სასამართლოსადმი ნდობის დინამიკა

მომხმარებელთა 75% სასამართლოს სრულ, ხოლო 16% ნაწილობრივ ნდობას უცხადებს. გამოკითხვა საქართველოს ხუთ რაიონულ და სამ საქალაქო სასამართლოში მაისში ჩატარდა. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, მის მიმდინარეობას საერთაშორისო ორგანიზაციების – ABA-ს, NORLAG-ისა და UNDP-ის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მსგავსი კვლევა, ერთობლივად, ერთი წლის წინ USAID-მა და უზენაესმა სასამართლომ ჩაატარეს. მაშინ სრულ ნდობას სასამართლოს 53%, ხოლო ნაწილობრივს 24% უცხადებდა. USAID-ის დაკვეთით გასულ წელს სასამართლოს მომხმარებლები იკვლია IPM-მაც – 63% სასამართლოს სრულად  ენდობოდა, 22%  კი – ნაწილობრივ.

ვარდების რევოლუციის შემდგომ ნდობის გაზომვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს არ ჰქონია დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს  გამოცდილება. მისი ფუნქცია ქურდულ სამყაროს ჰქონდა გადაბარებული. სასამართლოს მიმართ უნდობლობამ კი ცნობიერებაში მტკიცედ მოიკიდა ფეხი. დღეს საზოგადოების ნდობა სასამართლო რეფორმის წარმატება-წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი საზომია.
2005 წლიდან ჩატარებული კვლევები ეკლექტურ სურათს გვიჩვენებს – პერიოდულად ნდობა სჭარბობდა უნდობლობას, ან პირიქით. მთელი მოსახლეობისგან განსხვავებით, მომხმარებლები უფრო მეტად ენდობიან სასამართლოს. თუმცა, ბოლო რამდენიმე გამოკითხვა ნდობის თანმიმდევრულ ზრდას ასახავს. ზრდაა საერთო ჯამშიც – ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA) მონაცემებით, 2005 წელს, რეფორმის საწყის ეტაპზე, ნდობა 26% იყო.

მოსახლეობის განწყობების დინამიკას გვიჩვენებს IRI-ის სხვადასხვა წლის მონაცემები. თუ 2004 წლის პირველ ნახევარში ნდობა 50%-ს აღწევს, შემდეგ უკვე დაბლა იწევს. უნდობლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წელს აღინიშნა. 2010 წლის ბოლოსკენ დადებითი განწყობა ისევ 50%-ს უახლოვდება.

საინტერესოა, გარდა პირადი გამოცდილებისა, რის მიხედვით ექმნებათ მოქალაქეებს აზრი სასამართლოზე? როგორც UNDP-ის 2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, სასამართლოს შესახებ აზრის ჩამოყალიბების მთავარი წყარო ტელევიზიაა. გამოკითხულთა 44%-ზე ყველაზე დიდ გავლენას სატელევიზიო სიუჟეტები ახდენდა. მნიშვნელოვანი წყარო აღმოჩნდა ნაცნობების მონათხრობიც. გამოკითხულთა  80%-ს საერთოდ არ ჰქონია სასამართლო სისტემასთან შეხება.

ნდობა-უნდობლობის ჩამოყალიბებაში პოლიტიკური გარემოც ასრულებს როლს. მაგალითად, IRI-ის მონაცემებით ჩანს, რომ 2004 წელს ვარდების რევოლუციის განწყობებია გამოყოლილი. 2007 წელს კი პოლიტიკურმა დაძაბულობამ მიაღწია პიკს. გარდა ამისა, 2004-2007 წლებში ჯერ კიდევ დასაშვები იყო სასამართლოში გადაღება. გახმაურებული სასამართლო პროცესების გაშუქებას წინა პლანზე ხშირად ემოციები გადმოჰქონდა. ემოციები თავდაპირველად აკრძალვამაც გაამძაფრა. პოლიტიკურად დაძაბული იყო 2009 წელიც.

რამ გამოიწვია ბოლო დროს სასამართლოს მიმართ ნდობის ზრდა? ამის პასუხი ნაწილობრივ თავად კვლევებშიც დევს. მაგალითად, უკანასკნელი კვლევა  გვიჩვენებს, რომ მოქალაქეები კმაყოფილები არიან სასამართლოს მომსახურებით – გამოკითხულთა 82% ამბობს, რომ მათი საქმე დროულად გადაწყდა. 90%-მა საჭირო ინფორმაცია სრულად, ხოლო 86%-მა დროულად მიიღო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც აცხადებს, რომ საქმეები სწრაფად იხილება – სისხლის სამართლის საქმეებს სამივე ინსტანციაზე, 12-13 თვემდე სჭირდება, ადმინისტრაციულს 15-16 თვე, ხოლო სამოქალაქო 17-18 თვის ვადაში სრულდება. ეს  მაშინ, როდესაც წარსულში ამას რამდენიმე წელი მიჰქონდა.

