დითირამბები ხელისუფლებას

ამას წინათ მოვიდა ჩემთან ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელმაც მითხრა, რომ სტატიის დაწერას აპირებდა თურმე ჩემზე და მისთვის საჭირო რამდენიმე კითხვაზე მთხოვა გამეცა პასუხი. მანვე მომიტანა ამონაბეჭდები ჟურნალ ლიბერალიდან და სხვა მედიასაშუალებებიდან, საიდანაც შევიტყვე, რომ ჩემ გარშემო, თურმე რაღაც „მამათა და შვილთა ომის” მაგვარი პოლემიკა ყოფილა გაჩაღებული. ჟურნალისტებს – დავით მეტრეველს  და ნინო ბექიშვილს ძალიან არ მოსწონებიათ ჩემი სატელევიზიო გამოსვლები. ნინო ბექიშვილს  –  სამადლობელი სიტყვა კონკურს გალაზე, სადაც, მისი თქმით, მე დითირამბები მიმიძღვნია „ხელისუფლებისთვის, რომელმაც პრემია მომცა”. მეტრეველს ხომ საერთოდ ჩაუქნევია ჩემზე ხელი, როგორც მწერალზე და როგორც მოქალაქეზე, რადგან ერთ-ერთ „საღამოს შოუში” მითქვამს, რომ ვანო მერაბიშვილი – ო, საშინელებავ – არის კარგი მინისტრი, ხოლო მის მიერ ქვეყანაში დამყარებული წესრიგი ბევრად უკეთესია იმ წესრიგებთან  შედარებით, რომლებიც იყო მანამდე. ამათ შეჰკამათებია მწერალი დავით ქართველიშვილი და თავის მხრივ უსაყვედურია (სამართლიანადაც) მეტრეველისთვის იმის გამო, რომ კრიტიკოსები აკრიტიკებენ მწერლებს მათი ნაწარმოებების წაუკითხავად; ამასთან, დავით ქართველიშვილი მეც გადმომწვდომია ცოტა არ იყოს მეტ-ნაკლებად; რაც ასევე განსახილველია.

თავის დამცირება შეიძლება არ იყოს, მაგრამ ალბათ არც მთლად სერიოზული საქციელი იქნება ჩემი მხრიდან, თუ მოვყვები თავის მართლებას ვინმე მერაბ მეტრეველისა და ნინო ბექიშვილის წინაშე, რომლებსაც არ ვიცნობ და, გითხრათ სიმართლე, არც მაქვს სურვილი, რომ ვიცნობდე. მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში არიან სხვა ადამიანებიც, ისეთები, რომელთა წინაშეც თავს ვალდებულად ვთვლი პატარა კომენტარი გავუკეთო წამოჭრილ საკითხებს.

ნინო ბექიშვილისა და მისებრ მოაზროვნე ადამიანების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ლიტერატურული კონკურსი გალა ტარდება ქ. თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ხოლო გამარჯვებულებს მასში ავლენს ჟიური, რომელიც, როგორც წესი, შედგება არა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, არამედ ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ყველასათვის კარგად ცნობილი ღირსეული ადამიანებისგან. გარდა ამისა, გალა ტრადიციულად ტარდება თბილისობის  დღესასწაულზე, რომელსაც კოორდინირებას და ორგანიზებას უწევს ქალაქის და ქვეყნის ხელისუფლება. გალაზე იყვნენ საპატიო სტუმრები: ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მერი, კულტურის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვები. დარწმუნებული ვარ, კონკურსის მიმართ გულგრილი არ იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. კონკურსში გამარჯვების შემდეგ მე, როგორც ზრდილობიანმა კაცმა, მადლობა გადავუხადე ყველას – გალასთვის, თბილისობისთვის და ჩემი ლიტერატურული საქმიანობის დაფასებისთვის. მე არ ვიცი, როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილზე ნინო ბექიშვილი, მაგრამ მგონია, რომ პრემიაზე ან საერთოდ უნდა თქვა უარი, ან თუ უარი არ თქვი და მიიღე, მაშინ მადლობა უნდა თქვა მაინც.

