მაისის საპროტესტო აქციები და პოლიტიკური ნორმალიზაციის პერსპექტივა საქართველოში

REUTERS

ფოტო: REUTERS
სტატია პირველად გამოქვეყნდა Central Asia-Caucasus Analyst-ში, 8 ივნისს
26 მაისს, თბილისში, ძალადობრივი დემონსტრაციების ჩახშობამ კიდევ ერთხელ დახატა ისეთი საქართველოს სურათი, სადაც მუდმივი შიდა აშლილობა და არასტაბილურობაა. ამას პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების ბრალდებები ემატება. ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების და საბოტაჟის აქტების შესახებ, რომელთა კვალსაც აშკარად რუსეთის სპეცსამსახურებთან მივყავართ. ამგვარმა სურათმა, შესაძლოა, შეცდომაში შეგვიყვანოს: გარეგნული ეფექტის უკან ქართული პოლიტიკის ნორმალიზაციის ნიშნები მოჩანს. ბოლოდროინდელი ძალადობა, შეიძლება, პოსტკომუნისტური საქართველოს პოლიტიკური რადიკალიზმის ბოლო გაბრძოლება აღმოჩნდეს.

წინაისტორია: თექვსმეტი წლის წინ, ერთ-ერთმა ქართველმა ინტელექტუალმა, გია ნოდიამ, პოსტკომუნისტურ ქართულ პოლიტიკაში „რადიკალური ეთოსის” ტრიუმფზე ისაუბრა, რომელიც გულისხმობდა: კომპრომისის მიუღებლობას, ეკონომიკური და სხვა მიწიერი პრობლემებით დაუინტერესებლობას, პოლიტიკური რეალობის უგულებელყოფას, ისტორიული წარსულის აღორძინებისა და საერთაშორისო სამართლის ფანტაზიებით გატაცებას, თანდათანობით ნაბიჯებზე უარის თქმას და ჰეროიკულ-ესთეტიკური ჟესტების სიყვარულს. ნოდია აღნიშნავდა, რომ საქართველო გამოირჩეოდა „არა მარტო იმით, რომ მას ყველა ის პრობლემა და კონფლიქტი აქვს, რაც სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებს, არამედ იმითაც, რომ ისინი განსაკუთრებით დრამატული, ხანდახან კი მეტად უცნაური სახით იჩენენ თავს”.

ერთი შეხედვით, ეს სიტყვები, შესაძლოა, დღესაც აქტუალური იყოს. ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ, საკითხებზე ფოკუსირებული პოლიტიკისა და მმართველობისაკენ საკმაოდ გრძელი გზა გაიარა. მოსაზრებები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის წარმატება-წარუმატებლობის შესახებ მრავალგვარია. თუმცა აშკარაა, რომ მან ქართულ პოლიტიკაში მკვეთრი პოლარიზაციის შენელება, ჯერჯერობით, ვერ შეძლო. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტის პოპულარობა, 2007-2008 წლებში რეიტინგის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, მატულობს, პოლიტიკური და ინტელექტუალური კლასების მნიშვნელოვანი ნაწილი შეურიგებელ მოწინააღმდეგედ რჩება. მართლაც, სააკაშვილისადმი წინააღმდეგობა, ძირითადად, ემოციური და უხეშია. ეს განსაკუთრებით პრეზიდენტის ზოგ ყოფილ თანამოაზრეს ეხება: პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს რადიკალიზმსა და სააკაშვილის მთავრობის, როგორც კრიმინალური, ფაშისტური თუ ტერორისტული რეჟიმის ლანძღვაში ეჯიბრებიან.

