ივნისის ამბები Future Shorts-ის გარშემო

0 კომენტარი
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/ftr3.png##fbimage#

 მოვიდა ივნისი - ტრადიციულად საფესტივალო ზაფხულის პირველი თვე. ივნისი - მაისზე უფრო მწვანე და ცხელი, როდესაც ღია ცის ქვეშ რამე ”კულტურულის” და გრილის (სასურველია, სასმელის) ფონზე ყოფნა განსაკუთრებით გსიამოვნებს ან ყოველ შემთხვევაში, განსაკუთრებით გინდება. მოვიდა ივნისი და შეპირებისამებრ, Future Shorts Georgia-ც ბრუნდება, რომ Future Shorts ONE-ის ყოველთვიური ოფიციალური კინო-პროგრამითა და სხვა სასიამოვნო კულტურული ამბებით მაყურებელი უკვე მეორედ გაანებივროს.

სანამ უშუალოდ FS Georgia-ს პროგრამასა და დეტალებზე დავწერდეთ, გეტყვით, რომ ONE-ის ფესტივალი, საქართველოს ჩათვლით, ამჯერად 19 ქვეყანასა და სადღაც 50 ქალაქში ჩატარდება. მაისში შეძენილ ”ოჯახის წევრებს” - საქართველოსა და თურქეთს, FS-ს ივნისში უკვე ისლანდიაც დაემატა და ღონისძიებას რეიკიავიკი უმასპინძლებს.    

სხვათა შორის, მაისში Future Shorts-ს კანში ჰქონია სპეციალური ჩვენება, რასთან დაკავშირებითაც FS-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ფაბიენ რიგალმა ის თქვა, რაც ამ კინო-ორგანიზაციის მთავარ მიზანსა და არსს კარგად ასახავს:

”Future Shorts ONE-ი გლობალური აუდიტორიის გაერთიანებას ცდილობს, რათა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ფესტივალებისა და არტ-ჰაუზის კინო-თეატრების საზღვრებიდან დააძრვინოს და ბევრად ფართო აღიარება მოუტანოს. მაშინ როცა, კანში ჩვენს კინო-ჩვენებას ხუთასიოდე კაცი ესწრებოდა, მაისში მთელ მსოფლიოში ათასობით კაცმა იგივე ფილმები ნახა და იგივე გამოცდილება გაიზიარა. სწორედ ესაა ONE-ის უნიკალური მომხიბვლელობა.”

და კიდევ: ზემოთ ფესტივალების ტრადიციით განთქმული ზაფხული ვახსენე და ამ მხრივ, ტრადიციულ დიდ ბრიტანეთს გაუმართა. საქმე ისაა, რომ Future Shorts UK-ის საღამო გლასტონბერის ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ გლასტონბერი ყველაზე დიდი ბრიტანული მუსიკალური და არტ-ფესტივალია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაში წლიურად დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი შეაქვს, წლევანდელ ივნისში Future Shorts-ის ოფიციალურ კინო-ჩვენებასთან (რასაც ქართველი მაყურებელიც ნახავს) ერთად, გლასტონბერიზე მისულ მაყურებელს საშუალება ექნება, მელომანებისა და კინო-მოყვარულების წლის ერთ-ერთი ყველაზე სანატრელი პრემიერის მომსწრეც გახდეს. საუბარია, ინდი-როკ ჯგუფის Arcade Fire-ისა და განთქმული რეჟისორის, სპაიკ ჯონზის ფილმზე ”კადრები გარეუბნიდან” (Scenes From Suburbs). ინდი-მუსიკის მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ Arcade Fire-ის 2010 წლის ალბომი და სიმღერა Suburbs, რომელზე გადაღებული ვიდეოც სწორედ ნაწყვეტია ჯონზის ფილმიდან ”კადრები გარეუბნიდან”. ალბათ არც სპაიკ ჯონზს სჭირდება დიდი წარდგენა, რომელიც არაერთი მუსიკალური ვიდეოს (მათ შორის Beastie Boys-ის, R.E.M.-ის,   Björk -ის, Fatboy Slim-ის, Kanye West-ის სიმღერების) და სრულმეტრაჟიანი ფილმის (მათგან ყველაზე ცნობილი - ”იყო ჯონ მალკოვიჩი”) ავტორია და ორ ნოვატორ რეჟისორთან - კრის კანინგჰემთან და მიშელ გონდრისთან - ერთად, ”რეჟისორთა ლეიბლის” (Directors Label) დამაარსებელიც არის...

მოკლედ, გლასტონბერიზე წელს კარგად გაერთობიან.

