რატომ არ უნდა მივუჯდეთ ნასვამი საჭეს

 მსოფლიოს გზებზე ყოველწლიურად 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, 20-დან 50 მილიონამდე სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას იღებს. 15-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანებში კი, უბედური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევები დღესაც პირველ ადგილზეა. სიკვდილიანობის მიზეზებს შორის ავტოსაგზაო შემთხვევები მე-9 ადგილზეა. სამყაროს დასაწყისიდან დღემდე, დაავადებებთან ერთად უბედური შემთხვევებიც გვისწრაფავს სიცოცხლეს. სატრანსპორტო საშუალებებს ამაში განსაკუთრებული “წვლილი” შეაქვთ.

ძრავაზე მომუშავე საშუალებით გამოწვეული მსოფლიოში პირველი სატრანსპორტო შემთხვევა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, 1869 წელს მოხდა ირლანდიაში, ხოლო პირველი ავტოავარია, 1891 წელს ოჰაიოს შტატის ქალაქ ოჰაიოში მოხდა: ჯონ ლამბერტი თავისივე დაპატენტებული ერთცილინდრიანი, ბენზინზე მომუშავე მანქანით ხის ფესვს წამოედო და ბოძს შეეჯახა.

ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა,
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად „არ ღირს!”

ალკოჰოლური ზემოქმედების დროს საჭის მართვა საგრძნობლად ზრდის ისეთი შეჯახების ალბათობას, რომელიც სიკვდილს ან მძიმე ტრავმას გამოიწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ზრდასრული მძღოლებისთვის სისხლში ალკოჰოლის მაქსიმალურ დასაშვებ კონცენტრაციად 0.05 გ/დლ-ს მიიჩნევს, ასეთი ზღვარი კი მსოფლიოს ქვეყნების ნახევარსაც არ აქვს დაწესებული. საქართველოში ეს ზღვარი – 0.02 გ/დლ-ია.

საქართველოში 2010 წელს ნასვამობით გამოწვეული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა 32 601 (ეს რიცხვი 2008 წელს იყო 35 467, ხოლო 2009 წელს – 41 124); ამავე წელს რეგისტრირებულია 5099 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა 685, ხოლო დაშავდა 7650 ადამიანი.

საბედნიეროდ, გამკაცრებულმა კანონებმა, საქართველოს გზებზე მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა, მაგრამ ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო ჯერაც ბევრია.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, სხვადასხვა კერძო კომპანიებისა და საელჩოების ფინანსური მხარდაჭერით, ახალ სოციალურ-საგანმანათლებლო კამპანიას – „საჭესთან ფხიზლად!”/„Don’t Drink and Drive!” – მართავს (ნატახტარი, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ტოიოტა კავკასია). პროექტი, საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის – “Don’t Worry, Be Healthy!” – ფარგლებში ხორციელდება.

კამპანია ოფიციალურად 11 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის (UN Decade of Action for Road Safety 2011-2020) აღნიშვნის დღეს გაიხსნა. ის მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამით ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს.

მისასალმებელია, რომ მსგავსი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი საქართველოში ხორციელდება. კიდევ უფრო სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამისათვის საზოგადოებაში მზაობა შეინიშნება; ნათელ მაგალითად, წარმატებით განხორციელებული ღვედების კანონი შეგვიძლია მოვიყვანოთ.

კამპანიას – „საჭესთან ფხიზლად!” – მხარს უჭერენ ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის მხატვრული პერსონაჟები – ნიკა და ნუცა, რომელთაც მაყურებელი უკვე იცნობს კამპანიის სატელევიზიო ვიდეორგოლიდან. ისინი, კიდევ უფრო აქტიურად გამოჩნდებიან და ჩაერთვებიან სხვადასხვა ღონისძიებებში.

გამოსავალი არსებობს:

ნასვამობით გამოწვეული ავტო-საგზაო შემთხვევები, მხოლოდ ადამიანური დაუდევრობის შედეგია და მისი პრევენცირება შეიძლება. მათი თავიდან აცილება, რამდენიმე მარტივი წესის დამკვიდრებით, ძალიან ადვილად არის შესაძლებელი:

1) არ მივუჯდეთ ნასვამი საჭეს!

2) შევეცადოთ ალტერნატიული გზების მოძიებას: გამოვიძახოთ ტაქსი, გავისეირნოთ ფეხით, ვისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ.

3) ჩავჯდებოდი კი იმ თვითმფრინავში, რომლის პილოტიც ნასვამი
იქნებოდა? ან ნასვამ ადამიანს ჩვენს მანქანაზე დავსვამდით?
– რა თქმა უნდა, არა! მაშინ ჩვენ რატომ უნდა მივუჯდეთ
ნასვამი საჭეს?!

4) რა დროს ჯიბრია?!.. სიცოცხლესთან თამაში და ნასვამ
მდგომარეობაში მანქანის მართვა სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის ფასად “არ ღირს!”

5) პატრულის ჯარიმას შეიძლება 1-2 ან უფრო მეტჯერ
გადავურჩეთ, მაგრამ უბედურ შემთხვევას წინ
ვერაფერი დაუდგება.

ტაბულა მხარს უჭერს საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივას – “Don’t Worry, Be Healthy!”




კომენტარები