ინტერვიუ ვახტანგ ლეჟავასთან

ირაკლი ბლუიშვილი

2010 წლის 18 დეკემბერს, ტუნისის ქუჩებში დაწყებული გამოსვლების შედეგად, ქვეყნის დიქტატორი ბენ ალი დაამხეს. ეგვიპტის ლიდერმა ჰოსნი მუბარაქმა, მისი ბედი მალევე გაიზიარა. ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა რევოლუციურმა ტალღამ ზოგიერთ ქვეყანაში გააჩინა შიში, რომ რევოლუციის აჩრდილი მათაც ეწვეოდა. პარალელებს ვარდების რევოლუციასთანაც ავლებდნენ. პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, ბატონ ვახტანგ ლეჟავას ბოლო პერიოდში ეგვიპტესა და ტუნისში რამდენიმე ვიზიტი ჰქონდა. ის ტაბულას საკუთარ დაკვირვებებსა და კვლევის შედეგებზე ესაუბრება.


ჰგავს თუ არა ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები ვარდების რევოლუციას?

ეგვიპტის სიტუაცია უფრო მაგონებს იმ ტრანსფორმაციას, რომელიც საქართველომ არა 2003 წელს, არამედ 90-იანი წლების დასაწყისში გაიარა  –  მაშინ, როდესაც პლურალიზმი ძალიან მტკივნეულად იბადებოდა. დემოკრატიაზე საუბარი ცოტა ადრეა – ეს უფრო პლურალიზმია, როდესაც პოლიტიკური პარტიები ჩნდებოდნენ, მაგალითად, შეინიშნებოდა გარკვეული პარამილიტარული დაჯგუფებები და საკმაოდ რადიკალური რიტორიკა.

კონკრეტულად რით განსხვავდება ეს რევოლუციები ვარდების რევოლუციისგან?

ცხადია, რომ ეს არ ყოფილა შეიარაღებული რევოლუციები, თუმცა ადამიანები დაიღუპნენ. ეს განასხვავებს მათ ვარდების რევოლუციისგან, როდესაც ერთი მინაც კი არ ჩამტვრეულა. განსხვავებულია პოსტრევოლუციური სიტუაციაც. ეგვიპტეში ძალაუფლება სამხედრო საბჭოს აქვს. ტუნისში ხელისუფლებას ფლობს რევოლუციური საბჭო, რომელიც სამოქალაქოა, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, ორივე სისტემას ლეგიტიმურობა აკლია. ვარდების რევოლუციის შემთხვევაში ძალების ლეგიტიმაცია ძალიან მალე მოხდა. იქ ეს კვაზილეგიტიმურობის სიტუაცია უკვე თითქმის 6 თვეა გრძელდება. გზა, რომელიც ამ ქვეყნებმა აირჩიეს, სრული ლეგიტიმაციის საშუალებას კიდევ 1-2 წელი, სულ მცირე, არ მისცემს. ორივე საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ დამფუძნებელი საკონსტიტუციო კრებების გზით წასულიყვნენ. არჩეული იქნება არა სრულყოფილი წარმომადგენლობითი ორგანო ან აღმასრულებელი ხელისუფლება, არამედ კონსტიტუციური კრებები. ისინი დაწერენ კონსტიტუციას და მხოლოდ მისი მიღების შემდეგ გახდება შესაძლებელი სრულყოფილი, ლეგიტიმური ხელისუფლების შექმნა. ეს 2 წელს მაინც წაიღებს. ეს კი, წარმატებული დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზას კიდევ უფრო შეაფერხებს.

თუმცა ალბათ ყველა რევოლუციის შემდეგ, ხალხს ცვლილებების დიდი მოლოდინი უჩნდება. ამ მხრივ, როგორი სიტუაციაა ეგვიპტესა და ტუნისში?


