მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოზე დასრულდა


დეპუტატთა რიცხვის გაზრდა 150-დან 190-მდე; ახალი მაჟორიტარული ოლქების შექმნა; კომისიის შექმნა საარჩევნო სიების დასაზუსტებლად; სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების გაზრდა – ამ პირობებზე, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, მმართველი პარტია და ოპოზიციის ნაწილი შეთანხმდნენ. დოკუმენტს 27 ივნისს, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, ახალმა მემარჯვენეებმა, ქრისტიან-დემოკრატებმა, ეროვნულ-დემოკრატებმა, ორგანიზაციამ – ჩვენ თვითონ და დემოკრატიულმა პარტიამ მოაწერეს ხელი. მოგვიანებით მათ ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია და საქართველოს თავისუფალ-დემოკრატიული პარტია შეუერთდნენ. 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, ამით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებები დასრულდა.
ხელისუფლების შემოთავაზების მიღების თაობაზე პირველად ახალმა მემარჯვენეებმა განაცხადეს, მოგვიანებით მათ ქრისტიან-დემოკრატები შეუერთდნენ. ოპოზიციონერთა განცხადებით, ეს შემოთავაზება სრულად არ ასახავს იმას, რასაც ოპოზიცია მოითხოვდა, მაგრამ „არსებულზე უკეთესია”. 

მემარჯვენე მამუკა კაციტაძის განმარტებით, მმართველი პარტიის წინადადებები წინა დღეს რვიანის შეხვედრაზე განიხილეს. თუმცა, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოაყალიბეს. ამის გამო მემარჯვენეებმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. შესაბამისად, მემარჯვენეებმა და ქრისტიან-დემოკრატებმა რვიანის რიგები დატოვეს. 

ექვსიანამდე შემცირებული რვიანის დანარჩენმა წევრებმა, ხელისუფლების წინადადებები კატეგორიულად უარყვეს. “ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯით ისევ აირჩია ულტიმატუმის, პოლიტიკური ვაჭრობის, შანტაჟის გზა და ფაქტობრივად უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე. ჩვენთვის მიუღებელია პრინციპი – ან დაგვეთანხმეთ, ან ჩვენ ჩვენსას მაინც გავიტანთ”, – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც განცხადება ოპოზიციურ რვიანში შემავალი ექვსი პარტიის სახელით გააკეთა.

ალასანიამ ახალ გაფორმებულ შეთანხმებას „გარიგება” უწოდა, რომელიც „არასრულყოფილ წინადადებებზე დათანხმებული პარტიებისთვის ფულის შეთავაზებას” გულისხმობს. ყოფილი რვიანის წევრები „სამართლიანი არჩევნებისთვის და ხელისუფლების შესაცვლელად” ბრძოლის გაგრძელებას და „ფართომასშტაბიანი სამოქალაქო მოძრაობის” დაწყებას აპირებენ. 

შეთანხმება, რომელსაც ხელი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა, მაჟორიტარული მანდატების არსებული 75-დან 83-მდე გაზრდას ითვალისწინებს. ის ოლქები, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 ათასს აღემატება, გაიყოფა და დამატებით 10 ერთმანდატიანი ოლქი ჩამოყალიბდება. უნდა გაიყოს საბურთალოს, ისანის, სამგორის, ნაძალადევის, გლდანის, რუსთავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის საარჩევნო ოლქები.

რაც შეეხება საარჩევნო სიების გადამოწმებას, ამისთვის დოკუმენტით სპეციალური კომისიის შექმნა არის გათვალისწინებული. ჯგუფი ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტდება. მას ოპოზიციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. 

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო ფონდებში შემოწირულობების ზედა ზღვარი – ფიზიკური პირებისათვის 60 ათას ლარამდე და იურიდიული პირებისათვის 200 ათას ლარამდე – გაორმაგდება. გარდა ამისა, საარჩევნო ხარჯების დასაფარავად, საარჩევნო სუბიექტებს, თუ ისინი გადალახავენ 5%-იან საარჩევნო ბარიერს, ერთჯერადად 1 მილიონი ლარი გამოეყოფათ. ამ თანხიდან 300 ათასი ლარით სატელევიზიო რეკლამის ხარჯები უნდა დაიფაროს.

დოკუმენტის თანახმად, 2012 წლის 1 ივლისიდან უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. საბჭო რეაგირებას მოახდენს საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევაზე. კიდევ ერთი პუნქტის თანახმად, არჩევნების გამოცხადების დღიდანვე, საარჩევნო კამპანიის გაშუქების შესაფასებლად, მედიამონიტორინგი დაიწყება. მედიამონიტორინგისთვის ცესკო „კომპეტენტურ უცხოურ ან საერთაშორისო კომპანიას” შეარჩევს. 

ექვსი ოპოზიციური პარტიის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი, მომზადებულ დოკუმენტში მათი ორი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობაა –
საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და მანდატების რაოდენობის „პროპორციულობის” უზრუნველყოფა (მაჟორიტართა რაოდენობის შემცირებისა და საარჩევნო ბარიერის აწევის გზით) და ამომრჩეველთა სიების ფორმირება ბიომეტრიული პარამეტრების გამოყენებით.

„თუ ამ ორგანიზაციებიდან რომელიმე ელოდა, რომ ყველა საკითხზე ისეთ ნაბიჯებს გადავდგამდით, რაც მათ სურდათ, შეთანხმებას ასე ვერ მივაღწევდით. შეთანხმება ორივე მხრიდან ნაბიჯებს გულისხმობს”, – განაცხადა ტაბულასთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა. 

„მიგვაჩნია, რომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლებები არ არსებობს, – აღნიშნა დეპუტატმა, – მაგრამ ოპოზიციას შევთავაზეთ კომისიის შექმნა, სადაც უმრავლესობით ოპოზიცია და არასამთავრობოები იქნებიან წარმოდგენილნი. მათ სურთ სიებს რაღაც ბიომეტრიული სახე ჰქონდეს, რაც თვითმიზნურ მოთხოვნად მიმაჩნია. თუ ვინმე მხოლოდ ამ მოთხოვნის გამო არ მოდის შემოთავაზებაზე, ეს მისი პოლიტიკური შეცდომაა”. 

კუბლაშვილის თქმით, მმართველი გუნდის პრინციპული პოზიცია იყო, რომ მაჟორიტარების რიცხვი არ შემცირებულიყო. ყველა რაიონს პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავდეს. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს თავად რვიანის წევრების წინადადება იყო, რასაც ხელისუფლება დათანხმდა. კონსენსუსი ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებითაც მიღწეულია. 

გადაწყვეტილების ოპონენტთა არგუმენტით, პარლამენტართა რიცხოვნობის გაზრდა, დეპუტატების რაოდენობის 150-მდე შემცირების შესახებ 2003 წლის რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას გულისხმობს. ეს კონსტიტუციის მიხედვით, მხოლოდ ახალი რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი. თუმცა, პარლამენტს კონსტიტუციის გადასინჯვა ახლაც შეუძლია. პავლე კუბლაშვილის განცხადებით, 2003 წლის რეფერენდუმი კონსტიტუციის დარღვევით ჩატარდა, ვინაიდან, ძირითადი კანონის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად დაუშვებელია. 

მოახდენს თუ არა გავლენას ახალი საარჩევნო სისტემა პარლამენტში ძალების გადანაწილებაზე? დაახლოებითი სურათის მიღება სოციოლოგიური კვლევებისა და წინა არჩევნების შედეგების მიხედვით არის შესაძლებელი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ს მიერ 2009 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ოქტომბრამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ჯერ 43 პროცენტიდან 36-მდე დაეცა, შემდეგ კი კვლავ 42 პროცენტამდე გაიზარდა. 

რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო ორგანიზაცია Greenberg Quinlan Rosner Research-ის მიერ, საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას – გამოკითხულთა 61-მა პროცენტმა ნაციონალური მოძრაობა დაასახელა, 13%-მა – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, 9%-მა – ლეიბორისტული პარტია. სხვა პარტიებს რესპონდენტთა უმნიშვნელო რაოდენობამ დაუჭირა მხარი. 

თუ ათვლის წერტილად ნაცმოძრაობის რეიტინგის მინიმალურ მაჩვენებელს – 36%-ს ავიღებთ, ახალი საარჩევნო სისტემით, პროპორციული წესით ნაციონალური მოძრაობა 65-მდე მანდატს მოიპოვებდა, 42 მანდატი ოპოზიციას (ბოლო კვლევების შესაბამისად – ქრისტიან-დემოკრატებსა და ლეიბორისტებს) ერგებოდათ. თუ რეიტინგის მაქსიმალურ მაჩვენებელს – 61%-ს დავეყრდნობით, უმრავლესობა პროპორციული სისტემით 83, ოპოზიცია კი 24 მანდატს მიიღებდა. 

2008 წლის არჩევნებზე, მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატებმა გამარჯვება 75-დან 72 ოლქში მოიპოვეს. თუ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გადავხედავთ, ნაციონალებმა საქართველოს მასშტაბით ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს, თუმცა ექვს მათგანში – ვაკე-საბურთალოს რაიონში, ხმების 50%-ზე ნაკლები მიიღეს. 

თუ დავუშვებთ, რომ მომავალ არჩევნებზე ოპოზიციონერ კანდიდატებს გამარჯვების შანსი სწორედ ვაკესა და საბურთალოზე ექნებათ, ისინი ამჯერად 4 მაჟორიტარული მანდატის მოპოვებას შეძლებენ. ყველა სხვა ოლქში, წინა არჩევნების გამოცდილებით, გადამწყვეტი უპირატესობით კვლავ ნაციონალი კანდიდატები ისარგებლებენ. 

შესაბამისად, თუ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით უმრავლესობის მიერ პოტენციურ მანდატებს შევაჯამებთ, პირველ შემთხვევაში, მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდება – ნაცმოძრაობას 144, ოპოზიციას 46. მეორე შემთხვევაში (ნაცმოძრაობის მაღალი რეიტინგის პირობებში) თანაფარდობა 162/28 იქნება ანუ მანდატების 75-დან 85%-მდე მმართველი პარტიის ხელში აღმოჩნდება (დღეს ეს მაჩვენებელი 79%-ს შეადგენს). 

კომენტარები