კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტი

შემოსავლების სამსახური, კერძო საგადასახადო ინსპექტორის საპილოტე პროგრამას იწყებს. ამით ის მეწარმეთა კონტროლში საზოგადოების ჩართვას, მეწარმის უფრო ეფექტიანად გაკონტროლებას და დასაქმების პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას ისახავს მიზნად. ინიციატივას თან რისკებიც ახლავს.

აქამდე, მეწარმის შემოწმების უფლება, მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტს ჰქონდა. პრევენციის დეპარტამენტში 263 საგადასახადო ინსპექტორი მუშაობს. პრევენციის დეპარტამენტის ოფიცერი შემოწმების მიზნით ობიექტში ჩვეულებრივი მყიდველივით შედის. თუ ის ნაყიდ პროდუქციაზე ჩეკს მიიღებს, მაშინ გამყიდველს თავს წარუდგენს და ჩეკის ანულირებას მოითხოვს. მას საკონტროლო შესყიდვის დროს გადახდილი თანხა უბრუნდება.

შესაბამისად, იდენტიფიცირების პრობლემაც ჩნდება: პრევენციის დეპარტამენტის ოფიცრებს ობიექტებში,  განსაკუთრებით, რეგიონებში, ცნობენ. სწორედ ეს გახდა კერძო საგადასახადო ინსპექტორების ინსტიტუტის შემოღების მთავარი მოტივი.

კერძო საგადასახადო ინსპექტორს არ ექნება იმის უფლება, რომ საკონტროლო შესყიდვის დროს გამოწერილი ჩეკის ანულირება მოითხოვოს. შესაბამისად, მისი იდენტიფიცირებაც არ მოხდება. კერძო საგადასახადო ინსპექტორი ვალდებულია საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მხოლოდ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წარადგინოს. სავაჭრო ობიექტებს მეტი ყურადღებით ყოფნა მოუწევთ, რადგან საგადასახადო ინსპექტორი ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს.

საკონტროლო შესყიდვის დროს კერძო საგადასახადო ინსპექტორი ფულს საკუთარი ჯიბიდან იხდის. კეთილსინდისიერი მეწარმეების შემოწმებისას, ის ამ ფულს კარგავს. მეორე მხრივ, ის თვითდაფინანსებაზე იქნება: ხელფასი, მის მიერ ჯარიმების სახით ამოღებული თანხის ოდენობის შესაბამისი პროცენტით განისაზღვრება.

პირველი შემოწმების შემდეგ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია გაფრთხილებას იღებს. ყოველი შემდგომი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარია. ეს რიცხვი მრავალჯერადი დარღვევის შემთხვევაში 3-ჯერ მეტი – 1500 ლარი იყო.

ჯერჯერობით, კერძო საგადასახადო ინსპექტორის ანაზღაურებისთვის, ჯარიმიდან მისაღები პროცენტი დადგენილი არ არის. შემოსავლების სამსახური საპილოტე პროგრამის დასრულებას ელოდება, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებს.

ინიციატივის მთავარი რისკები სწორედ თვითდაფინანსების მექანიზმს უკავშირდება. იმის გამო, რომ ინსპექტორები თვითდაფინანსებაზე იქნებიან, მაქსიმალურად დიდი ოდენობით დარღვევების აღმოჩენას შეეცდებიან. ეს მათი შემოსავლის დონეზე უშუალოდ აისახება.

პრევენციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაჯარიმებულ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, შემოსავლების სამსახურში, მათზე დაკისრებული სანქცია გაასაჩივრონ. ეს უკანასკნელი, ხარვეზებისა და გადაცდომების არსებობის შემთხვევაში მოხსნის ჯარიმას ან შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადამხდელის უფლებებს ორი ახალი სისტემა  იცავს: ე.წ. Advance Tax Ruling-ი (ATR) ანუ წინასწარი გადაწყვეტილება, Good Faith-ი ანუ პატიოსნება და სამი ინსტიტუტი: დავების საბჭო, საგადასახადო ომბუდსმენი და  აუდიტორთა საბჭო.

აუდიტორთა საბჭო ყველაზე მაღალი ინსტანციაა: იგი ფინანსთა მინისტრის თავმჯდომარეობით იქმნება და ხუთი წევრისგან შედგება. თუკი დაჯარიმება დაემუქრება კომპანიას, რომელიც მანამდე საგადასახადო გადაცდომების გარეშე საქმიანობდა, საგადასახადოს მოუწევს, კომპანიის დაჯარიმების უფლება ამ საბჭოსგან მოიპოვოს. თუმცა საგადასახადო კოდექსში ამ ინსტიტუტის, ისევე როგორც დავების საბჭოსა და საგადასახადო ომბუდსმენის, უფლება-მოვალეობები ბუნდოვნად არის განმარტებული: ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელი ორგანო უფლებამოსილია (და არა ვალდებული) დაიცვას საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული პროცედურები.

ახალ სისტემებთან იგივე პრინციპი მოქმედებს. სისტემის – წინასწარი გადაწყვეტილება – შემთხვევაში, გადამხდელს შეუძლია მიმართოს საგადასახადო ადმინისტრაციას და მოითხოვოს განმარტება საგადასახადო კანონმდებლობის ამა თუ იმ ნორმის შესახებ. ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ნორმის განმარტებას მიიღებს და გადასახადს გადაიხდის, მას განსხვავებული საურავი (ძირი, სანქცია) ვეღარ დაერიცხება. სისტემის – პატიოსნება – შემთხვევაში, დავების საბჭომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს სამართალდარღვევის შინაარსს. თუ დადასტურდება, რომ გადამხდელის ქმედება გამოიწვია შეცდომამ და მისი მიზანი გადასახადების დამალვა არ იყო (ან თუ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელსაც ის ეყრდნობოდა, ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებდა), დავების საბჭომ გადამხდელს სანქციები უნდა მოუხსნას. ინიციატივები საგადასახადო კოდექსში შერბილებული ფორმით მოხვდა: ორივე შემთხვევაში შესაბამისი საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია (და არა ვალდებული): პირველ შემთხვევაში – გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება, მეორე შემთხვევაში – გადამხდელს სანქციები მოუხსნას.