ვარდების რევოლუციის წარმატებად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ ძალიან სწრაფად დაიწყო მოლოდინების – შეიძლება არა სრულად, მაგრამ გარკვეულწილად – დაკმაყოფილება. ეგვიპტესა და ტუნისში უკვე 6 თვე გავიდა და ჯერჯერობით ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა. მე ვერ დავინახე ის ლიდერები ან ინსტიტუტები, რომლებიც საზოგადოების რეფორმირების პასუხისმგებლობას აიღებდნენ საკუთარ თავზე. ამჟამინდელი კვაზილეგიტიმური ხელისუფლება აკრიტიკებს თავის წინამორბედს, საუბრობს პრობლემებზე, მაგრამ არა გადაწყვეტის გზებზე. სიტუაციას ამძიმებს ხალხის დიდი, ზოგ შემთხვევაში კი მიამიტი მოლოდინები, რომ 1-2 წელიწადში ყველაფერი საუკეთესოდ იქნება. ასეთი მოლოდინები ჩვენთანაც იყო – ხალხი სრული სერიოზულობით ელოდა, რომ 1-2 წელიწადში საქართველო ევროპის დონის ეკონომიკად თუ საზოგადოებად გადაიქცეოდა. კარგია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი პრაგმატულია და უფრო შორსმჭვრეტელი – ამ მოლოდინების დაბალანსება სწრაფად მოხდა. ეს ასე ადვილი არ არის ეგვიპტესა და ტუნისში, სადაც ინფორმაციის ნაკლებობაა და პოლიტიკური ინტუიციის დონე დაბალია. ეს დისონანსი მოლოდინებსა და მოსალოდნელ შედეგებს შორის, შეიძლება, ძალიან დრამატული იყოს.

ვარდების რევოლუციამ შექმნა გაზომვადი მოლოდინი – საქართველო კორუფციის გარეშე.  მომდევნო წლებში, დაძლეული კორუფცია აისახა კიდეც სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსებში. აქვთ თუ არა ასეთი მკვეთრი მიზანი ეგვიპტესა და ტუნისს?

იქ მე ეს ვერ დავინახე. ვერ მივხვდი ვინ არის პასუხისმგებელი მოლოდინზე, რომელიც კაიროს თუ ტუნისის ქუჩებში არაორგანიზებული ფორმით არსებობს. ქართული საზოგადოება უკვე 2000 წელს იყო იმდენად მომწიფებული, რომ არარეალისტური და მიამიტური მოლოდინები ნაკლებად ჰქონოდა. ეს არ იყო 92 წელი, როდესაც გვეგონა, რომ მანდარინს გავყიდდით, ბორჯომს გავყიდდით და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მიამიტობის დოზა ვარდების რევოლუციის დროსაც იყო და საერთოდ, რევოლუციები იდეალიზმის გარეშე არ ხდება, თუმცა მეორე ასპექტია – რამდენ ადამიანს სჯეროდა, რომ საქართველო კორუფციის გარეშე მიღწევადი მიზანი იყო? როცა საქართველოში კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდა, რამდენს სჯეროდა, რომ ქვეყანა მათ მართლა მოიშორებდა? დღეს ტუნისსაც და ეგვიპტესაც განსაკუთრებით აინტერესებს საქართველოს მიერ გატარებული ანტიკორუფციული რეფორმები. იმიტომ, რომ ასე მოკლე პერიოდში ასეთი ტოტალური ტრანსფორმაციის არ სჯერათ. ეს რომ იყოს 1965 წლის რევოლუცია და ვეუბნებოდე, რომ 1999 წელს პოლიციის ნდობა გაიზარდა 7-ჯერ თუ 20-ჯერ, არ დამიჯერებდნენ, უბრალო თეორიად მიიღებდნენ. მაგრამ როცა ვეუბნები, რომ 2003 წელს რევოლუცია იყო და 2007 წელს ნდობა გაიზარდა, ამის უფრო სჯერათ, ინტერესი უჩნდებათ, თუმცა ძნელად წარმოუდგენიათ. საქართველოში რევოლუციის ლიდერებმა და შემდეგ მთავრობამ, რომელმაც ამაზე პასუხისმგებლობა აიღო, თვითონ გახადა ეს იდეები შესაძლებელი. ერთი მხრივ, ვარდების რევოლუციამ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ის ღირდა  – პროგრესი და ქვეყნის წინსვლა მოიტანა. მეორე მხრივ, ამ ქვეყანამ მიიღო რევოლუციური მანდატის ლიდერები, რომლებმაც ყველაზე დაუჯერებელი იდეების რეალობად ქცევა დაიწყეს. ეს მუხტი იქ მე ვერ დავინახე.

ანუ რეფორმების პოტენციალი არ ჩანს?


სწორედ რეფორმებთან მაქვს ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი. მათი გატარება იმ ხელისუფლებას შეუძლია, რომელიც თამამად მოქმედებს. თამამად მოქმედებისთვის საჭიროა ლეგიტიმაცია. ჯერჯერობით ამ ლეგიტიმაციის გზებს ვერ ვხედავ. დრო კი გადის. უდავოა, რომ ამ საზოგადოებებს ბევრად უკეთესი პერსპექტივა აქვთ, ვიდრე 6 თვის წინ ჰქონდათ, მაგრამ ეს გარანტირებული პერსპექტივა არ არის. ერთი მთავარი ასპექტია, რომ ეს ქვეყნები რეალურად არაბულ სოციალიზმს აშენებდნენ. ვერც ერთ სოციალიზმს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს – ვერც საბჭოთა კავშირმა გაუძლო და ცხადია, ვერც ეგვიპტე და ტუნისი გაუძლებს. ეს პრობლემის ნაწილი გახდება და არა პრობლემის გადაწყვეტის გზა. მდგრადობის გარკვეული რესურსი ორივე ქვეყნის ეკონომიკას გააჩნია. თუმცა ეს ამოწურვადი რესურსია, თანაც დიდწილადაა დამოკიდებული ტურიზმზე. სანამ მშვიდობა და სტაბილურობა არ იქნება, ტურიზმი ვერ იმუშავებს, გარე ინვესტიციებზე საუბარიც რთულია. არაბული სოციალიზმის პირობებში კი ბევრი ვალდებულება წარმოიშვა, რომლებიც მთავრობებმა ფულით უნდა გაისტუმრონ. ფულის აკუმულირების წყაროები კი არ გაზრდილა, პირიქით – შემცირდა. ასე რომ, მათი ეკონომიკა სწრაფი და რადიკალური რეფორმების გარეშე, კორუფციის მკვეთრი შემცირების გარეშე, თვითონ გახდება პრობლემის ნაწილი და არა პრობლემის გადაჭრის გზა. ჩემი პირადი აზრია, რომ სადაც კორუფციაა მაღალი, იქ დემოკრატია არ არის. ასევე არ მგონია, რომ თუ ბევრი ხმა გესმის და ეს აზრები კრისტალიზებული არ არის – არ ნიშნავს, რომ უფრო მეტი დემოკრატიაა. ამ საზოგადოებებშიც, დღეს შეიძლება პლურალიზმი ყალიბდება, ჯერ ყველაფრის რაიმე დემოკრატიულ ინსტიტუტად თარგმნა არ შეიძლება.

ეს ხომ არ უწყობს ხელს ისეთ განწყობებს, როგორიცაა, მაგალითად – რად გვინდოდა ეს დემოკრატია, დემოკრატია ქაოსია და მოდი, ისევ ძველი ჩვეული წესრიგი აღვადგინოთ?

