ბლუ 2 – ჰიუნდაის ექსპერიმენტი წყალბადზე

0 კომენტარი

ჰიუნდაის წარმატებები აღარავის უკვირს. კორეულმა კომპანიამ თანდათან გააუმჯობესა თავისი ავტომობილების ხარისხი, უსაფრთხოების დონე და, რა თქმა უნდა, დახვეწა დიზაინი. იმავდროულად, მათზე ხელმისაწვდომ ფასებსაც ინარჩუნებს. ყველაფერი ეს კი გაყიდვების არნახულ ზრდაში აისახება.

თუმცა, ჰიუნდაიში ესმით, რომ ეს საკმარისი არაა და ყურადღების ოდნავ მოდუნებაც კი, შეიძლება ძვირად დაუჯდეთ. ამიტომ, ისინი ტექნოლოგიების განვითარებაზეც ზრუნავენ. დღეს კი, თუ სამომავლო ტექნოლოგიებზე ზრუნავ, ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგიის ალტერნატიული წყაროს ათვისებაც უნდა სცადო. თუ არა, ხვალ სხვები ისევე გაგასწრებენ, როგორც დღეს თავად ასწრებდი.
ჰიუნდაიც ცდილობს და ამის დასტურია კონცეპტუალური ბლუ 2, ავტომობილი, რომელიც წყალბადის ფიჭური ელემენტებითაა აღჭურვილი. ამ ავტომობილის სახელში 2 სწორედ წყალბადს (H2) აღნიშნავს, ბლუ კი კორეული კომპანიის ეკოლოგიურ სუბბრენდ ბლუ დრაივიდანაა აღებული.
ჰიუნდაი ბლუ 2 ელექტრომობილია – მის გადაადგილებას 120-ცხენისძალიანი ელექტროძრავი უზრუნველყოფს, ის კი ენერგიით ფიჭური ელემენტებისგან იკვებება, რომელშიც ელექტროენერგიის გამომუშავება, წყალბადსა და ჟანგბადს შორის მიმდინარე ქიმიური რეაქციისას ხდება. მწარმოებლის განცხადებით, ასი კილომეტრის გასავლელად, მის კონცეპტუალურ ავტომობილს 3 ლიტრზე ოდნავ ნაკლები წყალბადი ჰყოფნის. ამასთან, ალტერნატიული საწვავის მცირე ხარჯს ის ფაქტიც განაპირობებს, რომ ავტომობილის ძარას აეროდინამიკურად დახვეწილი ფორმა აქვს, მის დასამზადებლად კი მსუბუქი მასალებია გამოყენებული. ამასთან, ის ისეთ ბორბლებზე დგას, რომლებსაც გორვისადმი შემცირებული წინააღმდეგობა გამოარჩევს.
ეს ავტომობილი ჰიუნდაიმ პირველად სეულის წლევანდელ საავტომობილო გამოფენაზე წარადგინა და მაშინ გამოცხადდა, რომ მის გარეგნობაზე მუშაობისას, დიზაინერები კომპანიის ახალი კორპორატიული სტილის ელემენტებსაც ამუშავებდნენ. ამასთან, ამ ელემენტების ნაწილს, მალე სერიულ სედანებზეც ვიხილავთ.
გარდა ამისა, ბლუ 2 აღჭურვილია პატრონის ამომცნობი ელექტრონული სისტემით, რომელიც შორიდანვე ხვდება მფლობელის მიახლოებას და მანქანას მის დასახვედრად ამზადებს – იღება კარი, ირთვება უკანა ხედვის ვიდეოკამერები, რომლებმაც სარკეები შეცვალეს. ასევე ირთვება მულტიმედიური სისტემა, რომლის მართვაც, ღილაკებსა და კლავიატურაზე შეხების გარეშე, სპეციფიკური მიმიკებით შეიძლება. დაბოლოს, ინტერიერი აღჭურვილია ჰაერის მაიონიზირებელით, რომელიც მუდმივად ზრუნავს ჰაერის სისუფთავეზე.
რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის სერიული წარმოება კორეელებს განზრახული არ აქვთ, თუმცა ჩამოთვლილი სიახლეების ნაწილს, სერიულ მოდელებზე აუცილებლად დანერგავენ. 
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები