Sorry, Where is the Contemporary Art Museum???

0 კომენტარი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

 …თბილისის ქუჩებიდან  გრაფიტმა – Sorry, Where is the Contemporary Art Museum???, გასულ კვირას სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. ქართულ სახელოვნებო წრეებში ამ აქტუალური თემის შემცველი კითხვა, ბევრმა „დააშეარა”.

გრაფიტის ფოტოები მიწისქვეშა გადასასვლელიდან თუ თბილისის ქუჩებიდან არტისტმა მამუკა ჯაფარიძემ გამოაქვეყნა facebook-ზე. კონკრეტულად მისი ავტორი ანონიმია, საზოგადოდ კი მის დამკვეთად ქართული არტ-წრეები შეგვიძლია მოვიაზროთ. საზოგადოებას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არსებობა-არარსებობის თემა დიდი ხანია აწუხებს.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა თბილისში, დედა ენის ძეგლთან საინტერესო აქცია მოაწყო. მან კურატორებს, ხელოვნებათმცოდნეებსა და არტისტებს გამოფენისთვის ალტერნატიული სივრცე – მუყაოს ყუთები შესთავაზა. მათ პირობითი ჯგუფური თუ პერსონალური „გამოფენები” ანუ საკუთარი არტ-პროექტები უნდა წარმოედგინათ. საბოლოოდ კი მუყაოს ყუთებში განთავსებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მინიმოდელი მივიღეთ. ეს არტ-ინსტალაცია და, ამავდროულად, პროტესტიც  იყო თბილისში ასეთი სივრცის არარსებობის გამო. აქციას ამერიკელი ჟურნალისტი ჯინალ ბრაუნელიც დაესწრო, რომელმაც ქართული თანამედროვე არტ-სცენის მიმოხილვა (Georgian Artists, Doing it for themselves) The New York Times-ში გამოაქვეყნა. ის, პარალელურად,  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხელოვნების შესახებ (www.insidefullofcolor.com) წიგნსა და ვებჟურნალზე მუშაობს. 
„საბოლოოდ, სასურველი მუზეუმი, მართალია ერთი დღით, მაგრამ მაინც გაიხსნა. ის ფაქტი კი, რომ თბილისს არ გააჩნია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი,  ქალაქის არტ-სცენის პრობლემების მნიშვნელოვანი მიზეზია”, – წერს სტატიის ავტორი გურამ წიბახაშვილის აქციის შესახებ. შემდეგ ქართული ხელოვნების მოკლე ისტორიულ ექსკურსს აკეთებს – გასული საუკუნის 10-20-იანი წლების ცნობილი თბილისური ავანგარდი, კომუნისტური რეჟიმის მიერ ნებადართული ოფიციალური თუ აკრძალული ხელოვნება და 90-იანები – ომებით გადაღლილი ახალი ქვეყნის  ფონზე.
ამერიკელი ჟურნალისტი ადგილობრივი არტ-ორგანიზაციების (GeoAir, CCA-T, არტისტერიუმი, ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორია) წარმომადგენლებს, კურატორებსა და ხელოვნების ისტორიკოსებს ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ, ის ქართული თანამედროვე არტ-სცენის პრობლემებს კერძო ინიციატივების ნაკლებობასა და ქველმოქმედების კანონის არარსებობაში ხედავს.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის თემა, ქართულ სახელოვნებო წრეებს, უკვე ათწლეულებია აღელვებს. ამ თემის ირგვლივ დისკუსიები ასეთ კონტექსტში მიმდინარეობს: სახელმწიფომ უნდა მიხედოს ამ საქმეს თუ კერძო სექტორმა? გვაქვს საკმარისი  და შესაბამისი კოლექცია ამგვარი მუზეუმისთვის თუ მთავარია ფრენკ გერის დონის არქიტექტორმა აგვიშენოს შენობა, რომ თბილისს ბილბაოსავით ლას ვეგასიდან პირდაპირი რეისებით მოაწყდნენ მდიდარი ტურისტები? 
სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ თემასთან ასეთია: “ლიბერალური დემოკრატიისკენ და კაპიტალიზმის ეკონომიკური სისტემისკენ მიმავალ ქვეყანას არ შეიძლება მთლიან დაფინანსებაზე ჰყავდეს ესა თუ ის სახელოვნებო დარგი. რაც შეეხება ქველმოქმედების კანონსა და დამატებით მოტივაციებს, რომ კერძო ბიზნესი დაეხმაროს ხელოვნებას და თავადაც იხეიროს, ამ თემებზე ვმუშაობთ როგორც ბიზნესის, ისე არტისტულ წრეებთან. თანამედროვე ხელოვნების ცენტრის შექმნას რაც შეეხება, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თუმცა გარკვეული პერსპექტივები აქაც გამოიკვეთა: არის კერძო ინვესტორთა ჯგუფი, ვინც ცენტრის აშენებაზე დაიწყო ფიქრი და სახელმწიფოსთან მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ასეთი სახელოვნებო სივრცის შექმნა აუცილებელია.
საერთოდ კი ვერ ვიტყოდი, რომ თანამედროვე ხელოვნება ჩვენი ინტერესების საზღვრებს მიღმაა. პირიქით, უკვე რამდენიმე წელია ფინანსურად ვეხმარებით რამდენიმე ასეთ ინიციატივას. მაგალითისთვის გამოდგება არტისტერიუმი და შარშანწინდელი დიდი გამოფენა ჰოლანდიაში, Cobra Museum-ში, სადაც რამდენიმე თანამედროვე ქართველმა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა”, – ამბობს კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.
„ვფიქრობ, ჯერ ასეთი მუზეუმის კონცეფცია უნდა შემუშავდეს და ფულზე მერე უნდა ვიფიქროთ. ამასთანავე, მე არ ვემხრობი იმ აზრს, რომ ხელოვნურად, ინპლანტივით MoMA ან Guggenheim დავრგოთ. ჯერ გარდამავალი ეტაპია საჭირო და პირველ რიგში კოლექცია უნდა შეიქმნას. ამავე ეტაპზე საჭიროა სამხატვრო აკადემიის მოდელის შეცვლაც. ამ მხრივ სამაგალითოა ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის – ლაიფციგის აკადემიის რეფორმები – ძლიერი და კომერციულად წარმატებული ბრენდი Neue Laipziger Schule, რის მიხედვითაც აკადემია არტ-სივრცეში ახალ ტენდენციად გადაიქცა”, – ამბობს ვატო წერეთელი, ქართულ სახელოვნებო სივრცეში წარმატებული კერძო ინიციატივის – CCA-T-ს დამფუძნებელი (http://www.cca.ge/).
გურამ წიბახაშვილი კი აცხადებს: „პირადად მე ასეთი მუზეუმის აუცილებლობას 20-წლიანი პრაქტიკა მკარნახობს: 80-იანებიდან მოყოლებული, როცა ჩამოდის უცხოელი, რომელსაც თანამედროვე არტისტები და მათი ნამუშევრები აინტერესებს, იმის ნაცვლად, რომ მიგყავდეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სადაც ავტორების ნამუშევრებს ცივილიზებულად წარუდგენ, იძულებული ხარ, სტუმარი მხატვრებთან სახლში წაიყვანო. ეს ცოტა არ იყოს უხერხულია. კოლექციას რაც შეეხება – 80-იანებში შესრულებული ნამუშევრები თითქმის გამქრალია. ძალიან მარტივი იდეა მაქვს: იქნებ ისეთი პროექტი გაკეთდეს, რომლის მიხედვითაც, ვიდრე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გვექნება, ცალკეულ მუზეუმებს გარკეული ფონდების მეშვეობით, ყოველწლიურად 10-10 ნამუშევარი შევაძენინოთ პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნეებისა თუ კურატორების რჩევით. სულ რაღაც 3 წელიწადში საკმაოდ სოლიდური კოლექცია შეიქმნება”.
„შემოქმედებითი რესურსი ნამდვილად არსებობს იმისთვის, რომ მომავალი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისთვის კოლექცია შეიქმნას. 90-იანი წლები საკმაოდ პროდუქტიული იყო საქართველოში. მარტო ჯგუფ მე-10 სართულის გახსენება რად ღირს. 90-იანებს არც ახლანდელი პერიოდი ჩამოუვარდება. უბრალოდ, ამას კარგი კვლევა უნდა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაფანტული ქართველი ხელოვანების ნამუშევრები მოვიძიოთ და თავი მოვუყაროთ”, – ამბობს ნინი ფალავანდიშვილი, GeoAir-ის კურატორი, რომლის  პროექტი „არქიდრომი” ანუ „თანამედროვე ხელოვნების არქივი” უკვე 40-მდე ქართველი არტისტის პორტფოლიოს ითვლის (www.archidrome.com).
ასე რომ, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ჯერჯერობით მომავლის პროექტია. ის ქართველმა არტისტებმა თავისით  და თავისთვის უნდა შექმნან. რა თქმა უნდა, კერძო ინვესტორთან ერთად.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები