კოპა ამერიკა 2011


მესის ტრიუმფის მოლოდინში


1 ივლისს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი – კოპა ამერიკა დაიწყება. კონტინენტის რიგით 43-ე პირველობას არგენტინა უმასპინძლებს: პირველად 1987 წლის შემდეგ და მეორედ 1959 წლიდან მოყოლებული.
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ლეო მესის არგენტინას კოპა ამერიკა საერთო ჯამში 14-ჯერ მოუგია (ამ რეკორდის თანამფლობელია ურუგვაი), მაგრამ არც ერთხელ 1993 წლის შემდეგ. არგენტინელებმა სამხრეთ ამერიკის პირველობის ბოლო ორ გათამაშებაში ფინალი წააგეს და ორივე შემთხვევაში ბრაზილიასთან, ვისთან მარცხიც მათთვის ყველაზე გამაღიზიანებელია: 2004 წელს, პერუში, სელესაომ პენალტების სერიაში მოიგო, 2007 წელს კი დუნგას ბრაზილიამ 3:0 გაანადგურა ალფიო ბასილეს მართლა ლამაზი გუნდი.

დღეს ფავორიტი არგენტინაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასპინძელია: სერხიო ბატისტამ, ნაკრების მწვრთნელმა, საუკეთესო შემადგენლობას მოუყარა თავი და რაც მთავარია, გუნდშია ლეო მესი. ნაკრებთან ერთად მან უკვე მოიგო მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები, მაგრამ კოპა ამერიკა ჯერ ვერა: ოთხი წლის წინ ის ფინალში დამარცხდა. 2007 წელს ლეო ჯერ კიდევ საუკეთესოთა შორის იყო, ახლა კი უბრალოდ საუკეთესოა და ამიტომაც, მილიონობით არგენტინელი დარწმუნებულია, რომ ფინალში, 24 ივლისს, ბუენოს აირესის ესტადიო მონუმენტალზე ლეოს გუნდი გაიმარჯვებს.

ფინალური ეტაპი

ტურნირის კურატორმა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციამ – კონმებოლი – 2009 წლის მიწურულს კოპა ამერიკაზე საასპარეზოდ ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები მიიწვია, თუმცა პირენეელებმა, უეფას ზეწოლის შემდეგ, სხვა კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობა იუარეს.

მოგვიანებით კონმებოლმა იაპონია და მექსიკა მიიპატიჟა. ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია თავდაპირველად დათანხმდა, მაგრამ 4 აპრილს იაპონიამ ოფიციალურად იუარა კოპა ამერიკაზე თამაში და ეს ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიით ახსნა, მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ კი არგენტინაში პირველი გუნდის ხუთი მოთამაშით გაძლიერებული 23-წლამდელთა ნაკრების გაგზავნა გადაწყვიტა.
17 მაისს სამხრეთ ამერიკის 43-ე ჩემპიონატის ბოლო, მე-12 მონაწილე გაირკვა: იაპონიის ადგილი კოსტა რიკამ დაიკავა.

ფინალური ეტაპის წილისყრა შარშან, 11 ნოემბერს შედგა ქალაქ ლა პლატას თეატრ არხენტინოში. სამ ჯგუფში გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: ა ჯგუფი – არგენტინა, კოლუმბია, კოსტა რიკა, ბოლივია; ბ ჯგუფი – ბრაზილია, პარაგვაი, ეკვადორი, ვენესუელა; ც ჯგუფი – ურუგვაი, ჩილე, პერუ, მექსიკა. ჯგუფებიდან პირველ-მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა, რომლებიც ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ ბრძოლას: მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი.

ჩემპიონი 2013 წელს ბრაზილიაში ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშებაში იასპარეზებს. თუ სელესაომ მოიგო კოპა ამერიკა, კონფედერაციათა თასის საგზურს ფინალისტი დაეუფლება.
ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, მატჩები YouTube-ის საშუალებით – http://www.youtube.com/user/CopaAmerica – მსოფლიოს 50 ქვეყანაში გადაიცემა, ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდის – http://ca2011.com/ – მეშვეობით კი გულშემატკივრები ყველა სიახლეს შეიტყობენ.

რაც შეეხება ტურნირის თილისმას, ის არგენტინის ნაკრების თეთრ-ცისფერ მაისურში გამოწყობილი ამერიკული სირაქლემა სურია.

პელე, მარადონა  და 1987

პელე ერთადერთი ფეხბურთელია დედამიწის ზურგზე, რომელმაც სამჯერ აღმართა ფიფას ოქროს თასი. დიეგო მარადონას ეს პატივი ერთხელ ხვდა წილად – 1986 წელს. ერთიც და მეორეც უამრავ ტიტულს ითვლის ნაკრებსა თუ კლუბში, მაგრამ კოპა ამერიკას მოგება ვერც პელემ შეძლო და ვერც მარადონამ.