ამ რადიკალიზმმა თავი პირველად 2007 წლის ნოემბერში იჩინა. მაშინ სააკაშვილის საბაზრო რეფორმების შედეგად, ჩვეული სოციალური და ეკონომიკური რიტმის დარღვევამ, საქართველოს მოსახლეობის ნაწილში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მასშტაბური დემონსტრაციები თბილისში სპეცრაზმმა ჩაახშო, რამაც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია სერიოზულად შელახა. 2008 წელს, რუსეთის გამანადგურებელი თავდასხმიდან რამდენიმე თვეში, ოპოზიციამ ქუჩის დემონსტრაციების სეზონი გახსნა, თუმცა ძალის გამოყენებაზე ხელისუფლების წამოგება ვერ შეძლო. მართლაც, მცირემასშტაბიან ჩხუბებს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს ხელისუფლება მაშინ დამსახურებულად შეაქეს იმ თავშეკავებისთვის, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციების დროს გამოიჩინა. მაშინ ბუტაფორიული ციხის საკნებით, თბილისის ცენტრალური ქუჩა მრავალი კვირის განმავლობაში იყო გადაკეტილი. საბოლოოდ, სახალხო პროტესტის შესუსტებასთან ერთად, დემონსტრაციები თავად ლიდერებმა დაასრულეს.

მიუხედავად ამისა, 2011 წლის მაისის პროტესტი ძალადობრივი აღმოჩნდა. დემონსტრანტებმა დამოუკიდებლობის დღის დაგეგმილი აღლუმის ჩასატარებელი ადგილის გადაკეტვა მოინდომეს – ადგილისა, სადაც დემონსტრაციების ჩატარების ნებართვა არ მოუთხოვიათ და შესაბამისად, არ ჰქონიათ. პოლიციის მიერ დემონსტრაციის დაშლას ასზე მეტი დემონსტრანტის დაპატიმრება მოჰყვა. სულ ცოტა ორი ადამიანის, მათ შორის, ერთი პოლიციელის სიცოცხლე, დიდი სიჩქარით მიმავალმა მანქანებმა იმსხვერპლა, რომლებიც დემონსტრაციის ლიდერებს ეკუთვნოდათ. ადამიანის უფლებების დამცველებმა და უცხოელმა დიპლომატებმა, პოლიცია დემონსტრაციის დაშლისას გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

შედეგები: 2009 წელს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ძალადობაში არ გადაზრდილა. ის დემონსტრაციები რადიკალური და ზომიერი ოპოზიციური ჯგუფების მიერ ერთობლივად იყო ორგანიზებული. შესაბამისად, ოპოზიციის უფრო გაწონასწორებულმა ლიდერებმა შეძლეს განვითარებაზე ზემოქმედება და პროვოკაციების თავიდან აცილება. მაგალითად, 2009 წლის საპროტესტო ტალღის ერთ-ერთ ეტაპზე, რადიკალი ლიდერები საქართველოს დასავლეთ ნაწილის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო არტერიის პარალიზებას გეგმავდნენ. ეს ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებას გამოიწვევდა. მაშინ, ზომიერმა ძალებმა, ამას ხელი შეუშალეს.

2009 წლის შემდეგ, ქართული ოპოზიციის რადიკალური და ზომიერი ფრთების გზები გაიყო. ზომიერმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის ირაკლი ალასანიას თავისუფალმა დემოკრატებმა და დავით უსუფაშვილის რესპუბლიკურმა პარტიამ, „ოპოზიციური რვიანი” შექმნეს. ეს იმ პარტიათა ჯგუფია, რომლებიც ძალაუფლების მოპოვებას არჩევნებით აპირებენ და ამიტომ, საარჩევნო კოდექსის რეფორმირებაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. ამ ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩის პოლიტიკისაგან თავი შორს დაიჭირეს, რაც მანამდე ქართველი პოლიტიკოსების საყვარელი ტაქტიკა იყო და უპირატესობა ნორმალურ პოლიტიკურ დიალოგსა და დებატებს მიანიჭეს.

ეს აბსოლუტურად პრაგმატული გადაწყვეტილება იყო. ჯერ ერთი, ოპოზიციურ რვიანში შემავალმა პროდასავლურმა ძალებმა გაათვითცნობიერეს, რომ ქუჩის პოლიტიკა ოპოზიციას დასავლეთის თვალში ლეგიტიმურს ვერ გახდიდა. პირიქით, დასავლელი თანამოსაუბრეები მათ მუდმივად მიუთითებდნენ სისტემის შიგნით მუშაობის აუცილებლობაზე. რაც უფრო მნიშვნელოვანია: ქართული ზომიერი ოპოზიცია – ისევე, როგორც ხელისუფლება – მიხვდა, რომ საქართველოს მოსახლეობა რადიკალიზმს მხარს აღარ უჭერს.

საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის სფერო სწრაფად ვითარდება. ეს ძირითადად დასავლელი დონორების წყალობით ხდება. იმ კვლევების შედეგები, რომლებსაც ისეთი ორგანიზაციები ატარებენ, როგორებიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტია, აჩვენებს, რომ ზოგადად, ქართველებს სურთ, პოლიტიკოსებმა ქვეყნის პრობლემების მოგვარებაზე ერთად იზრუნონ. გარდა ამისა, კვლევები იმ საჯარო მოხელეთა რეიტინგების ზრდას აჩვენებს, რომელთა მუშაობაც დადებითად ფასდება: სააკაშვილის გარდა, რომლის რეიტინგიც 60%-ს აჭარბებს, თბილისის მერის გიგი უგულავასა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პოპულარობაც იზრდება.

იმატებს ზომიერი ოპოზიციური პოლიტიკოსების რეიტინგებიც, ხოლო რადიკალები მხარდაჭერას სწრაფად კარგავენ. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომლის ლიდერიც გიორგი თარგამაძეა, ჯერ კიდევ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ელექტორატის ეს განწყობა პირველმა შენიშნა. ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას ჰყავს წარმომადგენლობა პარლამენტში, და რეიტინგით, ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ ძალად არის მიჩნეული. ალასანიას თავისუფალი დემოკრატები, პოპულარობით, მეორე ოპოზიციური პარტიაა. სხვა ოპოზიციის ლიდერებთან შედარებით, თარგამაძეს და ალასანიას სტაბილურად მაღალი მხარდაჭერა აქვთ და მათ საქმიანობას პოზიტიურად ელექტორატის 40-დან 60%-მდე აფასებს.

მათგან განსხვავებით, რადიკალები იმ თვისებებს ავლენენ, რაზეც გია ნოდია 1995 წელს საუბრობდა. შედეგად, რადიკალურ პარტიებს და მათი ლიდერებს გამოკითხვებში დაბალი, ერთნიშნა რეიტინგები აქვთ. ბურჯანაძის დაჯგუფებას მიაჩნია, რომ საქართველოში რეჟიმის ცვლილება მხოლოდ „რევოლუციური სცენარით” არის შესაძლებელი. გამოკითხვის იმ შედეგების არასწორი ინტერპრეტირებით, რომლებიც აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა, ბურჯანაძემ მოსკოვში სიარულს მოუხშირა. იქ ის ვლადიმირ პუტინსა და სხვა რუს ლიდერებს ხვდებოდა. შედეგად, ბურჯანაძის მხარდაჭერა საქართველოში კატასტროფულად დაეცა, ვინაიდან ცოტა ქართველი თუ ემხრობა  ქვეყნის მოსკოვისთვის მიყიდვას. ბურჯანაძის მსგავსად, მას შემდეგ ნოღაიდელის რეიტინგიც დაეცა, რაც მისმა პარტიამ რუსეთის მმართველ პარტიასთან, Единая Россия-სთან, ხელშეკრულება გააფორმა.


ფოტო: REUTERS
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბურჯანაძისა და მის თანამოაზრეებს შორის საუბრების ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები გაავრცელა. მათი ავთენტურობა ეჭვქვეშ თითქმის არავის დაუყენებია. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ამჟამინდელ რეალობას ვერ აფასებს. ბურჯანაძე და მისი ვაჟი საუბრობენ, რომ რამდენიმე ასეული ადამიანის მსხვერპლად შეწირვა საქართველოში „ეგვიპტური სცენარის” გამეორებისთვის დასაშვები იქნებოდა. მათ დასახმარებლად რუსეთის ГРУ-ს სპეცრაზმი შეიძლება შემოსულიყო. ბურჯანაძის ქმარი და მისი მეგობრები, სადილობისას მსჯელობენ, როგორ საჭიროა შეიარაღებული ჯგუფის ისე ორგანიზება, რომ ის „მასობრივ მხარდაჭერასთან” ერთად, პოლიციის სპეცრაზმმაც კი ვერ შეაკავოს.

ამრიგად, ბოლოს დემონსტრაციებში, ბურჯანაძე და მისი თანამოაზრეები შეგნებულად ცდილობდნენ ხელისუფლებასთან ძალადობრივი კონფრონტაციის პროვოცირებას. ამით მათ არა მარტო სხვა რადიკალი ძალების მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, არამედ დემონსტრაციაში მონაწილეთა რიცხვიც რამდენიმე ას მხარდამჭერს ვერ ასცდა. ჯერჯერობით არ არის ცხადი, მართლა ეგონათ თუ არა ორგანიზატორებს, პირველ რიგში, ბადრი ბიწაძეს, რომ სააკაშვილის დამხობას შეძლებდნენ – ანდა იყო თუ არა მათი მიზანი, უბრალოდ, დესტაბილიზაციის გამოწვევა და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ბოლო სცენარი მოსკოვის გეგმებს ემთხვეოდა. რუსეთთან ბურჯანაძის კავშირები ნამდვილად არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ საპროტესტო აქციები კრემლთან შეთანხმებით დაიგეგმა. მეტიც, ეს მოვლენები საქართველოში საბოტაჟის აქტებს და აფეთქებებს ემთხვევა. მათში, როგორც ქართველმა, ისე დასავლელმა გამომძიებლებმა რუსეთის სპეცსამსახურების კვალი აღმოაჩინეს, რაც დამთხვევა ვერაფრით იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში, მაისის ძალადობა ბურჯანაძის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკოსმა საქართველოში კარგა ხანია მხარდაჭერა დაკარგა, იგი საერთაშორისო ნდობის გარკვეულ ხარისხს მაინც ინარჩუნებდა – საქართველოს ხელისუფლებაში მისი ადრინდელი თანამდებობისა და იმ დროს დამყარებული ურთიერთობების გამო. სავარაუდოდ, ახლა, მისი მოძრაობის და ტაქტიკის სრული მარგინალიზაცია მოხდება.

შეიძლება, ეს იმასაც ნიშნავდეს, რომ ქართულ პოლიტიკაში „რადიკალური ეთოსი” აგონიაშია? ასეთი დასკვნის გაკეთება ნაადრევია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ რადიკალიზმისადმი მიდრეკილ ისეთ ოპოზიციურ ლიდერებს, როგორიც ლევან გაჩეჩილაძეა, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული ხმებით მეორე კანდიდატი იყო, ანდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს, ასევე ზემოხსენებულ ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ნოღაიდელს. თუმცა ერთი რამ ცხადია – მიუხედავად გარეგნული ეფექტებისა, საქართველოში ნორმალური პოლიტიკური კლიმატი იქმნება, ხოლო რადიკალები სულ უფრო და უფრო ირიყებიან.

დასკვნა: ამ პროცესის გაგრძელებას და საქართველოს ნორმალურ ევროპულ დემოკრატიად ჩამოყალიბებას მეტი სიმწიფე და კეთილი ნება სჭირდება – როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციურმა ძალებმა უნდა განაგრძონ რეალურ პრობლემებზე ფოკუსირება და რეალისტური მოთხოვნების დაყენება; ხელისუფლებაც, თავის მხრივ, ასე უნდა მოიქცეს. ჯერ ერთი, 26 მაისს მიტინგის დაშლის დროს ძალის გადამეტების ბრალდებების გამოძიება, გაამყარებდა ხელისუფლების დემოკრატიულ რეპუტაციას ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ განაგრძოს ოპოზიციის სტიმულირება და უპირატესობა ჩართულობასა და ზომიერებას მიანიჭოს, ვიდრე თეატრალურობასა და რადიკალიზმს. ამის გაკეთების ორი საუკეთესო გზა არსებობს: ერთი, გაითვალისწინოს ოპოზიციის ლეგიტიმური შეშფოთება ზოგ საკითხში, როგორიც საკუთრების უფლებების დარღვევებია. მეორე, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციურ რვიანთან საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, ეს უკანასკნელი, არა მარტო საქართველოს დემოკრატიული ევოლუციისათვის, არამედ ვარდების რევოლუციის ისტორიული მემკვიდრეობითობისათვის გადამწყვეტი იქნება.

კომენტარები