საქართველოშიც მოხდა მსგავსი რამ: რაღაც მომენტში ხალხმა მოახდინა პლურალიზმისა და ქაოსის იდენტიფიცირება და თქვა, რომ ოღონდ ნუ იქნება ეს არეულ-დარეულობა და  კომპრომისზე წავიდეთ. ეს საფრთხე ეგვიპტეშიც არსებობს და ტუნისშიც. ეგვიპტეში უფრო მეტად, ტუნისში – უფრო ნაკლებად. მიუხედავად იმისა, რომ ქრონოლოგიურად ამ ქვეყნების რევოლუციები ერთმანეთს ემთხვევა, სიტუაცია ერთმანეთისგან განსხვავებულია. დიდი განსხვავებაა ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის და კულტურულადაც. როცა დავინტერესდი რა აერთიანებდა ამ ორ ქვეყანას და რა განასხვავებდა მათ საქართველოსგან, აღმოვაჩინე, რომ ეგვიპტესა და ტუნისს სუსტი ეკონომიკური თავისუფლება აერთიანებთ. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ტუნისსა და ეგვიპტეს ერთად, საქართველოს კი სხვაგან აჯგუფებს: ტუნისი 98-ე, ეგვიპტე მე-100 და საქართველო 29-ე ადგილზეა. ამ შემთხვევაში ეკონომიკური თავისუფლება ჩემთვის ლაკმუსის ტესტია. არ არის შემთხვევითი, რომ რევოლუციის ნაპერწკალი ეკონომიკური იყო და არა ვიღაცის პოლიტიკური ინტერესები. მაგალითად, ამ კაცს – ბუაზიზის, სიტყვის უფლება კი არ ჩამოართვეს მიტინგზე, არამედ ვაჭრობისთვის ლიცენზია არ მისცეს. მოსახლეობა რეალურად წინსვლის პერსპექტივას ვერ ხედავდა, თვითრეალიზაციის შანსი არ ჰქონდა. ამიტომაც რევოლუციის მოთხოვნა იყო არა დემოკრატიული არჩევნები, არამედ თვითრეალიზაციის და პერსპექტივის გაჩენა.

ეკონომიკური თავისუფლების გარდა, სხვა ინდექსებში რა მდგომარეობაა?

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, ამ შემთხვევაში, რეალური ცხოვრების რეალურად ასახვასთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს თუ შევხედავთ, ტუნისი ცალკეა, ეგვიპტე და საქართველო კი ერთად. ეს ნიშნავს, რომ ინდექსი არ ვარგა, რადგან ცხოვრებამ დაადასტურა, რომ პირიქით არის – ეგვიპტე და ტუნისი უფრო ჰგავს ერთმანეთს რაღაცით, ვიდრე ეგვიპტე და საქართველო ან საქართველო და ტუნისი. ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები დროში დაემთხვა ერთმანეთს და ორივეს მთავარი მოტივი შეზღუდული ეკონომიკური თავისუფლება იყო. კორუფციის აღქმის ინდექსიც აცდენილია რეალობას. მაგალითად, ტუნისი ამ ინდექსში ჩვენზე წინაა, თუმცა ქონების ელექტრონული დეკლარაციების შესახებ იქ წარმოდგენაც არ აქვთ.

რა პერსპექტივა აქვთ ამ რევოლუციებს?


მე ვფიქრობ, რომ ეგვიპტეშიც და ტუნისშიც საზოგადოების მნიშვნელოვანი მობილიზება უნდა მოხდეს. ეს კარგი შანსი, რომელიც ამ საზოგადოებებს აქვთ, მართლა გადაითარგმნოს უკეთეს აწმყოში და კიდევ უფრო უკეთეს მომავალში. მხოლოდ ასეთი მობილიზება ააცილებს თავიდან ამ ქვეყნებს მცოცავი კონტრრევოლუციის რეალურ საფრთხეს. ორი ვარიანტია: ვიზუალურად არაფერი შეიცვალოს და უცებ აღმოაჩინონ, რომ ან ისევ იქ დაბრუნდნენ საიდანაც დაიწყეს, ან დეკორაციულად რაღაც შეიცვალოს, მაგრამ არა – არსებითად, ანუ მაინც იქ დარჩნენ, საიდანაც დაიწყეს. ორივე შემთხვევაში ისევ უპერსპექტივობის განცდა ემუქრებათ. ამ მხრივაც, საქართველოში არსებულ და ეგვიპტესა და ტუნისში არსებულ სიტუაციას შორის პარალელების გავლება აბსოლუტურად შეუძლებელია.

კომენტარები