10 კითხვა ოლეგ ტიმჩენკოს

ოლეგ ტიმჩენკო
ირაკლი ბლუიშვილი

თუ გაქვთ ნახატი, რომელსაც არასდროს გაყიდით?


მაქვს, „მკვდარი ბეღურა” ჰქვია. იმიტომ კი არ ვინახავ, რომ ყველაზე კარგია, უბრალოდ პირველია, რაც აკადემიის დამთავრების მერე დავხატე. მანამდე ერთი წელი არ ვხატავდი, სხვა გეგმები მქონდა. ამ ნახატით კი დავიწყე, ასე ვთქვათ, ხატვა.

თქვენი ერთ-ერთი პერფორმანსი, რომელიც მაყურებელმა ყველაზე ექსცენტრულად თუ უჩვეულოდ აღიქვა:

„ლიმუზინი” ერქვა. ქარვასლაში გავაკეთე. ოლიგარქის როლში, დაცვასთან ერთად მივედი. მგონი, ყველაზე წარმატებული გამოდგა. ხალხისთვის სიურპრიზი იყო, გაერთნენ, იცინეს და იკივლეს.

1990-იანებში გამოფენა-აქცია თბილისის ბაზარში გააკეთეთ. დღეს თუ არის საჭიროება, მსგავსი არატრადიციული ფორმით თქვენი ხელოვნებისადმი ყურადღება მიიპყროთ?

ზუსტად იმ დროს უნდა გაკეთდეს, რა დროსაც იგრძნობ. მაშინ ზუსტი დრო იყო. წინასწარ არ ვგეგმავ ხოლმე. თუ ვიგრძენი, რომ რამე მსგავსი საჭიროა, გავაკეთებ.

არის ვინმე, ვისაც თქვენი შემოქმედების წინაპრად მიიჩნევთ?

წინაპარი ძალიან ბევრი მხატვარია, მგონი, მთელი მხატვრობის ისტორია. მაგრამ როგორც მასწავლებელი, ვისგანაც ბევრი ვისწავლე, სერგო ფარაჯანოვი იყო.

რა არის თქვენი ყველაზე ძვირფასი ნივთი?

ძვირფასი ნივთები არა მაქვს. ასეთი ალბათ ჩემივე ჩონჩხია, თანაც სულ თან ვატარებ, მოძრავი ნივთია, მექანიკური.

რომელი ცნობილი ტილოს  ავტორი იქნებოდით?

შავი კვადრატის.

მთავარი, რასაც აკადემიაში სტუდენტებთან მუშაობა გაძლევთ:

ახალგაზრდობას. მაკლდება და მაკლდება წლები.

მაისურზე რის ან ვის გამოსახულებას დაიტანდით?

პირველად რომ მოვედი აკადემიაში, ყველა ჩემს სტუდენტს ფოტოები გადავუღე და მაისურის ორივე მხარეს დავბეჭდე – ერთ მხარეზე სერიოზული სახეებით სხედან, მეორე ფოტოზე წვანან მხიარულად. ასე რომ, მაქვს უკვე ასეთი მაისური და სიამოვნებით ვატარებ.
                
ხალხი გაოცდება, როცა გაიგებს, რომ ოლეგ ტიმჩენკო...

ჩინეთის ჯაშუშია.

რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

მერე რა იქნება?

კომენტარები