ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან

0 კომენტარი

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
საატესტატო გამოცდები წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. გამოცდაზე 47 ათას მოსწავლეზე მეტი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც დაახლოებით 43 ათასი გამოცხადდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათგან გამოცდებზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაახლოებით 6000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა. საერთო ჯამში კი, იმ მოსწავლეების ჩათვლით, ვინც თავად არ გამოცხადდა გამოცდებზე, ატესტატს 21% ვერ მიიღებს.

გამოსაშვებ გამოცდებზე, მისი დანერგვის მიზნებსა და შედეგებზე, პედაგოგთა სერტიფიცირებაზე, ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე ტაბულა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილს ესაუბრა. მან განათლების სფეროში უკვე გატარებულ და მიმდინარე სხვა ცვლილებებსა და მათთან დაკავშირებულ რისკებზეც ილაპარაკა.

საატესტატო გამოცდები დასრულდა. რა იყო ამ გამოცდების დანერგვის მიზანი და მიღწეულია, თუ არა ის?

მიზანი თავიდანვე გაცხადდა. ეს სავალდებულო გამოცდები ერთ-ერთი საშუალებაა, აიძულო მოსწავლე, წიგნი გადაშალოს, მასწავლებელი – ასწავლოს და სკოლა, რომ საამისოდ პირობები შექმნას. ყველამ ვიცით, რომ სასწავლო პროცესში არის ხარვეზები, რომ მოსწავლეები არ ესწრებიან გაკვეთილებს. ვიცით, რომ განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში არის პრობლემები სწავლასა და სწავლებასთან დაკავშირებით.
ეს მიზანი მიღწეულია. მართალია, დრო გაფლანგეს – ჯერ იმედი ჰქონდათ, რომ არ ჩატარდებოდა გამოცდები, იყო პროტესტიც, მაგრამ დარჩენილი დრო, თუნდაც ერთი წელი, მათ უნდა გამოეყენებინათ. ეს გამოცდები მათ წაადგათ. მაგალითად, რომ ლაპარაკობდნენ ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია არასოდეს მისწავლია და არც არაფერში მჭირდებაო, საბოლოოდ მაინც მოახერხეს წიგნის გადაშლა.

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, სასწავლო პროცესის გამოსასწორებლად, სხვა და გაცილებით ეფექტიანი გზებიც არსებობს. ოღონდ, გრძელვადიანი. ეს მოკლევადიანია და მოკლე ვადაში გაძლევს კონკრეტულ ეფექტს, მაგრამ სხვა გზა გაცილებით უფრო სწორია. როცა სასწავლო პროცესში პრობლემებია, უნდა ვიფიქროთ სხვა კომპონენტებზე – ესაა ეფექტიანი სასწავლო გეგმა, კარგი სახელმძღვანელოები, კვალიფიციური მასწავლებლები... საგამოცდო სისტემა ამ ყველაფრის დანამატი უნდა იყოს.

თუ პრობლემა სკოლაში სწავლების ხარისხია და ის სხვა გზებით შეიძლება გამოსწორდეს, მაშინ რაღა საჭიროა ეს დანამატი სტანდარტიზებული სავალდებულო გამოცდების სახით?

რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს საჭიროც აღარ იყოს. არსებობს ქვეყნები, სადაც ძალიან მკაცრი საგამოცდო სისტემაა, ზოგან კი – არა. ზოგან შუალედური ვარიანტია. ვერ გავმიჯნავთ და ვერ ვიტყვით, რომ ან მკაცრი საგამოცდო სისტემის გამოა ქვეყანა წარმატებული, ანაც პირიქით. თუმცა, მაგალითად, სინგაპურს ხშირად ახსენებენ და ეს ქვეყანა ერთი-ერთი მოწინავეა ბევრ კვლევაში – იქნება ეს მოსწავლეთა წიგნიერებით, საბუნებისმეტყველო საგნების კარგად ცოდნით, თუ სხვა თვალსაზრისით... იქ მკაცრი საგამოცდო სისტემაა დაწყებითი საფეხურიდანვე.

დაწყებითი საფეხურიდანვე და კლასიდან კლასში გადასვლისას სკოლა აფასებს  მოსწავლეს. სულ სხვაა, როდესაც სახელმწიფო ამოწმებს მის შესაძლებლობებს. გამოდის, რომ ის არ ენდობა სკოლებს...

ყველას კარგად გვესმის, რატომ გახდა საჭირო ასეთი სისტემის შემოღება. ეს შეფასება ხშირად სკოლებში არასანდოა. მოდით, რეალობას შევხედოთ თვალებში. მაგალითად, მესამე წელია ვატარებთ ოლიმპიადებს. აქ იყო შემთხვევები, როდესაც მედლის კანდიდატებმა ტური ვერ გადალახეს. ასეთი შეუსაბამობა ბევრია მისაღებ გამოცდებზეც, სკოლის ნიშნებს როდესაც ვადარებთ მათ შედეგებს. საუბარია ათოსანთა მხრიდან ბარიერის გადალახვა-არგადალახვაზე. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება გამოსაშვებ გამოცდებზე.

ზოგი შიშობს, რომ მოსწავლეები სწორედ ამ გამოცდის ჩაბარებაზე გახდებიან ორიენტირებული – ინფორმაციის დაზეპირებასა და სწორი პასუხის გაცემაზე, ნაცვლად ზოგადი ცოდნის მიღებისა და უნარების გავარჯიშებისა. თავად მოსწავლეებიც ამბობდნენ, რომ რიგ საგნებში უფრო ზეპირი ცოდნა შემოწმდა. რისკები უკავშირდება სკოლასაც, რომელმაც შესაძლოა ორიენტირი ასევე გამოცდებზე აიღოს...

ვერ დაგეთანხმებით. პირველი ტესტის შემქმნელების ხელოვნებაზეა დამოკიდებული. ის, რომ რაღაცები ზეპირად უნდა სცოდნოდათ, ამაში გეთანხმებით. მიზეზიც მარტივია. როდესაც ლაპარაკია სასერტიფიკაციო, საატესტატო გამოცდაზე, ვალდებული ხარ ის შეამოწმო, რაც უსწავლია მას სკოლაში. სასწავლო გეგმით თუ, ვთქვათ, მას უნდა სცოდნოდა ლექსი, ვალდებული ხარ შეამოწმო, იცის, თუ არა ეს ნაწარმოები.
როდესაც ჩვენ პრეტენზია გვაქვს, ტესტის ნაწილი უნარებზე ორიენტირებული იყოს, ნაწილი აუცილებლად ცოდნასა და დანარჩენი – ორივეზე ერთად, აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში ის, თუ რა ისწავლება სკოლაში. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს ფაქტების ცოდნაც ევალებათ, წელს უფრო იოლ დავალებებზე ვიყავით ორიენტირებული. უნარებზე ორიენტირებული დავალება უფრო რთული იქნება მოსწავლისთვის, ვიდრე რაღაცის გახსენება. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დიდი დოზით არის გათვალისწინებული მისაღებ გამოცდებზე, რასაც სხვა დატვირთვა აქვს. აქ საუბარია იმათზე, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდა უმაღლეს სასწავლებელში. გამოსაშვები გამოცდების  შემთხვევაში კი იმაზე, აკმაყოფილებს, თუ არა მინიმალურ სტანდარტს ატესტატის ასაღებად.  

რაც შეეხება სკოლას, ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც გამოცდებს ასეთი დოზით ვუკავშირებთ სასწავლო პროცესს. როცა ვსაუბრობთ სასწავლო პროცესის ხარვეზებზე და იმ საშიშროებაზე, რომ სკოლები ორიენტირებული გახდებიან ამ გამოცდებზე, მე პირადად სხვანაირად მოვიქცეოდი. თქვენ იცით, რომ სკოლამ ყველა საგანში დადებითად უნდა შეაფასოს მოსწავლე, რომ ამ გამოცდებზე გამოვიდეს. მათ შორის იმ საგნებშიც, რომელსაც ჩვენ არ ვამოწმებთ. პირველ რიგში, სკოლამ უნდა აიღოს თავის თავზე მოსწავლის შეფასება, თან 12 წლის განმავლობაში. ხაზს ვუსვამ 12 წელს. არანაირი საგამოცდო სისტემა არ არსებობს, რომელიც სკოლის შეფასებას კონკურენციას გაუწევს. როცა მასწავლებელს 12 წელი შეუძლია დააკვირდეს მოსწავლეს და შეაფასოს, ამას რომელი ტესტი შეედრება?! ეს ორი რამე უნდა გავმიჯნოთ. სკოლამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მოსწავლე ღირსია, კიდევ ერთხელ დაადასტუროს კომპეტენცია (მინიმალური) რვა საგანში.

წელს გამოცდებზე ბარიერის გადალახვა მარტივი იყო (განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო საგნებში). რამდენად ამოწმებს ასეთი ტესტი ცოდნას და რა შეიცვლება მომავალში?

ზოგადად, სისტემა ასეთია: დავალებები დაყოფილია ბლოკებად – მარტივი, საშუალო, რთული... როდესაც მოსწავლე იღებს პირველ დავალებას და პასუხს სცემს, სისტემა იწყებს მის ავტომატურ შეფასებას. თუ სწორად უპასუხა, ან იმავე სირთულის დავალებას მისცემს, ან ოდნავ უფრო რთულს და ა.შ. თუ ვერ უპასუხა, დავალება მარტივდება. იმისდა მიხედვით იცვლება სირთულე, თუ როგორ სცემს პასუხს. სისტემას მოსწავლის შესაძლებლობების შესაფასებლად და დასაზუსტებლად სადღაც 25-40-მდე კითხვა სჭირდება.

ამჟამინდელი ბარიერი ცოდნას ვერ აფასებს, აფასებს შესაძლებლობას. წელს ბარიერი ნებისმიერ სამ საგანში 5.2 და დანარჩენში 5.5 იყო. 5.5-იც რომ ჰქონოდა ყველა საგანში მოსწავლეს, მაინც დაბალია. 6-ზე ზემოთ მაინც უნდა იყოს ბარიერი. სამომავლოდ, სწორედ ბარიერი აიწევს.

მე არ ვიქნებოდი მომხრე, რომ ამ, პირველი წლის მიხედვით, შედეგებით გვემსჯელა იმაზე, ეკუთვნის, თუ არა მოსწავლეს ატესტატი, რომელმაც, მაგალითად, იცის წყლის ფორმულა ქიმიაში, არჩევს ჟანგბადის ფორმულას და ა.შ. პირველი წლის მთავარი დატვირთვა სულ სხვა რამ იყო – შევძლებდით, თუ არა, რომ დაგვენერგა რთული, მაგრამ ეფექტიანი სისტემა წარმატებით, რაც გაკეთდა.

მაია მიმინოშვილი ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
გარდა საატესტატო გამოცდებისა, გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების წარმართვასაც. გასულ წელს მეხუთედზე ნაკლებმა მოახერხა ორივე სავალდებულო გამოცდაში ბარიერის გადალახვა. შეიცვალა, თუ არა რამე გამოცდების ფორმატში? ან სირთულეში? იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამგვარი მაჩვენებლის გამო გამოცდის ჩაბარება გამარტივებულიყო...

რაც შეეხება მასწავლებლებს, ჩვენ ვერ მოვახერხეთ გადამზადების ეფექტიანი კურსების შეთავაზება. ნაწილობრივ, პედაგოგიც იყო დამნაშავე, რომ არ ზრუნავდა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახალი ინფორმაციის მოძიებაზე და ა.შ. როცა აპრობაციებს ვატარებდით, მაგალითად, ფიზიკის მასწავლებლებს ჰქონდათ პრეტენზიები – რატომ გვთხოვთ ამოცანების ამოხსნას, აღარ გვახსოვს და არ გვჭირდება, სასწავლო გეგმის მიხედვითო. სტუდენტობისას ვხსნიდითო. მგონი, ეს კომენტარის გარეშე უნდა დავტოვოთ. ისევე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ერთი ჯგუფის აღშფოთება – ეს რა დავალებებია, ჩვენ ფილოლოგები კი არა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ვართო. თუმცა, როდესაც მასწავლებელს ეუბნები, რომ შენ უნდა გაიარო სერტიფიცირება, წინა პერიოდში უნდა შესთავაზო მასალები, ლიტერატურა, გადამზადება და შემდეგ ჩაუტარო გამოცდა. შარშან წინა პერიოდი ნაკლოვანი იყო. აიყვანეს პროვაიდერები, რომლებმაც ხშირად არაკვალიფიციურად ჩაატარეს ტრენინგები. მაგალითად, ერთ-ერთ რეგიონში ინგლისური ენის ტრენინგი ქართულად მიმდინარეობდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, პირველ რიგში, თვითკრიტიკულები ვიყოთ.

როდესაც ვფიქრობდით, თუ როგორი უნდა იყოს გამოცდა, შევთანხმდით, რომ მას უბრალოდ მინიმალური კომპეტენცია არ უნდა შეეფასებინა. რომ ამბობენ, ბევრი მასწავლებელი ჩაიჭრა და აბიტურიენტებს რას ერჩითო, ვერ შევადარებ. აბიტურიენტებთან ბარიერი 25%-ია. აქ კი, გარდა იმისა, რომ გამოცდა სერიოზულია, ბარიერიც მაღალია – მასწავლებლებს 60%-ზე მეტი უნდა დაეგროვებინათ.
ტესტი არ გამარტივდება. ეს გამოცდები პროცესია, რომელიც 2014 წლამდე გაგრძელდება – იქამდე, სანამ სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. მანამდე პედაგოგები გამოცდილებას დააგროვებენ.

რამდენად ცდის ტესტი, მასწავლებელი კვალიფიციურია, თუ არა? რამდენად შექმნის ის გარანტიას, რომ მასწავლებელი გამოიყენებს ამა თუ იმ დასწავლილ თეორიას პრაქტიკაში?

მასწავლებელს უწევს როგორც პროფესიული უნარების, ასევე მაპროფილირებელ საგანში გამოცდის ჩაბარება. პირველ მათგანში არის ცოდნის ნაწილიც და კონკრეტული შემთხვევების აღწერაც, სადაც უნდა დაწერონ, როგორ მოიქცეოდნენ ამა თუ იმ სიტუაციაში. წერითი გამოცდის ფარგლებში მოწმდება, როგორ გამოიყენებს ის თეორიებს პრაქტიკისას. ცხადია, გაცილებით უკეთესია ამის პრაქტიკის დროს დაკვირვება, თუმცა, წერითი გამოცდის ფარგლებშიც ვლინდება მისი უნარები.  

საგნობრივ ტესტზეც იგივე შემიძლია ვთქვა. მხოლოდ ცოდნა არ მოწმდება. შეიძლება, ძალიან კარგი მათემატიკოსი იყოს ვინმე, მაგრამ ცოდნის გადაცემის უნარი არ ჰქონდეს, ან კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებთან უჭირდეს მუშაობა. მაგალითად, მათემატიკის ტესტში არის ნაწილი, სადაც მოყვანილია კონკრეტული მათემატიკური პრობლემა. პირობითად, მასწავლებელმა მე-8 კლასის მოსწავლეებს უნდა აუხსნას პითაგორას თეორემა. ვეკითხებით, წინასწარ რა მასალას მოამზადებდი ამისთვის, რომ კარგად გაიგონ; როგორ შეამოწმებდი გაიგეს, თუ არა; ან კონკრეტული ამოცანის ამოხსნისას მოსწავლემ შეცდომა თუ დაუშვა, როგორ მოიქცეოდი...