რაც შეეხება მერაბ მეტრეველის პრეტენზიებს  ვანო მერაბიშვილზე ჩემს გამონათქვამებთან დაკავშირებით: ვადასტურებ ჩემს სიტყვებს. ჩვენი პოლიცია შეიძლება ჯერ არ არის იდეალური, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც იყო, ის მართლაც ბევრად უკეთესია: პოლიციის შენობები აღარ არის ჯურღმულები და პოლიციის სამმართველოს მაღალსართულიანი შენობის ფანჯრებიდან, მადლობა ღმერთს, აღარ ცვივიან პანტაპუნტით ადამიანები. ძირფესვიანად რეორგანიზებული პოლიცია ფლობს საუცხოო ტრანსპორტს. ის ჩინებულადაა  შეიარაღებული და აღჭურვილი. ქართველი პოლიციელები არიან ფიზიკურად კარგად მომზადებულები და წინანდელებთან შედარებით ძალიან ზრდილობიანები. ქვეყანაში აშკარად იკლო მძიმე დანაშაულთა რიცხვმა. ამ მხრივ ვანო მერაბიშვილმა, დიახაც, აჯობა ყველა მის წინამორბედს – დიდი მადლობა ამისთვის მას.

მერაბ მეტრეველს არ მოსწონს ისიც, რომ ერთ-ერთმა ავტორმა (ზაზა ბურჭულაძემ) და კიდევ ვიღაც-ვიღაცეებმა მიწოდეს „პროზის ფიროსმანი”. მინდა ვანუგეშო ჟურნალისტი და გულწრფელად ვუთხრა, რომ არც მე მომწონს ასეთი შეფასება, რადგან ფიროსმანს კიბის ქვეშ ამოხდა თავის დროზე სული, სხვათა შორის თავისი „თანამოძმე” მხატვრების უყურადღებობისა და შესაძლოა შურის გამოც. ახლა კი ეს მხატვრები ერთმანეთს წაეკიდნენ მისი სიმბოლური საფლავის გაკეთება-მოწყობის გამო. ჯერ აქამდე რა იყო და ახლა თუ კიდევ კიბის ქვეშ სიკვდილი მიწერია და კარგი დახლი დამდგომია მაშინ. ყველას გასაგონად კატეგორიულად ვაცხადებ: არანაირი ფიროსმანი – არც პროზის, არც პოეზიის, არც ფერწერის, არც გრაფიკისა ან ბატიკის არ ვარ; არ ვარ აგრეთვე კერამიკული ან ბამბეულისა და ფართლეულის ფიროსმანი. მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ ის, ვინც ვარ; და რადგან ასეა, ახლა უკვე შევეხები იმ მთავარს, რის გამოც გადავწყვიტე ამ წერილის დაწერა. 

მწერალმა დავით ქართველიშვილმა გამოთქვა დაახლოებით ასეთი აზრი, რომ მწერლები შეიძლება იყვნენ განსხვავებული პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსის, განსხვავებული რასის და ა.შ. მათი ეს თვისებები არ არის განმსაზღვრელი იმისა, თუ რამდენად ღირებულია მათი შემოქმედება. მეტრეველი დაეთანხმა ამ მოსაზრებას, ოღონდ აღნიშნა, რომ ზოგჯერ კარგი მწერალიც შეიძლება იყოს ცუდი მოქალაქე.
მეტრეველის შეკითხვას ვპასუხობ: მე ნამდვილად არ ვიცი როგორ მოიქცეოდა ფიროსმანი, მისი ნახატები კულტურის სამინისტროს რომ წარედგინა ევროპის საუკეთესო ნახატების გამოფენაზე, მაგრამ ჩემი მოთხრობა „მაცივარი სექსისა წილ” არ წარუდგენია „საუკეთესო ევროპული მოთხრობების კრებულში” კულტურის სამინისტროს. ეს მოთხრობა დაიბეჭდა რამდენიმე წლის წინ ჟურნალ ქომაგში. ქომაგის შემდეგ ის დაბეჭდა ბაკურ სულაკაურმა თავის „15 საუკეთესო ქართულ მოთხრობაში”, ეს კრებული უნახავს პროფესიით მთარგმნელს, ბრიტანეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე ნატალია ბუკია-პეტერსს, რომელსაც ინგლისელ მთარგმნელ ვიქტორია ფილდთან ერთად უთარგმნია ინგლისურად. მერე ეს მოთხრობა გაიგზავნა იმ ამერიკულ გამომცემლობაში, რომელმაც გამოსცა „საუკეთესო ევროპული მოთხრობების კრებული”. ამავე გამომცემლობამ მოსწერა წერილი ჩვენი კულტურის სამინისტროს, რომლის შინაარსიც დაახლოებით ასეთი იყო: „ეს საქართველო რა კარგი ქვეყანა ყოფილა და ეს ვიღაც ზურაბ ლეჟავა რა კარგი მწერალი გყოლიათო”. 

კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს არაა ახსნა-განმარტება და თავის მართლება. ოღონდაც, მე მსურს საუბარი გონიერ ადამიანებთან – ჩვენს თანამემამულეებთან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებთან. და არა იმდენად ლიტერატურაზე, არამედ მოქალაქეობაზე და მოქალაქეობრივ ვალზე.
მოდით დავუსვათ ჩვენს თავს კითხვები: ჩვენ მართლა ტოტალიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ? პირსისხლიანი ჯალათები გვადგანან ცულებით თავზე? სატანისტები და მასონები გვიგინებენ სარწმუნოებას? მართალია ეს ყველაფერი, თუ ვიღაცას უნდა, რომ ჩვენ ეს ჩაგვაგონოს? მე მიმაჩნია, რომ ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. მთავრობის ქებით რომ დღეს ფული კეთდებოდეს, ყოველი მეორე კარის პოეტი იქნებოდა; მიხეილ სააკაშვილზე პოემებს დაწერდნენ, ხოლო ვანო მერაბიშვილზე შეიძლება სპექტაკლიც დაედგათ რუსთაველის თეატრში. რაღა მე გამოვედი მაინცდამაინც ასეთი სინდისგარეცხილი კარის პროზაიკოსი და სააკაშვილის პირადი პოლიტ.ფიროსმანი. ზოგი მწერალი ისეთი ყალთაბანდია, სააკაშვილს კი არა, დაშნაკთა პარტიის ლიდერს მიუძღვნიდა დითირამბებს ერთი ძეხვის სანაცვლოდ, მაგრამ ძველი მთავრობებისგან განსხვავებით, აღარ უხდის, ან ცოტას უხდის ეს მთავრობა ფულებს მეხოტბეებს. და დიდება მას ამისთვის. მე მაგალითად, ნახევარი ძეხვი, პონჩიკი და კოკა-კოლა მომცეს სატელევიზიო შოუში ვანო მერაბიშვილის შექების სანაცვლოდ. ამან მე აღმაფრთოვანა და ახალი მწვერვალების დასაპყრობად განმაწყო. ახლა გასაოცარი შემართებით ვმუშაობ ახალ ტრილოგიაზე, რომელსაც ერქმევა „საშინელი ალი-ბაბა და ორმოცი პირსისხლიანი ყაჩაღი” და რომელშიც ვრცლად აისახება მიხეილ სააკაშვილისა და სრულიად ნაციონალური მოძრაობის როლი ქართული საზოგადოების ზომბირებული ნაწილის ქრონიკული გამოთაყვანებულობიდან გამოყვანის ურთულეს და მეტად საპასუხისმგებლო საქმეში. ჰონორარის სახით მოვითხოვ მომცენ ოთხასლარიანი გაზქურა და ოთხი ზამთრის ქურთუკი – სამი ახალი: ბავშვებისთვისა და მეუღლისთვის და ერთიც  „ძონძებში” ნაყიდი – ჩემთვის. მოვითხოვ ასევე გადმომცენ ექვსი კუბამეტრი შეშა, ორი ტომარა კარტოფილი, ნახევარი ტომარა ხახვი და ტომარა-ნახევარი საკვები ხორბალი ჩემი ოთხი ქათმისთვის. მოვითხოვ არ გაზარდონ ამაზე მეტად ჰონორარები მეხოტბეობისთვის, რადგან თუ მთავრობის ქების სანაცვლოდ გადაიხდიან მეტს, მაშინ მთელი ჩვენი მწერლები თავს დაანებებენ სერიოზულ ლიტერატურას და გადავლენ სააკაშვილის რეჟიმის ქებაზე, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს მწერლობაზე. მეორე მხრივ: თუ გამოჩნდებიან ისეთი ავტორები, ვინც ამაზე უფრო იაფად დათანხმდებიან შეასრულონ ეს  მძიმე სამუშაო – სააკაშვილის რეჟიმის მეხოტბეობა, მაშინ მე უარს ვიტყვი პროექტში მონაწილეობაზე, გადავალ ოპოზიციაში და წავალ აქუბარდიასთან ან იმის იქით – ჩუნგა-ჩანგასთან. 

დიდხანს ვფიქრობდი ეს წერილი გამომექვეყნებინა თუ არა. ახლაც არ ვარ დარწმუნებული გამიგებენ თუ არა სწორად თუნდაც ისინი, ვინც მინდა რომ სწორად გამიგოს, მაგრამ ალბათ როგორც პუტინის, ლავროვის და ჟირინოვსკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ლანძღვას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ასევე შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია ჩვენი პრეზიდენტისა და მთავრობის ხოტბა და ქება-დიდება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა. ამ შემთხვევაში უბრალო ხალხის აზრს, ვფიქრობ, ქვეყნის მმართველების აზრზე უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. მე, როგორც ყოველთვის, ახლაც ერთი უბრალო კაცი ვარ და ამიტომაც ვაქვეყნებ ამ წერილს.  
 

კომენტარები