ავსტრო-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორის შვილი გარდაიცვალა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/habsburg.png##fbimage#
 გერმანიაში, 98 წლის ასაკში ავსტრო-უნგრეთის იმპერატორის, კარლის უფროსი ვაჟი, ოტო ფონ ჰაბსბურგი გარდაიცვალა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1919 წელს ავსტრო-უნგრეთის იმპერია დაიშალა, რის შემდეგაც ჰაბსბურგების ოჯახი დევნილობაში ცხოვრობდა. იმპერიის დაშლის შემდეგ, ოტო ფონ ჰაბსბურგი გაერთიანებული ევროპის იდეის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე გახდა. ის 20 წლის მანძილზე იყო ევროპარლამენტის წევრი. ავსტრო-უნგრეთის ტახტზე უარი მან მხოლოდ 1961 წელს თქვა, ხუთი წლის შემდეგ კი მას ავსტრიაში დაბრუნების ნება მისცეს. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო სამშობლოში, მას შემდეგ რაც მისმა ოჯახმა ქვეყანა იძულებით დატოვა.

ოტო ფონ ჰაბსბურგი გერმანიის ნაცისტური რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგე იყო. 1989 წელს  მან ე.წ. ”პანევროპული პიკნიკის” მოწყობა მოახერხა - ავსტრიასა და უნგერთს შორის საზღვარი სამი საათით გაიხსნა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის 600-მდე მცხოვრებმა უნგრეთის გავლით დასავლეთ ევროპაში მოხვედრა მოახერხა. ”პანევროპული პიკნიკიდან” სამ თვეში ბერლინის კედელი დაინგრა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ოტო ფონ ჰაბსბურგი მუშაობდა, აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი კომუნისტური სახელმწიფოების ევროკავშირში გაერთიანება იყო.

”ის იყო დიდი ევროპელი, რომელმაც თავის ცხოვრებაში არაერთი ევროპული პროექტი განახორციელა,” - ასე დაახასიათა ჰაბსბურგების ტახტის უკანასკნელი მემკვიდრე ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ.

ოტო ფონ ჰაბსბურგი რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოვიდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მისი ქალიშვილი, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი კი გერმანიაში საქართველოს ელჩია. ის ამ თანამდებობაზე 2009 წელს დაინიშნა. 

ოტო ფონ ჰაბსბურგს ავსტრიის დედაქალაქში დაკრძალავენ.

კომენტარები