ჩვენ კი დავბრუნდეთ საქართველოში. სანამ ქვემოთ FS Georgia-ს ივნისის ღონისძიების დეტალებს მოგახსენებდეთ, მანამდე ერთი სიახლის შესახებ გეტყვით: სულ რამოდენიმე დღეში FS Georgia და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი კინო-რეჟისორებს თუ მოყვარულებს FS Georgia-ს პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევენ. განცხადება კინოცენტრის ვებგვერდზე მალე დაიდება და მსურველებსაც შესაძლებლობა ექნებათ მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები წარადგინონ. ნამშუევრებს Future Shorts Georgia-ს ადგილობრივი წარმომადგენლობაც და სათავო ოფისიც (FS UK) გაეცნობა. ამის შედეგად, შეირჩევა ფილმები, რომლებიც საქართველოში FS-ის საღამოზე, ოფიციალური კინო-პროგრამის პარალელურად გავა, და ასევე, ფილმებიც, რომლებიც შეიძლება, სულაც ოფიციალურ კინო-პროგრამაში ჩაჯდეს და ქართველების გარდა, დანარჩენი 19 ქვეყნის მაყურებელმაც ნახოს, ხოლო ავტორი ამაში ჰონორარს მიიღებს. ერთი სიტყვით,დაინტერესებულებმა მალე კინოცენტრის საიტზე შეიჭყიტეთ

ახლა, რაც ივნისის ადგილობრივ ღონისძიებას შეეხება.

სად? –  ვაკის პარკი, კლუბი ”33ა”

როდის? – 24 ივნისი, პარასკევი, 20:00

დასწრება? – ბილეთის ფასი 10 ლარია, თუმცა თუ FS Georgia-ს ფეისბუქის გვერდს დაალაიქებთ და ივენთზე დასწრების (”ეთენდის”) სურვილსაც გამოხატავთ, სიაში მოხვდებით და 50 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. არის, ასევე, გარკვეული რაოდენობის მოსაწვევები და სია.   

რა? - Future Shorts ONE-ის ყოველთვიური კინო-ჩვენების (პროგრამა იხილეთ ქვემოთ) პარალელურად წარმოდგენილი იქნება:

ლადო ფოჩხუას ნამუშევრების გამოფენა სერიიდან The Book of the New Georgian Aristocracy.

Okinawa Lifestyle (DJ-სეტი)

Oh Lio (DJ-სეტი)

Kidik (DJ-სეტი)

თემო მაჭავარიანი (ვიზუალი).

                                       

 

Future Shorts-ის ივნისის ოფიციალური პროგრამა

 

დიდი დღე (BIG DAY) - რეჟ. ემილ ტრიერი / ნორვეგია / 2010

 

აბობოქრებული სკოლის გოგონები დიდი ღამის დადებით და უარყოფით მხარეებს ეზიარებიან.

 

კუნთები (MUSCLES) - რეჟ. ედუარდ ჰაუზდენი / ავსტრალია / 2009

 

მილი რიჩარდის დაა. გოგონა სულაც არ აპირებდა, მსოფლიოში განთქმული ბოდიბილდერი გამხდარიყო. მილი - 14 წლის გოგონა, მოზღვავებული ტესტოსტერონით - ოჯახში დომინანტი ძალაა. რიჩარდი სუსტი, მგრძნობიარე ბიჭია. და რა ხდება, როცა აღმოჩნდება, რომ მილი რიჩარდზე უფრო მაგარი ბიჭია?

 

რიტა (RITA) - რეჟ. ფაბიო გრასადონია და ანტონიო პიაცა / იტალია / 2009

 

ათი წლის რიტა დაბადებიდან ბრმა არის. პალერმოს მახლობლად, ზღვის პირას ცხოვრობს. რიტა ჯიუტი, ცნობისმოყვარე გოგონაა და ზედმეტად მზრუნველი, დიქტატორი დედის მიერ ძალიანაა შეწუხებული. მოულოდნელად, რიტას სახლის კლაუსტროფობიური სამყაროს რუტინას მისტიკური ძალა არღვევს.

 

PEACHES “SHOW STOPPER” - რეჟ. კეროლაინ საშა ქოგეზი / აშშ / 2010

 

ექსცენტრული, სკანდალური კანადელი მუსიკოსის, Peach-ის სიმღერისთვის, Show Stpper,შექმნილი თვით-ირონიული და ნახევრად დოკუმენტური ვიდეო. თამაშობს შარლოტ მუნკი.

 

ბრუსი (BRUCE) - რეჟ. ტომ ჯუდი / დიდი ბრიტანეთი / 2009

 

რა ხდება, როცა ვიდეო-თამაში რეალობად იქცევა?

 

გარიყული, პერვერტი და გოგონა მათ შორის (SCUMBAG, PERVERT & THE GIRL INBETWEEN) - რეჟ. ბრუს ჰუანგ ჩენი / ტაივანი / 2011

 

აუტსაიდერი სკოლის ბიჭი ცდილობს გოგონას თავი მოაწონოს: ბიჭი მის სპორტულ შორტებს პოულობს, რომელიც გოგონას ქალაქის პერვერტმა მოპარა.

 

გულის მოქმედება (HEARTWORK) - რეჟ. ნილს შტრუვენი / გერმანია / 2010

 

ინტენსიური გასეირნება ბერლინის ღამის ცხოვრებაში. აგებულია Trentemøller-ის ტრეკზე, Moan. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები