ირანის სასამართლომ ქრისტიანი პასტორის სასიკვდილო განაჩენი გააუქმა

ირანის სასამართლომ ქრისტიანი პასტორის, იუსეფ ნადარხანის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება შეცვალა. ნადარხანს სასიკვდილო განაჩენი ისლამიდან ქრისტიანულ რელიგიაზე გადასვლისთვის გამოუტანეს. პასტორი, რომელმაც რელიგია თინეიჯერობის დროს შეიცვალა, 2009 წელს დააპატიმრეს.  32 წლის ნადარხანი სკოლებში ქრისტიანი მოსწავლეებისთვის მუსლიმური რელიგიის გაკვეთილებში მონაწილეობის იძულებას აპროტესტებდა. პასტორს სასამართლომ ძველი რწმენისგან განდგომის ბრალდებით სიკვდილი მიუსაჯა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სასიკვდილო განაჩენი ადამიანის უფლებათა დამცველებმა გააპროტესტეს, ირანის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა. სასამართლოს ახალი განაჩენის მიხედვით, ქრისტიანმა პასტორმა დანაშაული უნდა მოინანიოს. ისლამური კანონის მიხედვით, მონანიება ნიშნავს, რომ პასტორმა ბოდიში უნდა მოიხადოს და ქრისტიანული რელიგია დაგმოს.

ნადარხანის ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. იმ შემთხვევაში, თუ პასტორი ბოდიშის მოხდაზე უარს განაცხადებს, შესაძლოა, ირანის უზენაესმა სასამართლომ კვლავ პირველი განაჩენი დატოვოს ძალაში. 

კომენტარები