კრივი: სამი ბრინჯაოს მედალი

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიმდინარე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების სამმა წევრმაც იბრძოლა, თუმცა ფინალში გასვლა ვერცერთმა ვერ მოახერხა. შესაბამისად სამივე მათგანი ევროპირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. შემორჩენილ ქართველთაგან ყველაზე მსუბუქმა, 69 კილოგრამიანმა ზაალ კვაჭატაძემ უელსელ ფრედ ევანსთან ვერაფერი მოახერხა. წლევანდელ ჩემპიონატზე მთავარი სენსაციის მომხდენმა, რუსი მოკრივის შემჩერებელმა ბრიტანელმა ქართველიც გააჩერა.

75 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამომსვლელმა ჯაბა ხოსიტაშვილმა, თურქთა მთავარ იმედს ადამ ქილიჩს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ გამარჯვება მაინც მასპინძელს დარჩა - 19:14. ყველაზე ბოლოს საქმეში მძიმეწონოსანი მიხეილ ბახტაძე ჩაება. მას რთული მეტოქე შეხვდა, 21 წლის რუსი მაგომედ ომაროვი. ამ უკანასკნელმა ქართველს შანსი არ დაუტოვა და პირველივე რაუნდში 10:2 გავიდა წინ. მეორე რაუნდის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობამ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

კომენტარები