კერძო საგადასახადო ინსპექტორის გადაწყვეტილებების გასაჩივრება პროცესში ჩართული სამივე მხარისთვის თავის ტკივილი იქნება. დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით, კორუფციული სქემებისა და ჩრდილოვანი ადმინისტრირების რისკი იზრდება: დაჯარიმებისა და ჯარიმიდან თვის ბოლოს ბონუსის მიღების ნაცვლად, ინსპექტორმა შეიძლება ადგილზე აიღოს ქრთამი და დარღვევაზე თვალი დახუჭოს. ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ვარდების რევოლუციის მთავარ მონაპოვარს – დამარცხებულ კორუფციას.

საგადასახადო შემოსავლების შეგროვება, ისევე როგორც კომპანიების დარეგისტრირების პრაქტიკა, 2004 წლის შემდეგ, საგრძნობლად გაუმჯობესდა. 2004 წელთან შედარებით, რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი 246%-ით, ხოლო საგადასახადო შემოსავლები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში – 218%-ით გაიზარდა.

შემოსავლების სამსახურმა, შესაბამისად, პოლიტიკა შეცვალა: მკაცრი ადმინისტრირებიდან უფრო ლიბერალურ კურსზე, ბიზნესთან პარტნიორულ ურთიერთობაზე, გადასვლა დაიწყო. 2010 წელს ჩრდილოვანი ეკონომიკის პროცენტული წილი ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში 18.3% იყო, რაც შარშანდელთან შედარებით 1.4-ჯერ, ხოლო 2008 წელთან შედარებით – 1.1-ჯერ ნაკლებია.
დამალული გადასახადების დიდი წილი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოუყენებლობაზე ან განგებ არასწორად გამოყენებაზე მოდის. საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსის, ზურაბ სოხაძის თქმით, ობიექტების 25-30% ან საერთოდ არ იყენებდა სალარო აპარატს, ან ქვითარზე არასწორ ციფრებს უთითებდა.

საგადასახადო ადმინისტრირების ლიბერალიზაციის შედეგად, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან მხოლოდ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირები. მათი წლიური ბრუნვა 30 ათას ლარამდე უნდა იყოს და დაქირავებულთა შრომას არ უნდა იყენებდნენ. ყველა სხვა შემთხვევისას, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება სავალდებულოა.
კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებით, შემოსავლების სამსახური სალარო აპარატების გამოყენების კონტროლის მხრივ, სახელმწიფო ადმინისტრირების გაუმჯობესებას აპირებს. მათ მხოლოდ სალარო აპარატთან დაკავშირებული დარღვევების აღნუსხვა დაევალებათ – კერძოდ, სალარო აპარატის გამოუყენებლობის; ჩეკის არამორტყმის; საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების დროს, განგებ, მცირე
რაოდენობის თანხის მითითების; მეწარმედ რეგისტრაციის კონტროლი (ანუ იმის გარკვევა, არის თუ არა მეწარმე დარეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში).

კერძო საგადასახადო ინსპექტორები კონკურსის შედეგად შეირჩევა. კონკურსანტმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს: არ უნდა იყოს სამსახურიდან დათხოვნილი კორუფციის ბრალდებით, ნასამართლევი და უნდა შეძლოს იმ ფუნქციების შესრულება, რომლის განხორციელებაც მას ახალ სამსახურში მოუწევს. საწყის ეტაპზე საპილოტე პროგრამაში 40-მდე ადამიანია ჩართული, საბოლოო ჯამში კი, 200-300-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

ზურაბ სოხაძის განმარტებით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში კერძო საგადასახადო ინსპექტორებსა და საგადასახადოს ოფიცრებს შორის უფლება-მოვალეობები გამიჯნული არ იქნება. ამის არგუმენტი ის არის, რომ საპილოტე პროგრამაში მხოლოდ 40-მდე კერძო საგადასახადო ინსპექტორია ჩართული. ამიტომაც, ყველა დარეგისტრირებული კომპანიის შესამოწმებლად, აუცილებელი ხდება პროცესში პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართვაც.

საპილოტე პროგრამის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდება, მოუწევთ თუ არა მეწარმეებს რიგ შემთხვევებში მრავალჯერადი შემოწმების გავლა – როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგადასახადო ინსპექტორებთან. საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის ოფიცრების ფუნქციების შეცვლა, მხოლოდ საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის სრულად ამოქმედების შემდეგ იგეგმება. მათი ძირითადი მოვალეობა, დარღვევების პრევენცია, მეწარმის გაფრთხილება და საგანმანათლებლო სამუშაოები იქნება. ამდენად, შემოსავლების სამსახურში კადრების შემცირებას და მათი კერძო საგადასახადო ინსპექტორებით ჩანაცვლებას არ აპირებენ. სახელმწიფო ხარჯები ამ მიმართულებით არც გაიზრდება და არც შემცირდება.

კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტის ეფექტიანობა, დიდწილად იქნება დამოკიდებული იმ ხარვეზების ადეკვატურად შეფასებასა და განეიტრალებაზე, რასაც საპილოტე პროგრამა გამოავლენს.

კომენტარები