კუბლაშვილი გამოჰყოფს საქმეების კვალიფიციურ განხილვასაც. სასამართლოს მონაცემებით, შემდგომ ინსტანციაზე, შარშან სამოქალაქო საქმეების 9% გასაჩივრდა, სისხლის სამართლის – 13%, ხოლო ადმინისტრაციულ დავებში კერძო პირებმა გადაწყვეტილებების 18% გაასაჩივრეს. მისი თქმით, ვინაიდან გასაჩივრებისათვის ბარიერები არ არსებობს, ეს საქმეების ობიექტურად გადაწყვეტაზე მიუთითებს. კუბლაშვილი ამბობს, რომ ნდობის მატებას ხელს უწყობს  ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებაც. მხარეებმა წინასწარ იციან, ერთნაირი გარემოებების საქმეზე რა შედეგი შეიძლება მიიღონ.

კუბლაშვილი ხაზს უსვამს სასამართლოს ხელმისაწვდომობასაც – როგორც ტერიტორიულს, ასევე ფინანსურს. მცირე დასახლებებისთვის მაგისტრატი სასამართლოებიც დაინერგა, ხოლო სოციალურად დაუცველები ბაჟს საერთოდ არ იხდიან. ამ ყველაფრის კონტექსტი კი, მისი თქმით, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლაა, რომლის გარეშეც პროგრესი შეუძლებელი იქნებოდა. ის იხსენებს, რომ 2004-08 წლებში, დაახლოებით, 15 მოსამართლე დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე.

სასამართლოს რეფორმა 2005 წლიდან დაიწყო. დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარდაქმნა იყო. ის პრეზიდენტის სათათბირო ორგანოდან სასამართლო სისტემის მართვის მთავარ ორგანოდ იქცა, სადაც უმრავლესობას უკვე მოსამართლეები წარმოადგენენ. სხვა ფუნქციებთან ერთად მას ბიუჯეტის შედგენა და მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლება ევალება.

მთლიანად სასამართლო სისტემა თანმიმდევრული ინსტანციურობის პრინციპზე გადავიდა, რამაც მოაწესრიგა სასამართლოს მუშაობა – პირველი ინსტანციის სასამართლოები რაიონული (საქალაქო) სასამართლოებია. სააპელაციო სასამართლოები ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში. უზენაესი სასამართლო კი საკასაციო სასამართლოდ იქცა – ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციით, განმარტოს სასამართლო ნორმები და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

სასამართლოს მუშაობას კრიტიკოსებიც ჰყავს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი სასამართლოში ნაწილობრივ პროგრესს აღნიშნავს – ტექნიკური, ინფორმაციის მიწოდების, საქმეების უფრო სწრაფად განხილვის, კორუფციის დაძლევის მხრივ. თუმცა, ამბობს, რომ ბოლომდე ვერ რეალიზდება სამართლიანი სასამართლოს უფლება – კანონისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვა.

ჩუგოშვილის თქმით, მან პრაქტიკიდან იცის, რომ სასამართლო სისტემაში ბევრი პრობლემაა. სასამართლომ კი, თუ მის მიმართ ნდობის საკითხი აწუხებს, პასუხი უნდა გასცეს იმგვარ კვლევებს, როგორიც, მაგალითად, საია-მ ჩაატარა 24 საქმეზე. ის 2009 წლის აქციების დროს და შემდეგ დაკავებულ პირებს ეხება. მისი თქმით, საქმეებში აღმოჩენილ უამრავ დარღვევაზე, სასამართლოსგან მხოლოდ არასერიოზული პასუხი მიიღეს. საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის გამოცდილებით კი, ზოგჯერ სასამართლო მნიშვნელოვან მტკიცებულებებს არ იხილავს. ის კი, საქმეები რომ არ საჩივრდება შემდგომ ინსტანციაზე, იმის მანიშნებელია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის იმედი არ აქვთ. რაც შეეხება ნდობის ბოლოდროინდელ მატებას, ამბობს, რომ რადგან მეთოდოლოგიას არ იცნობს, არ იცის, რამდენად ასახავს რეალურ სურათს.
მომავალში სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობაზე ორმა ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს. ერთი 2013 წლიდან მოსამართლეთა უვადო დანიშვნაა. მეორე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო – აქ, გარდა იმისა, რომ ვერდიქტი თავად მოქალაქეებმა უნდა გამოიტანონ, ისინი სამოქალაქო პასუხისმგებლობებს უკეთ გააცნობიერებენ და სასამართლოს მუშაობის პრინციპსაც გაეცნობიან.

კომენტარები