მაია მიმინოშვილი ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
სერტიფიცირებას აქვს ნაკლი – შეუძლებელია, თუნდაც ფანტასტიკური ტესტით მასწავლებლის კვალიფიკაციის შეფასება და მისი მომავლის გადაწყვეტა. ეს არის კომპლექსური საკითხი და გამოცდა მხოლოდ მისი შემადგენელი ნაწილია. საუბარია ტრენინგ-კურსებზე, სადაც კრედიტებს დააგროვებენ. დაგეგმილი იყო მასწავლებლის საუკეთესო გაკვეთილების ვიდეოჩანაწერების გაკეთებაც. პედაგოგებს უნდა შეედგინათ პორტფოლიოებიც, რაც კრედიტების დაგროვების საშუალებას მისცემდა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ სერტიფიცირება ჯერჯერობით ერთადერთ კომპონენტად რჩება.

2009 წლიდან დაინერგა ერთიანი სამაგისტრო გამოცდებიც. რა არის მისი დანერგვის მოტივი?

ვინაიდან გადაწყდა, რომ სახელმწიფოს მაგისტრატურაც დაეფინანსებინა, საჭირო იყო რაიმე ერთიანი კრიტერიუმის შემუშავება. ბუნებრივია, სპეციალობაში გამოცდას ჩვენ არ  ჩავატარებდით – ყველა უნივერსიტეტს თავისი კრიტერიუმები აქვს. საბოლოოდ გადაწყდა, ამერიკულ უნივერსიტეტებში აპრობირებული GMAT-ისა და GRE-ის კომბინირებული ვარიანტი გაგვეკეთებინა. ტესტი შედგება 4 ნაწილისაგან – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკა და რაოდენობრივი მსჯელობა. ის ამოწმებს საბაზისო მეცნიერულ უნარებს. თუმცა, არის პირველი და სრულიად არასაკმარისი ბარიერი. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ მეტი წონა ჰქონდეს სპეციალობის გამოცდას უნივერსიტეტებისათვის.

საერთო სამაგისტრო გამოცდასთან ერთად საქართველოში ამოქმედდა მაგისტრატურის დაფინანსების ახალი წესიც. აქ დაფინანსება ნაწილობრივ პრიორიტეტების მიხედვით ხდება. რამდენად სამართლიანია ეს?

აქ 11 ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი. მათგან ყველა პრიორიტეტულია ქვეყნისთვის. ვერავინ იტყვის, რომ კარგი იურისტი არ სჭირდება ქვეყანას, ან კარგი ეკონომისტი. საუბარია პრიორიტეტებს შორის პრიორიტეტულზე.

ზოგადად დაფინანსება ასე ხდება – ვიღებთ ყველა აპლიკანტს და ვადგენთ რეიტინგულ სიას. მთელი თანხის ათი პროცენტი ამ სიის მიხედვით ნაწილდება. თუ არ ვცდები, სულ 2 მილიონია გამოყოფილი, ანუ 200 ათასი ნაწილდება ამგვარად. შემდეგი 40% ნაწილდება 11-ვე მიმართულებისთვის თანაბრად – აქ შედის სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესიც. დანარჩენი ნაწილდება უკვე პრიორიტეტების მიხედვით, სადაც თავს იჩენს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო მიმართულებები...

ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია. რა თქმა უნდა, კარგი ეკონომისტი და სამართალმცოდნე საჭიროა ქვეყნისთვის და მას აქვს კიდეც დიდი შანსი დაფინანსების მოპოვების, მაგრამ ფუნდამენტურ მეცნიერებებს ხელი უნდა შევუწყოთ. ეს წახალისებაა. შარშან საბუნებისმეტყველო მიმართულების მაგისტრანტები პირველ 10%-შიც მოხვდნენ.

დაფინანსების წესი შეიცვალა ბაკალავრიატის დონეზეც. აქაც ანალოგიური მიმართულებებია პრიორიტეტული. რაში გამოადგება ქვეყანას სუსტი ინჟინერი, ან ბიოლოგი, რომელიც უფრო იაფად სწავლის სურვილმა მიიზიდა ამ სპეციალობებზე? ვისაც ინტერესი აქვს, ის ხომ ისედაც გააგრძელებდა სწავლას?

მე თქვენ გკითხავთ, სახელმწიფოს პრიორიტეტები არ უნდა ჰქონდეს? წარმოიდგინეთ, რომ ხართ ქვეყნის მმართველი და არის ასეთი სურათი – გყავთ ძალიან ბევრი კარგი ეკონომისტი და არც ერთი ინჟინერი. მას ეკონომისტი ვერ შეგიცვლის და ამ დროს ინჟინერი ყოველწამიერად გჭირდებათ.  

ამგვარი ხელოვნური სტიმულირებით როგორ მოევლება პრობლემას? სხვა კუთხით შევხედოთ. ერთია მიზიდვა, მეორე – სტუდენტის ინტერესი, შესაძლებლობები.  რაოდენობის ზრდა რას გვაძლევს?

ახლა, შესაძლოა, სუსტი თაობა მოვიდეს. თუმცა წლების შემდეგ, თუ მოახერხე უკეთესი მასწავლებლების მიზიდვა და სხვა მხრივ წინსვლა, ვითარება გამოსწორდება. რაღაცით უნდა დაიწყო. სჯობს, როდესაც 100 გყავს, მათგან 5 პროფესიონალი დადგეს, ვიდრე 5 გყავდეს სულ. სხვაობა დიდია.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ადრე ადგილები მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე ივსებოდა, რომ მან ჰუმანიტარული ფაკულტეტი გახსნა. ეს არის ნონსენსი. ტექნიკური უნივერსიტეტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის უნივერსიტეტი ქვეყნისთვის. სახელმწიფო ყველაფერს უნდა აკეთებდეს ამ სტრატეგიული მნიშვნელობის დარგების ხელშესაწყობად. სხვანაირად შანსი ვერ გვექნება.

ეროვნულ გამოცდებზე საინჟინრო, როგორც პირველი არჩევანი, შარშანდელთან შედარებით 104%-ით გაიზარდა. ზრდა არის საბუნებისმეტყველო მიმართულებითაც. მხოლოდ დაფინანსებაც ვერ მიიზიდავს სტუდენტებს – ვფიქრობ, ამ მიმართულებით პერსპექტივა დაინახეს. ეს თუ ვერ შეამჩნია აბიტურიენტმა, არც წავა ამ მიმართულებებით – არ ექნება მნიშვნელობა, მამა გადაუხდის, თუ სახელმწიფო.

წლებია, რაც განათლების სფეროში ხართ და სისტემის რეფორმაში მონაწილეობთ. რას თვლით განათლების სისტემის მთავარ მიღწევად? რა შედეგი გვაქვს დღესდღეობით?

ეს ყველაზე მძიმე კითხვაა – პირდაპირ ვამბობ. რეფორმა ახლაც მიმდინარეობს. ზოგადად, განათლების სისტემაში რეფორმა მუდმივად მიდის. შეუძლებელია, გაჩერდე და თქვა, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გააჩნია დოზებს. მე პირადად ვფიქრობ, რომ ახლაც დიდი ცვლილებები ტარდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ შედეგსაც ვნახავთ. ეს ყველაფერი შეიძლებოდა, სხვანაირად ყოფილიყო – ვგულისხმობ იმას, რომ დიდი ხნის დაწყებული რეფორმა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მცირე ცვლილებებით, დახვეწით. სამწუხაროდ, ამ პერიოდის განმავლობაში მოგვიწია უკან დაბრუნება, თავიდან დაწყება, დაბრუნება, თავიდან დაწყება და ახლაც ძირეული ცვლილებები მიდის.

არაფრით არ ვიტყვი, რომ მთავარი მიღწევა ერთიანი ეროვნული გამოცდებია. როდესაც ამას ამბობდნენ, მიხაროდა, ერთი წელი, მეორე წელი. ბევრი სხვა რაღაცაც უნდა ყოფილიყო – ცუდია, როდესაც ერთ რამეზე აკეთებ აქცენტს.

გამოწვევა რა არის?

განათლების სისტემის გული სკოლაა. სხვაც, ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ სასკოლო განათლება საფუძველია. საშუალო განათლების სისტემის გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თქვენ შეესწარით განათლების პოლიტიკის გარდაქმნასაც. 2004 წელს დაწყებული  ლიბერალიზაციის კურსი 2007 წლიდან შეიცვალა. სისტემა სულ უფრო და უფრო ცენტრალიზებული ხდება. ბოლოს ამის ბევრი მაგალითი ვიხილეთ, დაწყებული სკოლებიდან, დამთავრებული უმაღლესი სასწავლებლებით. რა არის ამის მიზეზი? იყო, თუ არა გასული დრო საკმარისი, რომ რეფორმის პირველი ეტაპი წარმატებულად, ან წარუმატებლად შეგვეფასებინა?

მოკლე პასუხი თუ გინდათ – არ იყო საკმარისი. ბევრი რამე კარგად გაკეთდა იმ დროს. რაც არ ვარგოდა, იმას ზუსტად ვამბობ – მაგალითად, ასეთი იყო ტრიმესტრული სწავლება, რომელმაც სასწავლო პროცესი დაანგრია.

დეცენტრალიზაცია იყო ძალიან კარგი და სწორი მიდგომა. უბრალოდ, გვავიწყდება ხოლმე, რომ განათლების სისტემა არის კონსერვატიული სისტემა და მას ფრთხილად უნდა მოვეპყროთ. ათასჯერ უნდა გაიზომოს და აიწონოს. ნამდვილად კარგი იყო დეცენტრალიზაციის მიმართულებით არაერთი ნაბიჯის გადადგმა. მასზე ფიქრის დაწყებაც კი დიდი მიღწევაა. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. თუმცა, რაღაც შეგვეშალა პროცესში, რაღაც ვერ გავთვალეთ და ა.შ.

მაგალითად, ავიღოთ სამეურვეო საბჭოები, რაც ძალიან კარგი იდეაა და ჭკუათმყოფელი ვერ იტყვის, რომ ცუდია. თუმცა, რატომღაც ამ სისტემის პილოტირება არ დაიგეგმა თავის დროზე, რაც რეპრეზენტატულად შეიძლება გაკეთებულიყო. ერთდროულად განხორციელდა ისე, რომ არავის გამოცდილება არ ჰქონია. როდესაც ახალი ორგანიზმი შეგაქვს, აუცილებლად რაღაცა ხარვეზები აღმოჩნდება. პილოტირებისას დაინახავ, რატომ მუშაობს იქ კარგად, ან სხვაგან ცუდად. ამას თავისი ეტაპები აქვს და ერთბაშად დანერგვის შემდეგ ძალიან რთულია გამოსწორება. სამეურვეო საბჭოები დღესდღეობით ბევრგან არ მუშაობს.

ახლა, როდესაც სისტემაში მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღებები შეიცვალნენ და ხარვეზებს ხედავენ, სხვა კუთხით იწყებენ ცვლილებების გატარებას. თვლიან, რომ დეცენტრალიზაციამ არ გაამართლა და გადაწყვეტილებას იღებენ, პირდაპირ ცენტრალიზებული სისტემა ავაგოთო. იდეის დონეზე რომ მკითხოთ, ჩემთვის დეცენტრალიზაციაა მისაღები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები