კიას „კვადრატული” ელექტრონული კონცეფცია

რა შუაშია კვადრატული? – ფოტოზე გამოსახულ ავტომობილს ცოტა უცნაური გარეგნობა კი აქვს, მაგრამ კვადრატულისა არაფერი ეტყობა. თუმცა კონცეფციის ავტორებმა, მისთვის სახელად მაინც ნაიმო (კორეულად ნეჰ მო) გაიმეტეს, რაც თურმე კორეულად სწორედ კვადრატულ იერს ნიშნავს.

ეს ავტომობილი ბევრი რამით გამოირჩევა. პირველ რიგში, გარეგნობით, რომლის მიხედვითაც, მას შეიძლება სოულის შორეული შთამომავალიც უწოდოთ. სოული მაშინვე გაგახსენდებათ, როგორც კი გაიგებთ, რომ ნაიმო B-სეგმენტის ზომის ქროსოვერია. მაგრამ, მისგან განსხვავებით, ელექტრული ძალური დანადგარითაა აღჭურვილი.

სოული ვახსენეთ და ნაიმო მასზე მოკლეა – მისი სიგრძე მხოლოდ 3.9 მეტრია. მას აშკარად ფუტურისტული გარეგნობა აქვს, რომელიც შეიძლება ბევრს არც მოეწონოს. სამაგიეროდ, მისი შემუშავებისას, არაერთი ორიგინალური გადაწყვეტაცაა გამოყენებული. მაგალითად, მისი კარი. ასეთი ამ პატარა ავტომობილს ოთხი აქვს, ამათგან წინები ნორმალური ზომისაა, უკანები კი წინების ნახევარი. ამასთან, უკანა ორივე კარი მხოლოდ იმისთვისაა, რომ უკანა სავარძლებზე მოხვედრა გაადვილდეს. თუმცა, იქ მოსახვედრად, მხოლოდ უკანა კარის გაღება საკმარისი არ იქნება.

ელექტროენერგიის ხარჯის შესამცირებლად, ნაიმოს ყველა ფარი შუქ დიოდებისგანაა დამზადებული. სახურავი შემინულია, თუმცა მის გამჭვირვალე ნაწილს ასიმეტრიული ფორმა აქვს, რაც აშკარად იმისთვისაა, რომ სტენდთან დამთვალიერებელი დიდხანს შეაჩეროს კითხვით – რა საჭიროა ასეთი სახურავი. და სანამ პასუხს გასცემენ, დაინტერესებული ადამიანი ამ ავტომობილსა და საერთოდ მის შემქმნელზე, ბევრ სხვა ინფორმაციასაც მიიღებს.

სხვა ინფორმაცია კი აშკარად საინტერესოა. მაგალითად ის, რომელიც გვამცნობს, რომ ავტომობილს არ აქვს შუშის მწმენდავი (რომელიც ჩვეულებრივ, აეროდინამიკურ მახასიათებლებს აუარესებს ხოლმე), რომლის მოვალეობასაც ჰაერის გამტყორცნი ასრულებს. მის მიერ გატყორცნილი ჰაერის ჭავლი, საქარე მინას წყალს აშორებს. ამას რომ გაიგებთ, სტენდთან უფრო დიდხანსაც დარჩებით და კიდევ უფრო მეტ ინფორმაციასაც მიიღებთ.

კერძოდ, ავტომობილი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 109 ცხენის ძალას ავითარებს. მისი მეშვეობით, „კვადრატს” მაქსიმუმ 150 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია. ელექტროძრავი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან იკვებება, რომლის ტევადობაც 27 კილოვატსაათია. ბლოკი ავტომობილის საბარგულის ძირზე განლაგდა. კორეული კომპანიის ინფორმაციით, აკუმულატორის ტევადობა საკმარისია იმისთვის, რომ ავტომობილმა 200 კილომეტრი გაიაროს.

რა თქმა უნდა, ამ სახით, ეს ავტომობილი კონვეიერზე არ დადგება. თუმცა, კია თავის ერთგულ კლიენტურას ბევრ სიახლეს ისედაც უმზადებს. მათ შორის უნდა იყოს კომპაქტური ქროსოვერი, რომელიც სოულის შემდგომ ნიშას დაიკავებს. გარდა ამისა, იგეგმება როდსტერის გამოშვება, რომელმაც კონკურენცია მაზდას პოპულარულ MX-5-ს უნდა გაუწიოს.


კომენტარები