თურქეთი: არჩევნებში გამარჯვება და ისტორია

0 კომენტარი

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ ფოტო: REUTERS
ივნისს, თურქეთის ამომრჩევლებმა პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს და მის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას, ნდობა მესამე საპარლამენტო ვადით გამოუცხადეს. შედეგად, ერდოღანი და მისი მთავრობა თურქეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მრავალპარტიული დემოკრატია იქნება. თუმცა, სააღრიცხვო დავთრები ისტორიული ჩანაწერებისგან განსხვავდება. ერდოღანს ახლა თურქეთის ისტორიის შექმნის შანსი აქვს. თუმცა ამისთვის მუხლჩაუხრელი შრომა (რაც მას შეუძლია) და სიბრძნეა საჭირო. ის, თუ საით წაიყვანს ქვეყანას ერდოღანი, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია – თურქეთი ძლიერი სახელმწიფოა.
არჩევნების შედეგებით სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ხმათა 50%-ზე ოდნავ მეტი მიიღო. ეს 2007 წლის შედეგებთან შედარებით უმნიშვნელო, თუმცა მესამე ვადისთვის შთამბეჭდავი ზრდაა. თუმცა, მმართველმა პარტიამ პარლამენტში 15 ადგილი დაკარგა და მხოლოდ 326-ს დასჯერდა – ბევრად ნაკლებს 367 ხმაზე, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად არის საჭირო და ოდნავ ნაკლებს იმ 330 ხმაზე, რაც შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე გატანას სჭირდება.
როგორც არჩევნების წინ ჟურნალი The Economist წერდა, „ასეთი შედეგი თურქეთის დემოკრატიის საუკეთესო გარანტია იქნება”. რეალურად, ეს შედეგი პრემიერ-მინისტრს, სავარაუდოდ, ისტორიაში საკუთარ ადგილს მიაკუთვნებს. აქ საქმე სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ისლამისტურ ტენდენციებს კი არა (რომლებიც რეალურად არსებობს, თუმცა თურქეთის საზოგადოება მათ ეფექტიანად თოკავს), არამედ დემოკრატიის მშენებლობას ეხება. ეს, თავის მხრივ, თურქეთის ეკონომიკური საოცრების გამყარების ერთადერთი გზაა.
თუ გავითვალისწინებთ გასულ წელს მშპ-ის 8.9%-იან ზრდას, სულაც არ არის გასაკვირი, რომ თურქეთის მოსახლეობამ ხმა სტატუს კვოს მისცა. თუმცა, მოსახლეობა არ აპირებს, უარი თქვას 21-ე საუკუნის დემოკრატიისაკენ სვლაზე ან დათმოს ქემალისტური ტრადიციები, რომლებზეც მათი ქვეყანა დგას. აქტიური ოპოზიცია და ძალაუფლების ცვლა იმის გარანტიაა,  რომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება არ შეჩერდება.
პარლამენტში სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა არა კონსტიტუციური უმრავლესობა, რასაც ის ესწრაფოდა, 224 ადგილი კი ჯანსაღმა ოპოზიციამ – სამმა განსხვავებულმა პარტიამ მიიღო.
ირონიაა, მაგრამ სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ დემოკრატია გააძლიერა იმით, რომ გამოაცოცხლა სეკულარული მემარცხენე-ცენტრისტული ხალხის რესპუბლიკური პარტია, რომელსაც ახალი ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ ჰყავს. წლების განმავლობაში დეზორგანიზებისა და გაცვეთილი მოწოდებების შემდეგ, რომლებიც უფრო სამართლიანობისა და განვითარების პარტიას აძლიერებდა, ქილიჩდაროღლუმ შეძლო პარტიის ადრინდელი პოზიციების აღდგენა. მისი ძალისხმევით, ამომრჩეველთა ხმები 21-დან 25%-მდე, შესაბამისად, საპარლამენტო ადგილები 112-დან 135-მდე გაიზარდა.
ეროვნული მოძრაობის პარტიამაც, რომელსაც ზოგი მისი წამყვანი წევრის სექსუალური სკანდალები არყევდა, საკმაოდ მაღალი, 10%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლო და პარლამენტში 53 ადგილი მოიპოვა.
ხალხის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ ფოტო: REUTERS
თუმცა, თუკი რომელიმე პარტიას, ან პოლიტიკურ დაჯგუფებას, შეიძლება სამართლიანად ეწოდოს 12 ივნისის არჩევნების ვერცხლის მედალოსანი, ეს ქურთების მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიაა. 10%-იანი ბარიერისთვის თავი რომ აერიდებინათ, ამ პარტიამ  არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატები წარადგინა. მანდატი 36-მა კანდიდატმა მოიპოვა, რამაც მათი წარმომადგენლობა პარლამენტში 10 ხმით გაზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ქურთების მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიიდან გარკვეული მხარდაჭერა, სამხრეთ-აღმოსავლეთი თურქეთის ქურთებით დასახლებულ ზოგ ისეთ რაიონშიც მოიპოვეს, სადაც სამართლიანობისა და განვითარების პარტიას ემხრობოდნენ. 
იმისათვის, რომ თურქეთმა თავის მრავალრიცხოვან ქურთ უმცირესობასთან (მოსახლეობის 20%) ურთიერთობები გააუმჯობესოს, პარლამენტარები ქურთების მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიიდან, მკაფიოდ უნდა გაემიჯნონ ტერორისტულ ქურთების შრომით პარტიას და მის მსჯავრდებულ ლიდერს, აბდულა ოჯალანს. ხოლო, თავის მხრივ, ერდოღანის მთავრობამ იმათთან უნდა იმუშაოს, ვინც ამას გააკეთებს.
