დაგვიანებული მართლმსაჯულება

REUTERS

კამბოჯაში, 27 ივნისს, „წითელი კჰმერების” წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. მათი მმართველობის დროს, ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედი განადგურდა. გაეროს ეგიდით გამართულ სასამართლო პროცესზე, უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული. გახსნას 500-მდე მაყურებელი დაესწრო.

„წითელი კჰმერები” პოლ პოტის (ნამდვილი სახელია სალოტ სარი) მეთაურობით, კამბოჯის ხელისუფლებაში 1975 წელს მოვიდნენ. „ჭეშმარიტად პროლეტარული სახელმწიფოს” შენების ფარგლებში, მათ მოსახლეობა მასობრივად გადაასახლეს, დახურეს უნივერსიტეტები და სკოლები, აკრძალეს უცხო ენების შესწავლა, წიგნებისა და დამწერლობის გამოყენება. მიმდინარეობდა პოლიტიკური ოპონენტებისა და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი წმენდა, აწამებდნენ ექიმებს, მასწავლებლებს თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს. თითქმის 5-წლიანი რეპრესიების დროს, სხვადასხვა მონაცემებით, 1,7-დან 3 მლნ-მდე ადამიანი დაიღუპა. ისტორიაში ერთ-ერთი სისხლისმღვრელი რეჟიმი 1979 წელს, მეზობელი ვიეტნამის ჯარების შეჭრით დაეცა.

ამ სახელმწიფოს უცნაურ იერარქიაში, რომელიც „წითელი კჰმერების” დროს „კამპუჩის დემოკრატიულ რესპუბლიკად” იწოდებოდა, შეიქმნა ხელმძღვანელობის სისტემა, სადაც ლიდერები ნომრების მიხედვით იყოფოდნენ. მაგალითად, პოლ პოტი, ოფიციალურად, ნომერ პირველ ძმად იწოდებოდა. ახლანდელ სასამართლო პროცესს ის „გადაურჩა”, ვინაიდან 1998 წელს გარდაიცვალა. დღეს მთავარი ბრალდებულები არიან – მოძრაობის იდეოლოგი და ნომერ მეორე ძმა ნუონ ჩეა, „დემოკრატიული კამპუჩის” პრეზიდიუმის ყოფილი წარმომადგენელი, სახელმწიფოს ნომინალური მეთაური კჰიუ სამპჰანი, საგარეო საქმეთა ექსმინისტრი იენგ სარი და მისი მეუღლე იენგ ტირიტი, რომელიც სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ოთხივეს ბრალი კაცობრიობის წინაშე დანაშაულში, გენოციდში, რელიგიური ნიშნით დევნასა და მკვლელობებში, ასევე სამხედრო დანაშაულებებში ედება. სასამართლო სხდომა მოსამართლე ნილ ნონმა გახსნა და სწორედ მან წაიკითხა ბრალდება. ბრალდებულები ერთმანეთის გვერდიგვერდ, ბორკილების გარეშე ისხდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი საერთაშორისო ტრიბუნალი „წითელ კჰმერებთან” დაკავშირებით ჯერ კიდევ 1979 წელს შედგა. მაშინ სასამართლომ, რომელშიც აშშ-სა და სსრკ-ს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, პოლ პოტსა და იენგ სარის ფარულად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. იენგ სარი 1996 წელს კამბოჯის მეფემ – „წითელი კჰმერების” საბოლოო განადგურების შემდეგ – შეიწყალა. ახლა მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ გასამართლება არ შეიძლება.

გაეროს ეგიდით საქმე კვლავ 2003 წელს აღიძრა, მაგრამ ის წინააღმდეგობებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჰუნ სენისა და სხვა ჩინოვნიკების მხრიდან აწყდებოდა. ისინი საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ პოლ პოტის უკვე ასაკოვანი მომხრეების პროცესი, ქვეყნის გახლეჩას გამოიწვევდა. აღსანიშნავია, რომ ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები თავის დროზე „წითელი კჰმერები” იყვნენ. ისინი შიშობდნენ, რომ სისხლისმღვრელი რეჟიმის ლიდერების სასამართლო პროცესი საბოლოოდ მასშტაბურ პროცესად გადაიქცეოდა ყველასთვის, ვინც 1975-79 წლებში მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. ახლა კი, ალბათ, დარწმუნდნენ, რომ პოლიტიკური აქტუალობა დაიკარგა. აღსანიშნავია, რომ პროცესი ყოველთვის ბიუჯეტურ შეზღუდვებს განიცდიდა, მისი დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 150 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა.

„ახლანდელი დავისთვის, შესაძლოა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა გახდეს საჭირო, რაც დამატებით სირთულეებთან და პროცედურის ხანგრძლივობასთანაა დაკავშირებული. ამან, შეიძლება, დაღლილობა და ცინიკური რეაქცია გამოიწვიოს”, – აცხადებს კამბოჯაში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის, ლიკადჰოს წარმომადგენელი კეკ კალაბრუ.

საერთაშორისო ტრიბუნალის პირველი გასამართლებული, ტუოლ სლენგის ციხის ყოფილი უფროსი, კანგ კეკ იეუ გახდა. მას გასული წლის ივლისში 35-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, შემდეგ კი, გარკვეული ტექნიკური მხარეების გათვალისწინებით, ვადა 19 წლამდე შეუმცირეს. ამ ფაქტმა დაზარალებული ოჯახების მწვავე კრიტიკა გამოიწვია, ისინი სასჯელს ძალიან მსუბუქს უწოდებენ. „წითელი კჰმერების” რეჟიმის დროს კანგ კეკ იეუზე დაქვემდებარებულ დაწესებულებაში 17 ათასამდე ადამიანმა გაიარა, რომელთაგან მხოლოდ 14 გადაურჩა სიკვდილს. 1979 წლიდან ციხის ექსუფროსი მართლმსაჯულებას 20 წელი ჯუნგლებში ემალებოდა, შემდეგ კი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა და წარსულში ჩადენილ დანაშაულებებზე სინანული გამოხატა.

იეუსგან განსხვავებით, ახლანდელი საქმის ბრალდებულები, თავიანთ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფენ. ჯერ წინასწარი მოსმენაა დაგეგმილი, სადაც პროცედურულ საკითხებზე ისაუბრებენ. საქმის უშუალო განხილვა აგვისტოში ან სექტემბერში დაიწყება, ვერდიქტის გამოტანას კი, შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს. თუ გავითვალისწინებთ ბრალდებულების ასაკს, რომელთაგანაც ყველაზე ახალგაზრდა – ორი მათგანი – 79 წლისაა, ზოგიერთი, ალბათ, „ისტორიული სასამართლოს” დასასრულს ვერ მოესწრება. თუ სასამართლოს განაჩენი ძალიან მკაცრი იქნება ან ფარსად გადაიქცევა, ამან შეიძლება ქვეყანაში მყიფე წონასწორობა დაარღვიოს. კამბოჯაში არ მოიძებნება ოჯახი, რომელსაც „წითელი კჰმერების” დროს მნიშვნელოვანი დანაკარგი არ განუცდია. სავარაუდოდ, სასჯელი 5 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე იქნება, რადგან კამბოჯაში სიკვდილით დასჯა აკრძალულია. 

კომენტარები