ქაოსი ათენში

საბერძნეთის პარლამენტმა მკაცრი ეკონომიკური გეგმა დაამტკიცა, რასაც დედაქალაქ ათენის ქუჩებში ქაოსი მოჰყვა. დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზით სცადა დემონსტრანტების დაშლა, რომლებმაც შენობების ფასადებიდან ჩუქურთმებისა და სხვა ნაწილების მომტვრება დაიწყეს, შემდეგ კი პოლიციას დაუშინეს. პოლიციამ მოახერხა ქალაქის ცენტრში სახელდახელოდ აგებული ბარიკადების დაშლა.

პოლიციამ ათეულობით დემონსტრანტი დააკავა, დაშავდა ოცამდე სამართალდამცავი და ამდენივე აქციის მონაწილე.

ქაოსში მარადიორებმა რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს, ცენტრალურ რაიონებში მდებარე დაწესებულებების ფანჯრები და ვიტრინები დაამტვრიეს.

დემონსტრანტების ნაწილი, რომლებიც ახალ ეკონომიკურ გეგმას პარლამენტის შენობასთან აპროტესტებდა, შეტაკებებში არ ჩარეულა.

ეკონომიკური გეგმა საბერძნეთის პარლამენტმა 155 ხმით 138-ის წინააღმდეგ მიიღო. 

კომენტარები