პალესტინა: საშიში და უშედეგო ინიციატივა

0 კომენტარი

ევროპარლამენტის თავმჯდომარე ეჟი ბუზეკი და პალესტინის პრემიერ-მინისტრი სალიამ ფაიადი ფოტო: REUTERS
პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის დამოუკიდებლობის საკითხის გატანა გადაწყვიტა. ამჟამად პალესტინას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ხმის უფლების გარეშე დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

პალესტინის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებას და მისთვის ხმის უფლების მინიჭებას, ყველაზე მწვავედ ისრაელი ეწინააღმდეგება. ეს უკანასკნელი ამგვარ ქმედებას სტრატეგიულ საფრთხედ განიხილავს და მზადაა შესაბამისადაც იმოქმედოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ამგვარი რეზოლუციის მიღებით, სახელმწიფოები მხარეებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესს ხელს შეუშლიან. ნეთანიაჰუს თქმით, დაბლოკილი სამშვიდობო პროცესის აღდგენა, მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებებით შეიძლება. „პალესტინელები ფიქრობენ, რომ მათი მიმართვა გაეროში ზიანს მიაყენებს ისრაელს, მაგრამ საეჭვოა რამდენად დაეხმარება ეს მათ”, – განაცხადა ისრაელის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

14 ივნისს ევროპარლამენტის თავმჯდომარე ეჟი ბუზეკი პალესტინაში ვიზიტით იმყოფებოდა. მან პრემიერ-მინისტრ სალიამ ფაიადთან შეხვედრის შემდეგ, პალესტინის მცდელობას „საშიში” და „უშედეგო” უწოდა. „მე შემიძლია გავიგო თქვენი პოზიცია, მაგრამ დამოუკიდებლობის აღიარებას აზრი ორმხრივი მოლაპარაკების პროცესის შემდეგ აქვს”, – განაცხადა ბუზეკმა. მან დასძინა, რომ აუცილებელია, პალესტინამ ებრაული სახელმწიფოს არსებობის უფლება აღიაროს და ისრაელთან მშვიდობიან თანაარსებობაზე შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

მაჰმუდ აბასი ფოტო: REUTERS
ისრაელის მთავარი მიზანია, პალესტინური სახელმწიფო რაც შეიძლება ცოტა ქვეყანამ აღიაროს. აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, გასულ თვეში პალესტინის 1967 წლის საზღვრებში აღიარების მომხრე იყო თუმცა, ახლა მან პოზიცია შეიცვალა. ეს თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებით, ორივე ლიდერი თანახმაა, რომ პალესტინური სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარება უახლოეს სექტემბერში არ მოხდეს, რადგან ეს შეცდომა იქნება. „შეთანხმების გზაზე კონფლიქტის ორივე მხარე მტკივნეულ კომპრომისებზე უნდა წავიდეს”, – განაცხადა ობამამ.

გავრცელებული ინფორმაციით, მაჰმუდ აბასის ინიციატივას პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის შიგნითაც გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები. მათ შორისაა, პალესტინური მთავრობის მეთაური სალიამ ფაიადი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აბუ-ალა და აჰმედ ელ-კიდუა.

საყურადღებოა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია არა იურიდიულად სავალდებულო, არამედ რეკომენდაციული ხასიათისაა. დამოუკიდებლობის იურიდიული გამოცხადების უფლება, არც გენერალურ ასამბლეას და არც უშიშროების საბჭოს არ აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები