რომის პაპმა მრევლს ტვიტერით მიმართა

რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ მრევლს ვატიკანის ახალი საინფორმაციო პორტალის გაშვების შესახებ სოციალური ქსელის, ტვიტერის მეშვეობით აცნობა. ბენედიქტე მეთექვსმეტე კარგა ხანია დარეგისტრირებულია ტვიტერზე, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა მან მორწმუნეებს პირადად მიმართა. ”ძვირფასო მეგობრებო, ახლახან გავუშვი ვებ გვერდი news.va. დიდება უფალ იესო ქრისტეს. გლოცავთ. ბენედიქტე მეთექვსმეტე,” - დაწერა 84 წლის პონტიფიკოსმა. აღსანიშნავია, რომ ვატიკანის ახალი ვებ გვერდი პაპმა თავად გაუშვა iPad-ის ეკრანზე შესაბამის ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, იუწყება უცხოური მედია.

”პაპს ცოტათი ეშინია ტექნოლოგიური სიახლეების, ამიტომ ჩვენ მას დავეხმარეთ. ახლა მან მორწმუნეებთან ურთიერთობის ახალი გზა აღმოაჩინა,” აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ვატიკანის საზოგადოებასთან ურთიერთობის საბჭოს თავმჯდომარემ, თადეუს ჯონსმა.

პორტალი www.news.va ვატიკანის რამდენიმე ბეჭდურ, ინტერნეტ, რადიო და სატელევიზიო მედიას აერთიანებს. საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი წერს, რომ ეს ვატიკანის მორიგი მცდელობაა თავისი სათქმელი რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიიტანოს.

კომენტარები