პელეს დროს კონტინენტის პირველობა გვარიანად არეულ-დარეული შეჯიბრება იყო და ფორმატიც ხშირად იცვლებოდა, მარადონას დროს კი პროფესიონალები სხვა პრობლემას აწყდებოდნენ – კალენდარი ძალიან იყო გადატვირთული...

1987 წელს ტურნირს არგენტინამ უმასპინძლა. ალბისელესტე კონტინენტის პირველობას მსოფლიოს ჩემპიონის რანგში და შესაბამისად, ფავორიტის სტატუსით შეხვდა, მაგრამ კარლოს ბილარდოს გუნდი შერცხვა. იმ ამბების გახსენება არგენტინელებს არ უყვართ. არც მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს და იმ კოპა ამერიკას მონაწილეს, ნაკრების მცველ ხულიო ოლარტიკოეჩეას, რომელიც 25 წლის წინანდელ ამბებს ცალყბად იხსენებს: „ეს იყო ტურნირი, რომელსაც ჩვენთან ყველა სიამოვნებით დაივიწყებდა! მსოფლიოს ჩემპიონები ვიყავით და მიუხედავად იმისა, რომ ექტორ ენრიკე, ხორხე ვალდანო და ხორხე ბურუჩაგა გვაკლდა, მაინც ფავორიტად ვითვლებოდით. ბილარდომ სწორედ მაშინ მიიწვია ნაკრებში კლაუდიო კანიჯა და გულშემატკივრებიც შთამბეჭდავ გამარჯვებას ელოდნენ. მარადონამ დიდებულად დაიწყო, კანიჯამაც გამოიჩინა თავი და ჯგუფიდან იოლად გავედით, მაგრამ გულშემატკივრებს უფრო ის გაუხარდათ, რომ ბრაზილია ჩილესთან განადგურების შემდეგ ჯგუფში ჩარჩა. თითქოს იოლად უნდა მოგვეგო თასი, თუმცა... მერე ის დაწყევლილი ნახევარფინალი იყო ურუგვაისთან – 0:1 წავაგეთ, მესამე ადგილისთვის მატჩზე კი სტადიონი სანახევროდაც არ შეივსო. ეგ კი არა, ფინალიც ნახევრად ცარიელ სტადიონზე ჩატარდა... ვერ წარმოიდგენთ რა დღეში ვიყავით! ბილარდო მიწასთან გაასწორეს, მაგრამ მარტო ჩვენი მარცხის გამო არ მახსენდება ის ტურნირი ცუდად. ზოგადად, მთლიანობაში ვერ იყო ყველაფერი კარგად. არადა, მაშინ მარადონამ, ფრანჩესკოლიმ, კარეკამ, ვალდერამამ, რაიმ ითამაშეს... თითქოს ლამაზი, შემტევი ფეხბურთით უნდა დავმტკბარიყავით ყველანი, თუმცა ასე არ მოხდა...”

კითხვის ნიშნები

სპორტული ტურნირის წინ ყველაზე სასიამოვნო და პოპულარული თემა პროგნოზებია. ცხადია, გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა.

ლეო მესის არგენტინის ნაკრებზე არაფერს ვიტყვით – ალბისელესტესთან დაკავშირებულ პროგნოზებს კითხვის ნიშნის ნაცვლად, მეტწილად, ძახილის ნიშანი დაერთვის.

საინტერესო სხვა რამაა: შეძლებს თუ არა ბრაზილია ზედიზედ მესამე ტიტულის მოგებას?

არის თუ არა სელესაოს მთავარი იმედი ნეიმარი ახალი პელე, თუ ისიც მორიგი გაპიარებული ვარსკვლავბიჭუნაა?

როგორ შეიცვალა ურუგვაის ნაკრები შარშანდელთან შედარებით?

რამდენად დიდი ძალაა რადამელ ფალკაო კოლუმბიის ნაკრებისთვის?

ვენესუელა კვლავაც ოლიმპიური დევიზის ერთგული დარჩება თუ სენსაციას მოახდენს?

გველის თუ არა მორიგი არგენტინულ-ბრაზილიური ჯახი, თუ ეს კოპა ამერიკა მსოფლიო კლასიკის გარეშე ჩაივლის?

კითხვის ნიშნები, კითხვის ნიშნები, კითხვის ნიშნები...

1 ივლისიდან ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვევა, 24 ივლისს კი ბოლო კითხვას გაეცემა პასუხი.

24 ივლისს 43-ე კოპა ამერიკას ფინალია.

კომენტარები