ბალტიის ქვეყნები კი 100%-ით გაზპრომზე არიან დამოკიდებულნი, მათ რიგებში იტალიის და გერმანიის მოხვედრა, პუტინს ახალ ჰორიზონტებს გაუხსნის. წესების გარეშე ენერგოთამაშში კი, დამარცხებული სწორედ ევროპა გამოვა. 

კომენტარები