და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება. არჩევნებში გამარჯვების ზეიმი ისტორიის ნაწილი არ არის. გარდა ქურთული საკითხის მოგვარებისა, ერდოღანმა და მისმა მთავრობამ ეფექტიანად უნდა იმუშაოს სამ მნიშვნელოვან საკითხზე: დემოკრატია, ეკონომიკა და საგარეო პოლიტიკა.
მიუხედავად ერდოღანის მთავრობის ბევრი პოზიტიური მიღწევისა, რეალური შეშფოთების საგანია ის, რომ ერდოღანის მეორე ვადის დროს დემოკრატია დაზარალდა. „მას შემდეგ, რაც ერდოღანმა ბრძოლა მოუგო არმიასა და სასამართლო სისტემას, კონტროლისა და დაბალანსების ინსტრუმენტები ძალზე შემცირდა... კორუფცია მატულობს. პრესის თავისუფლებას უტევენ: თურქეთში მეტი ჟურნალისტია ციხეში, ვიდრე ჩინეთში”.
პირველი და მკაფიო ნიშნები, როგორ გამოიყენებს ერდოღანი თავის ძალაუფლებას მესამე ვადის დროს, იქნება ის, თუ როგორ მოეკიდება იგი თურქეთის კონსტიტუციის შეცვლის საკითხს. ეს კონსტიტუცია 1982 წელს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ შემუშავდა. თურქეთის მოსახლეობის უმრავლესობა თანხმდება, რომ მათ ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება, თუმცა კონსენსუსი აქ მთავრდება. 12 ივნისის არჩევნები განიხილებოდა, როგორც სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მთავრობისადმი ნდობის რეფერენდუმი. ასევე ერდოღანის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე რეფერენდუმადაც მოიაზრებოდა – მათ შორის ფრანგული სტილის საპრეზიდენტო სისტემის შემოღებაზე, რომელსაც, როგორც ზოგი ვარაუდობს, ერდოღანი ჩაუდგება სათავეში.
არჩევნები ახალ კონსტიტუციაზე მოსაზრებების ამსახველიც იყო – გამოჩნდა, რომ ამომრჩევლების შეხედულებები 50/50-ზე გაიყო. გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ თავის სიტყვაში ერდოღანმა ეს, როგორც ჩანს, აღიარა.
„ჩვენმა ერმა ახალი კონსტიტუციის მომზადება დაგვავალა, – თქვა მან, – ხალხის გზავნილი ახალი კონსტიტუციის კონსენსუსისა და მოლაპარაკებების გზით შემუშავებაა. ახალ კონსტიტუციაზე ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აკადემიურ წრეებთან ერთად ვიმსჯელებთ. შევეცდებით ფართო კონსენსუსის მიღწევას... ჩვენ ერთად შევიმუშავებთ სამოქალაქო, თავისუფლების ხელშემწყობ, მონაწილეობით კონსტიტუციას”.
იმ 50%-ს, რომელმაც ხმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის არ მისცა, ეს სიტყვები არ დაავიწყდება.
არც ხელახლა არჩეული მთავრობა აღმოჩნდება ილუზიების ტყვეობაში – ნებისმიერ სხვა დემოკრატიაში, სამართლიანობისა და განვითარების პარტია დაკარგავს მხარდაჭერას, თუ ეკონომიკამ დაღმასვლა დაიწყო. მიუხედავად ამჟამინდელი აღმავლობისა, პრობლემები არსებობს: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უკვე შესამჩნევია, სწრაფი ტემპებით მზარდმა ეკონომიკამ, შეიძლება, მაღალი ინფლაცია გამოიწვიოს. ზოგ რაიონში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ თურქეთში, ბევრი უმუშევარია.
პრემიერი ერდოღანი ფოტო: REUTERS
მსოფლიოს სიდიდით მე-17 ეკონომიკაში დაღმასვლა, მთელ რეგიონზე უარყოფითად იმოქმედებს – თურქეთი კი ევროპის, ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ნაწილია.
როგორც თურქეთის ეკონომიკას, ასევე მის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. 
ძლიერი სახელმწიფოების პოლიტიკაში გამოუცდელობის, ისლამისტებთან ფლირტის და ფუჭი დევიზის – „ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან” – კომბინაცია ქვეყანას სერიოზული საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე აყენებს. ამას მესამე ვადით არჩეულმა ერდოღანის მთავრობამ თავი უნდა გაართვას. 
ანკარისთვის „არაბული გაზაფხული”, განსაკუთრებით სირიის მოვლენები, სრული მოულოდნელობა იყო. ის არასწორად აფასებს რუსულ საფრთხეს კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. თურქეთი ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორს, ისრაელსაც განუდგა. ქვეყანას ამერიკასთან ურთიერთობები დაეძაბა და ირანთან მაშინ დაათბო ურთიერთობები, როდესაც უმეტესმა მსოფლიომ ეს ქვეყანა გარიყა.
აშკარაა, რომ ასეთი წინააღმდეგობრივი საგარეო პოლიტიკა, არც თურქეთის მნიშვნელობას და არც მის მომავალ ამბიციებს შეესაბამება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქურთების საკითხი, დემოკრატია, ეკონომიკა და საგარეო პოლიტიკა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, პრემიერ-მინისტრობის ბოლო ვადის განმავლობაში, შეუძლია, ისტორიაში მოხვდეს, თუ არჩევნებს დაივიწყებს და თურქეთის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად კონსენსუსის მიღწევას შეეცდება. მხარში მას აქტიური, ჭკვიანი და მშრომელი ერი ამოუდგება.  

ესკიზის ფოტო: REUTERS

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ამერიკელ კოლეგებთან ერთად იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის სქემა გამოვავლინეთ (Video)

კომენტარები